Accessibility links

logo-print

მთავრობის როლი შესაძლო დესტაბილიზაციაში


იმ ჟურნალისტებმა, რომლებსაც ხშირად უხდებათ სახელმწიფო კანცელარიის მოხელეებთან პროფესიული ურთერთობა, კარგად იციან, როგორი შიშით ელის საქართველოს მთავრობა შესაძლო დესტაბილიზაციას.

მთავრობის წევრებს საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოუდგენიათ, მოძალადედ კი იმ პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს მიიჩნევენ, რომლებიც მოსახლეობას ამბოხისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში დესტაბილიზაციის მუქარა წლიდან წლამდე გრძელდება და მას ერთი მთავარი საფუძველი აქვს: პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლების მიღმა არიან დარჩენილი, ცდილობენ, არჩევნების გარეშე, მოსახლეობის ამბოხის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. არჩევნების გზა სტაბილური განვითარების გზაა, დესტაბილიზაცია კი – ხელისუფლების შეცვლის მცდელობაა არჩევნების გარეშე, არჩევნების გვერდის ავლით.

რა შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა მოინდომონ ხელისუფლებაში მოსვლა დესტაბილიზაციის გზით? თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მეამბოხე პოლიტიკურ ძალებს არჩევნების მოგების შანსი არ გააჩნიათ. შესაძლოა, ეს ასეც იყოს, ოღონდ, გარკვეული პირობით.

არჩევნების მოგებას სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა. ზუსტად ამგვარადვე, დესტაბილიზაციას სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა. უფრო მეტიც, არჩევნებში მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებ თავგანწირვას და რისკს მოითხოვს მოქალაქისგან, ვიდრე ხელისუფლებასთან საპროტესტო გამოსვლებით დაპირისპირება. ამიტომ, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა დესტაბილიზაციის მოსაწყობად, საფიქრებელია, რომ იგივე პოლიტიკური ძალა მიიღებს მოსახლეობის მხარდაჭერას არჩევნებშიც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ არჩევნებში მთავარი ბერკეტები ხელისუფლების ხელშია: ხელისუფლებას შეუძლია შედეგების არა მხოლოდ გაყალბება, არამედ - გაუქმებაც კი. მოსახლეობის ამბოხის შემთხვევაში კი მთავარი ბერკეტები პოლიტიკური ძალების ხელში გადადის და ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ ძალადობა, რაც ვითარების განმუხტვისთვის არ გამოდგება.

პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლების მიღმა არიან, მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანას საპროტესტო მოთხოვნებით შეძლებენ მხოლოდ ორი ფაქტორის დამთხვევის პირობებში. პირველი: თუ ხალხს მთავრობა აჩვენებს, რომ იგი სრულად უგულებელყოფს არჩევნების შედეგებს (რაც მოხდა თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით); და მეორე: თუ პოლიტიკური ძალები ხალხს დაარწმუნებენ, რომ მათ გაცილებით უკეთ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, ვიდრე ამჟამინდელ ხელისუფლებას.

ორივე პირობას მთავრობისკენ მივყავართ. დესტაბილიზაცია გაძნელდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოსახლეობას ექნება რწმენა, რომ იგი არჩევნების გზით შეცვლის მისთვის არასასურველ ხელისუფლებას; დესტაბილიზაციის მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება იმ შემთხვევაშიც, თუ მთავრობა დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ იგი ნდობას იმსახურებს.

დღევანდელ რეალობაში მოსახლეობა ხედავს, რომ სამი თვის წინ არჩეულ თბილისის საკრებულოს საქმიანობის დაწყების საშუალება არ ეძლევა; მეორე მხრივ, მოსახლეობა ხედავს, რომ მინისტრები იცვლებიან, მთავრობის საქმიანობა კი უიმედო რჩება. ამ პირობებში, სავარაუდო დესტაბილიზაციაში მთავრობის როლი მეორეხარისხოვანი ვერც იქნება და არც არის.
XS
SM
MD
LG