Accessibility links

logo-print

რატომ დაკარგა ტემპი ანტიკორუფციულმა საბჭომ?


ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სავარძელს ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციის შემდეგ გამოეთხოვნენ, მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებული კობა ბუჩუკური და

კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი ბადრი ხატიძე იყვნენ. მაგრამ ანტიკორუფციული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მირიან გოგიაშვილის ფინანსთა მინისტრად გახდომის შემდეგ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად სახელდებულმა სტრუქტურამ მუშაობის ტემპი, აშკარად, დაკარგა. საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, თუ რა ბედი ეწია ანტიკორუფციული საბჭოს იმ ათობით რეკომენდაციას, რომლითაც ხელისუფლება კორუფციული ვირუსისგან თვითგანწმენდას აპირებდა.

მოახლოებულმა ზამთარმა, ენერგეტიკულმა პრობლემებმა და მესამე კვარტლის ბოლოს ბიუჯეტის 12 მილიონი ლარით გარღვევამ საქართველოხ ხელისუფლებას კვლავ მწვავედ შეახსენა ქვეყანაში არსებული კორუფციის პრობლემა. მთავრობის ბოლო სხდომაზე კი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში, შესაძლოა, სულ მალე კორუფციის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ბრძოლა გამოცხადდეს. სამიზნეც წინასწარ შეირჩა - სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო და მისი თავკაცი. სახელმწიფო მინისტრისა და პრეზიდენტის კრიტიკული გამოსვლის შემდეგ დავით მირცხულავას მინისტრობის დღეები დათვლილი ჩანდა. წესით, ამ დავალების შესრულება სრულიადაც არ უნდა გასჭირვებოდა საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს, რომელმაც ინტერესთა კონფლიქტში შემჩნეული და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან ათვალწუნებული თანამდებობის პირების მოხსნის ტექნოლოგიას საკმაოდ კარგად აუღო ალღო. მაგრამ სრულიად მოულოდნელად აქცენტი შეიცვალა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კახა უგულავას ყურადღების ცენტრში მოექცა ქონების მართვის სამინისტრო, რომელსაც პარასკევს ანტიკორუფციონელებმა მკაცრად შეახსენეს, რომ 1) სახელმწიფო წილებისა და აქციების სამართავად უნდა შეიქმნას სააქციო საზოგადოება(ჰოლდინგი) და 2) ქონების მართვის სამინისტრო, დეპარტამენტის სახით, უნდა შეერწყას ფინანსთა სამინისტროს.
[კახა უგულავას ხმა] "მოსახლეობისთვის ეს იქნება მეორე მოგება, რასაც ნახავს, რომ ეს გამარტივდება უფრო, ნაკლები მჭამელი იქნება იგივე სახელმწიფოში. როდესაც მე ვიხდი გადასახადს, მე ვიცი, რომ ის უნდა გამოყენებული იქნეს ეფექტურად და არა უზომოდ დიდი ბიუროკრატიის შესანახად. და მერე, დამერწმუნებით, ალბათ, რომ საქმის კეთებისთვის ოცი კაცი უფრო მეტ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე მთელი სამინისტრო, თუ იგივე ბიუჯეტი გადმონაწილდება აქეთ."[სტილი დაცულია]

მაშ ასე, ანტიკორუფციული ბიუროს ამ რეკომენდაციის უკან დგას პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის ნება, პროექტს მხარს უჭერს ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი, დაბოლოს, თუ კახა უგულავას დავუჯერებთ, ეს რეკომენდაცია მომგებიანი იქნება ხალხისთვის, რომელსაც აღარ მოუწევს გაბერილი ბიუროკრატიული აპარატის შენახვა. იერარქიულად და ლოგიკურად აქ ყველაფერი გარკვეულია და ქონების მართვის მინისტრ სოლომონ პავლიაშვილსაც არ უცდია გაეპროტესტებინა უზენაესთა ნება.

თუმცა არსებობს სერიოზული შეკითხვები რეკომენდაციის ავტორთა მიმართ. კერძოდ, რამდენად მიზანშეწონილია, ფინანსური თვალსაზრისით, ქონების მართვის დეპარტამენტის ინტეგრაცია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რომელმაც უკვე დაიქვემდებარა ორი მსხვილი კორუმპირებული სტრუქტურა - საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და საბაჟო დეპარტამენტი, სადაც, კორუფციის თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა? ან, ამ ყველაფერთან ერთად, 1233 შეზღუდული პასუხისმგებლობისა და 158 სააქციო საზოგადოების გადაცემით, ხომ არ არსებობს იმის საშიშროება, რომ თავად ფინანსთა სამინისტრო გადაიქცეს "სახელმწიფოდ სახელმწიფოში", რომლის სისტემური დემონტაჟიც შემდეგში ახალ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული? ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს სათავეში ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, სუფთა რეპუტაციის მირიან გოგიაშვილი იმყოფება, სამწუხაროდ, ბევრს არაფერს ნიშნავს. კორუფციული სისტემა საქართველოში მაშინაც გამართულად მუშაობს, როდესაც მის სათავეში სუფთა ბიოგრაფიის ადმიანები იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG