Accessibility links

logo-print

შეიძლება თუ არა თბილისის მერის იმპიჩმენტი?


დავით პაიჭაძე, თბილისი ახალ პოლიტიკურ სეზონს ყოველი პარტია თავისებურად ხსნის და იწყებს: ნაციონალურმა მოძრაობამ ილიას მკვლელობის დღეს წიწამურს მიაშურა და ქვეყანას იქიდან აუწყა სამომავლო გეგმები,

გაერთიანებულმა დემოკრატებმა ხეები დარგეს და საზოგადოებას სიმბოლური ენით მიანიშნეს, რომ მომავალს ამთავითვე ეყრება საფუძველი; მოქალაქეთა კავშირი ოპერისა და ბალეტის თეატრში რიგგარეშე შეიკრიბა და ყველას აჩვენა, რომ რჩება მთავარ სახელისუფლო პარტიად; საქართველოს ლეიბორისტული პარტია კი პირველი იყო, ვინც კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯით დაიწყო ეს შემოდგომა: პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თბილისის მერის, ვანო ზოდელავას, გადაყენების მოთხოვნით გამოვიდა და განაცხადა, რომ მოახდენს მერის იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირებას. რამდენად რეალური და მიღწევადი მიზანია ზოდელავას ჩამოშორება ქალაქის თავობიდან?

5 სექტემბერს შალვა ნათელაშვილმა მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა თბილისის მერსა და საზოგადოებას. ლეიბორისტების ლიდერი ვანო ზოდელავას ადანაშაულებს უამრავ კორუფციულ სამართალდარღვევაში და გამოყოფს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მერის საქმიანობაში. ნათელაშვილი ცდილობს, წამოიწყოს მოქმედი მერის იმპიჩმენტის პროცედურა და მიაღწიოს ამ თანამდებობაზე პიროვნების არჩევითობას. ნათელაშვილი შეგვახსენებს თავისი პარტიის საარჩევნო ლოზუნგებს - “გავწმინდოთ ხელისუფლება მძარცველებისაგან”, “დავიწყოთ შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟი” და დასძენს [ნათელაშვილის ხმა]: “თუ დავსვამთ კითხვას დღეს, ეს ქალაქი ვისია – ეს ქალაქი არის შევარდნაძის, მისი კლანის და ვანო ზოდელავასი. შევარდნაძის სისტემის დემონტაჟი იქნება ცარიელი სიტყვები და ფუჭი დაპირება, თუ ჩვენ არ დავიწყებთ იმ ფიგურის გადაყენებით, რომელიც ამ სისტემას დარაჯობს. ეს ფიგურა გახლავთ ვანო ზოდელავა. ქალაქში გავრცელებული ყველა მანკიერება და უბედურება: კორუფცია, დატაცება, სასახლეების მშენებლობა, მიწების მითვისება და უკანონო პრივატიზაცია – ამ ყველაფრის ჭეშმარიტ სახეს წარმოადგენს ბატონი ქალაქის მერი”.

თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თემურ ჯიჯიაშვილმა, ჩემს კითხვას, შეუძლია თუ არა თბილისის საკრებულოს ქალაქის მერის გადაყენება, ასე უპასუხა [ჯიჯიაშვილის ხმა]: “თბილისის შესახებ კანონი ითვალისწინებს ასეთ პროცედურას, საკრებულოს აქვს ამის უფლება, მაგრამ ჯერ თავად საკრებულო არ არის უფლებამოსილი. ახალი საკრებულო არ მოსულა, ამიტომ ამ საკითხს ის ვერ დააყენებს. როცა სცნობენ ახალი საკრებულოს უფლებამოსილებას, მას შეუძლია პრეზიდენტის წინაშე დააყენოს საკითხი მერის იმპიჩმენტის შესახებ. ამ ეტაპზე მერს პრეზიდენტი ნიშნავს და მისი გათავისუფლების საკითხიც მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია”.

ამ რეალობას თვალს ნათელაშვილიც უსწორებს და პარტიის ინიციატივას მოკრძალებულად და ადეკვატურად უწოდებს წინასაიმპიჩმენტო პროცედურის დაწყებას. მთელი მისი პათოსი, უბრალოდ, ემოციურად აძლიერებს ნათქვამს, თორემ ნათელაშვილის შეტყობინებათა რეალური ადრესატი სულაც არ არის ვანო ზოდელავა. ლეიბორისტების ლიდერი ამ გამოწვევით ერთგვარ ტესტს სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებთან ერთად ლეიბორისტებს საკრებულოში ჯდომა მოუწევთ. წინასწარი გათვლით, ნათელაშვილს თბილისის საკრებულოში 12 დეპუტატი გაჰყავს, იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებისათვის საჭიროა 17 დეპუტატის თანხმობა, ხოლო საკრებულოს დონეზე მის პოზიტიურ გადაჭრას 33 წევრის ხმა ესაჭიროება. საკრებულოს ხმების დათვლა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ შალვა ნათელაშვილი ამთავითვე უსინჯავს კბილს მომავალ პარტნიორებსა თუ კონკურენტებს: ზოდელავასთან მიმართება შევარდნაძესთან მათი მიმართების ტოლფასი იქნება, ეს კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონკრეტული პარტიის ადგილს პოლიტიკურ კონფიგურაციაში.
XS
SM
MD
LG