Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი თავდასხმას გადაურჩა


სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში სტუმრობისას, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გადაურჩა თავდასხმას, რომლის დროსაც დაიჭრა ყანდაარის გუბერნატორი და დაიღუპა დაცვის ერთი თანამშრომელი.

თვით თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. ოქროპირ რუხაძე ავღანეთში, 5 სექტემბერს მომხდარ სისხლიან თავდასხმებზე გიამბობთ. “თავდასხმებზე” იმიტომ, რომ იმავე დღეს ქაბულშიც მოხდა ტერაქტი, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.

“ბი-ბი-სის” კორესპონდენტებმა, რომლებიც ყანდაარში იმყოფებოდენენ და კარზაის იქ სტუმრობას ფირზე იღებდნენ, თავდასხმის აქტის დაფიქსირებაც შეძლეს. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მკვლელმა მოახერხა, ყანდაარის გუბერნატორის გულ აღა შერზაის მცველებს შორის ჩამდგარიყო და მანქანაში მყოფ კარზაის, რომელიც, მართალია, მანქანით, მაგრამ მაინც უცნაურად თამამად იყო მიახლოებული ხალხთან, სროლა აუტეხა. კარზაის დაცვამ, რომელიც შეერთებული შტატების არმიის საგანგებო შენაერთების მოსამსახურეებისგან შედგება, მკვლელი, როგორც შეიტყეთ, ადგილზევე დაცხრილა. კარზაის მანქანამ სასწრაფოდ დატოვა შემთხვევის ადგილი.

ყანდაარის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოხდა აფეთქება, რომელსაც უდანაშაულო ხალხი შეეწირა. თვითმხილველთა თანახმად, ხალხმრავალ სავაჭრო ქუჩაზე, ჯერ აფექდა მცირე ბომბი, რომელიც ველოსიპედზე იყო დამაგრებული; ხოლო როცა პოლიცია და ცნობისმოყვარენი ინციდენტის ადგილზე შეგროვდენენ, აფეთქდა უფრო დიდი ბომბი, რომელმაც მოკლა 26 და დააშავა 150 ადამიანი. მოგვიანებით საავადმყოფოებში კიდევ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

ეჭვი არავის ეპარება, რომ ავღანეთში ახლანდელ მთავრობასთან და უცხოეთის ჯართან დაპირისპირებული ძალები დაძლეული არ არის. განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ პუშტუნთა უმრავლესობას, რომლებიც წარმოადგენენ თალიბებისა და ალ-ყაიდის ბირთვსაც, თავიანთ ქვეყანაში ნაკლები გასაქანი აქვთ, ვიდრე ეგრეთ წოდებული “ჩრდილოეთის ალიანსის” – ტაჯიკთა, უზბეკთა და სხვათა – უმცირესობას, რომელიც უპირატესობით სარგებლობს და რომლის მხარდაჭერის გამო ჰამიდ კარზაის მოღალატედ მიიჩნევენ მისი თანამოძმე პუშტუნები. კიდევ ერთი: “ლოია ჯირგაში”, დიდ საბჭოში, პუშტუნებს, რომლებიც მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, ადგილების ერთ მეოთხედზე ნაკლები შეხვდათ. ამას გარდა, 23-წლიანმა ომმა ავღანეთი იმდენად შეცვალა, რომ ილუზიაა იმის ფიქრი, რომ ამ ქვეყანას უცბად მოევლება მხოლოდ ქაბულში საერთაშორისო ჯარის განთავსებით. ასე ფიქრობს ჰამბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი მუნირ აჰმედი.

მისი თქმით, ქაბული ისევეა გამოყოფილი ავღანეთისგან, როგორც თავის დროზე დასავლეთი ბერლინი იყო გამოყოფილი დანარჩენი გერმანიისგან. მას უცხოეთის ჯარი იცავს, მთავარი მოვლენები კი ამ დროს ყანდაარში ვითარდება.

ყანდაარში მომხდარი თავდასხმის კომენტარი ვთხოვეთ “რადიო თავისუფლების” ავღანური რედაქციის თანამშრომელს ჰაქიმ ბარის, რომელიც ეროვნებით პუშტუნია და მისი საუბარიც პაშტუზე ჩავიწერეთ:

ჰაქიმ ბარის ხმა “ავღანეთში ჯერ კიდევ მოქმედებენ შეფარულად თალიბები და ალ-ყაიდელები, რომლებიც სარგებლობენ სიტუაციით, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ინტენსიურად არ ეხმარება ავღანეთს, რომელსაც ყოველმხრივი ხელშეწყობა სჭირდება; მტრები ამბობენ: შეხედეთ, თქვენ ენდეთ ურჯულოებს, როცა დახმარება მხოლოდ ალაჰისგან შეიძლება მიიღოს ადამიანმაო. ასეთი განწყობილება ხალხში ვრცელდება და მას კარგად იყენებენ”.

თვითონ ჰამიდ კარზაი, მასზე წარუმატებელი თავდასხმის შემდგომ, ქაბულში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის ასეთ რამეს ყოველთვის ელოდა.

ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, ჯერ დადგენილი არ არის, დაკავშირებულია თუ არა ერთმანეთთან ქაბულსა და ყანდაარში მომხდარი თავდასხმები. ის კი დაადგინეს, რომ კარზაიზე თავდამსხმელი ეროვნებით პუშტუნი იყო, ჰელმანდის პროვინცის მკვიდრი.
XS
SM
MD
LG