Accessibility links

თავისუფლება ათწლიანი პატიმრობის შემდეგ – ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ


ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი დოკვაძემ და პეტრე გელბახიანმა ახალი ცხოვრება უნდა დაიწყონ. სასამართლომ ორივე ვადამდე გაათავისუფლა. ყოფილი პატიმრები,

რომლებსაც ზვიად გამსახურდიას მომხრეები პოლიტპატიმრებს უწოდებდნენ და რომლებმაც თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მომხდარი ტერაქტის გამო რამდენიმე წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში გაატარეს, თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს კი ბავშვებიც შეეწირნენ. მაშინდელმა ნგრევამ უსახლკაროდ არაერთი ოჯახი დატოვა. მაგრამ ვინ არის ამ ადამიანების მიმართ დამნაშავე? ამ შეკითხვას სასამართლომ პასუხი ვერც 10 წლის წინ გასცა და ვერც დღეს. უპასუხოდ რჩება თავად დოკვაძისა და გელბახიანის ახლობელთა შეკითხვაც: “ რისთვის დაისაჯნენ ეს ადამიანები? “

ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი სასამართლომ, ეგრეთ წოდებული, “უდოს” პრინციპით გაათავისუფლა: დოკვაძე – 4 სექტემბერს, გელბახიანი კი - 5 სექტემბერს. ორივე მათგანს მოხდილი ჰქონდა სასჯელის სამი მეოთხედი, სარგებლობდნენ კოლონიის ადმინისტრაციის დადებითი დახასიათებით და ვადაზე ადრე გათავისუფლებას ექვემდებარებოდნენ. აქვე განვმარტავ, რომ ირაკლი დოკვაძემ სასჯელის სამი მეოთხედი პეტრე გელბახიანზე ადრე ამოწურა. ვადაზე ადრე გათავისუფლება მან რამდენიმე თვის წინაც მოითხოვა, თუმცა - უშედეგოდ. როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენს, სასამართლომ მას უარი უთხრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები შიშობდნენ, რომ სასამართლო სექტემბერშიც ძველი ინსტრუქცით იხელმძღვანელებდა. ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. დოკვაძე და გელბახიანი ერთმანეთის მიყოლებით გათავისუფლდნენ. ორსავე შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ემოციები, ტაში ახლდა, თუმცა ტაშს სასამართლოს და მოსამართლეს არ უკრავდნენ. ყოფილი პატიმრების ახლობლები განმარტავდნენ, რომ სასამართლომ 10 წლის წინაც და დღესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და, კანონით კი არა, ედუარდ შევარდნაძის მითითებით იხელმძღვანელა.

[პეტრე გელბახიანის ხმა] “ამ ხალხს წლების განმავლობაში უმტკიცებდნენ, რომ მათი უბედურების მიზეზი არის პეტრე. მათი მდგომარეობა გასაგებია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ისინი სიმართლეს გაიგებენ. ამის დრო აუცილებლად მოვა.”


პეტრე გელბახიანიც და ირაკლი დოკვაძეც 10 წლის წინ დააპატიმრეს, თბილისში, ხილიანის ქუჩაზე, მომხდარი ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით. ორივეს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი, მიუსაჯეს. ამისთვის ხელისუფლებამ სპეციალური ნორმატიული აქტის მიღებით ისარგებლა, რაკი იმ დროს აღდგენილი 1921 წლის კონსტიტუცია სასჯელის უმაღლეს ზომას არ ცნობდა. გავიდა ხანი და ირაკლი დოკვაძეს და პეტრე გელბახიანს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, სასჯელის უმაღლესი ზომა 20 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. მერე და მერე კი პარლამენტის ეროვნული თანხმობის კომისიამ 40 – მდე მსჯავრდებულის საქმეში გადამეტებები აღმოაჩინა. დოკვაძისა და გელბახიანის შემთხვევაში ეს გადამეტებები სასამართლომაც დაადასტურა. მათ 20 წლიანი პატიმრობა 12 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდათ. ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი უარს ამბობდნენ შეწყალებაზე და, რომ არა სასამართლოს 4 და 5 სექტემბრის გადაწყვეტილებები, სასჯელის სრულ ვადას 2005 წელს მოიხდიდნენ.

[ვასიკო მაღლაფერიძის ხმა] “იყო ძალიან მძიმე დარღვევები როგორც პროკურატურის მხრიდან, ისე სასამართლოს მხრიდან. ასე რომ, ეს გარდაუვალი გზა იყო. მათ შეწყალებას აზრი არ ჰქონდა.”


“ასე რომ, სასამრთლოს სხვა გზა არ ჰქონდა,” - მიიჩნევს დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე. “ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და, იმავდროულად, კანონიერიც,“ -- ფიქრობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. რაც შეეხება სხვებს, სხვების აზრი რამდენიმე მიმართულებით იყოფა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელი ნემო ბურჭულაძე ამბობს, რომ ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი დამნაშავეები არ არიან, რომ, პირიქით, მათ მიმართ არიან დამნაშავეები.

[ნემო ბურჭულაძის ხმა] “მათი ერთადერთი დანაშული ის იყო, რომ სურდათ საქართველოს მმართველი არჩეული ხელისუფლება ყოფილიყო და არა თოფიანი შევარდნაძე. ისინი დიდი ხანია რეაბილიტირებულნი არიან. რეაბილიტაცია, ვფიქრობ, შევარდნაძეს დასჭირდება.”

თავისი, სრულიად გასაგები, აზრი აქვთ ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებს, რომელთა ნაწილიც დღემდე უსახლკაროდ რჩება.

[დაზარალებულის ხმა] “მაშინ, ვინ არის დამნაშავე, რომ 11 წელიწადია ასეთ მდგომარეობაში, ასეთ პირობებში ვცხოვრობთ?”

ამ ადამიანებს მკვეთრი და დამაჯერებელი პასუხი ვერც 10 წლის წინ გასცეს და ვერც დღეს. საზოგადოებამაც ვერ გაიგო, მიუძღვით თუ არა უკვე გათავისუფლებულებს ბრალი ტერაქტში, რომელსაც სრულიად უდანაშულო ადამიანები, მათ შორის, ბავშვები შეეწირნენ. 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ პეტრე გელბახიანი იტოვებს იმედს, რომ დაზარალებულებიც და სხვებიც მის უდანაშაულობას ირწმუნებენ. მაშ, ვინ აგებს პასუხს იმ 10 წელზე, რომელიც მას და ირაკლი დოკვაძეს მიუსაჯეს? აი, ასეთი უპასუხო შეკითხვა ახლავს 10 წლიან პროცესს, რომელიც მთაწმინდა- კრწანისის რაიონის სასამართლოში 5 სექტემბერს დასრულდა.

ედუარდ შევარდნაძის გრძელვადიანი მმართველობის პერიოდში ხანგრძლივი პატიმრობიდან გელბახიანების ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელიც გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG