Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში ერაყის საკითხზე კონგრესის ლიდერებს ეთათბირა


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს თეთრ სახლში, კონგრესის ორივე პალატის ლიდერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ შეეცდება კონგრესის თანხმობა და მოკავშირეთა მხარდაჭერა მიიღოს

ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. ბუშმა თქვა, რომ თავის არგუმენტებს ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ, 12 სექტემბერს გააცნობს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებს, ხოლო მომავალ კვირაში მოლაპარაკებას გამართავს ამ საკითხზე ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და კანადის ლიდერებთან.

”მე ჯერ შევახსენებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომ განვლილი 11 წლის მანძილზე სადამ ჰუსეინმა, ათასნაირი მაქინაციებით, თავი აარიდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომ ერაყში შეწყდებოდა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამა. ხოლო შემდეგ მოვუწოდებ მსოფლიოს, გააცნობიეროს, რომ ჰუსეინი გამოწვევას გვიცხადებს ყველას, როცა არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, 1991 წელს რომ იკისრა სპარსეთის ყურის ომში დამარცხების შემდეგ. სადამ ჰუსეინი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, მნიშვნელოვან პრობლემას. და შეერთებული შტატები ვალდებულია, მოაგვაროს ეს პრობლემა” – განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 18 წამყვანი რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენი ესწრებოდა, ბუშმა თქვა, რომ უმოქმედობა, როცა მსოფლიო სერიოზულ მუქარას დაუპირისპირდა, არაა გამოსავალი. დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა სენატში, ტომ დეშლმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტს მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლია ერაყის პრობლემის მოგვარება.

ხოლო წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა დიკ არმიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არაა დარწმუნებული ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების აუცილებლობაში.

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა, ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა დარტყმა მიაყენოს ერაყს. შრიოდერმა უარყო ბრიტანეთის მოწოდება, რომ ევროპის ქვეყნებმა ზეწოლა მოახდინონ ერაყზე. ”მეგობრობა იმას არ ნიშნავს, გააკეთო ის, რაც მეგობარს უნდა, მაშინაც კი, როცა სხვა აზრი გაგაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მორჩილება იქნება და არა მეგობრობა, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია” – განაცხადა გერჰარდ შრიოდერმა.

ამასობაში, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საგანგებო შეხვედრაზე ქაიროში, ხუთშაბათს ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ არაბული ქვეყნების ლიგა კატეგორიულად წინააღმდეგია ამერიკის ნებისმიერი სამხედრო ოპერაციისა ერაყში.
არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ და ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაჰმუდ ჰამუდმა განაცხადეს, რომ სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ მთელს არაბულ სამყაროს შეუქმნის საფრთხეს. იმავდროულად, ცალკეული არაბი ლიდერები მოუწოდებენ ერაყს, შეასრულოს გაეროს რეზოლუციები და დათანხმდეს განიარაღების საერთაშორისო კომისიის საქმიანობის განახლებას ერაყში. ხოლო ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ბაღდადში განაცხადა, რომ დათანხმდება ხსენებული კომისიის საქმიანობის განახლებაზე, თუ გაერო ერაყის წინააღმდეგ მოქმედ ეკონომიკურ სანქციებს გააუქმებს.
XS
SM
MD
LG