Accessibility links

logo-print

მოსკოვმა თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დაბომბვის ფაქტების შესწავლაში


5 სექტემბერს თბილისში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სამხედრო საჰაერო ძალების 20 ოფიცრისგან შემდგარი დელეგაციის სტუმრობას ელოდნენ,

მაგრამ ვიზიტი მოულოდნელად გადაიდო. რუსი სამხედრო სპეციალისტები თბილისში ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 23 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის დეტალების შესწავლას გეგმავენ. თუმცა კი ოფიციალური მოსკოვი წინასწარვე ირწმუნება, რომ პანკისის ხეობა რუსულ ავიაციას არ დაუბომბავს და რომ მასზე საჰაერო დარტყმა თვით საქართველოს საჰაერო ძალებმა განახორციელეს.

ოფიციალური მოსკოვი ყოველ ღონეს მიმართავს, რათა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი ქართულ მხარეს გადააბრალოს. ამ საინფორმაციო კამპანიაში რუს პოლიტიკოსებთან ერთად ჩაება საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული იგორ გიორგაძეც, რომელიც თავს რუსეთის ტერიტორიას აფარებს. გაზეთ „იზვესტიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგაძემ გადაჭრით განაცხადა, რომ პანკისის ხეობა საქართველომ დაბომბა და არა რუსეთმა. „ეს იყო შევარდნაძის მორიგი პროვოკაციაო,“ დასძინა საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რომლის ადგილსამყოფელსაც გაზეთი არ ახმაურებს.

უფრო ადრე, დაბომბვის მეორე დღესვე, ანალოგიური მინიშნებები გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა. მან „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მისია, რომელმაც რუსული ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი დაადასტურა, ჩეჩენი ტერორისტების ხელშეწყობაშიც კი დაადანაშაულა.

ოფიციალური მოსკოვი დაბომბვის ფაქტის შესწავლაში „ეუთოს“ ჩართვის წინააღმდეგაც გამოდის. ამ ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ ალექსეევმა განაცხადა: „თუ ეუთო და მისი საველე მისია მომავალშიც საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას მისცემს ამა თუ იმ სახელმწიფოს, ვიწრო ნაციონალური მიზნების, წუთიერი პოლიტიკური მოგებისა თუ პროპაგანდული ეფექტის მისაღწევად, მაშინ ჩვენი ორგანიზაციის მომავალი სათუო ხდებაო“.

ცხადია, რომ რუსეთი მესამე მხარის ჩარევის გარეშე ცდილობს, საქართველოსთან პრობლემები გაუხმაურებლად მოაგვაროს. ამით აიხსნება რუსეთის 20 კაციანი დელეგაციის საქართველოში ვიზიტიც.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება ორი ქვეყნის სამხედროების საქმიანობა, მისი შედეგები პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესაბამისად, უშიშროების სამინისტროს მიერ დაბომბვის ფაქტის გამოძიებაზე.

ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესში. საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის თემურ კვირკველიას განცხადებით, სწორედ
ამიტომ მიმართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თავის რუს კოლეგას თხოვნით, დაადგინონ დაბომბვაში დამნაშავე პირების ვინაობა.

[კვირკველიას ხმა] „თუ ეს სამხედრო ექსპერტები, რუსეთის წარმომადგენლები, რაიმე ინფორმაციას მოიპოვებენ, ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია მათ შეეძლოთ მოსკოვიდან გაუსვლელად მოეპოვებინათ, მათ უნდა გადასცენ იგი მაშინ რუსეთის გენერალურ პროკურატურას და რუსეთის გენერალური პროკურატურიდან კი ყველა ინფორმაცია იქნება მიღებული, მაგრამ გაზიარებული იქნება თუ არა, ეს უკვე გამოძიების კომპეტენციაა.”[სტილი დაცულია]

ამ გამოძიებას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ის ვერასდროს შეძლებს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე დამნაშავეთა მოძებნასა და დაკავებას. თუმცა, რომ არა გამოძიების დაწყება და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა, ოფიციალური მოსკოვი არად ჩააგდებდა ქართული მხარის განცხადებებს, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა. ახლა კი რუსი სამხედროების თბილისში ვიზიტით მოსკოვი ცდილობს წარმომადგენლობითი დელეგაციის ძალით დაარწმუნოს ქართული მხარე საკუთარ სიმართლეში. პარალელურად კი იმის დადგენაც სურს, მართლაც აქვს თუ არა ქართულ მხარეს დაბომბვის უტყუარი ნივთმტკიცებულებები. სავარაუდოა, რომ ყოველივე ამას შედეგად მოსკოვის პოლიტიკის კორექტირება მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG