Accessibility links

ამერიკა-ერაყის დაპირისპირება


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტმა ბუშმა აქტიური კამპანია გააჩაღა ამერიკელი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დასარწმუნებლად, რომ აუცილებელია ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დამხობა.

მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ამ ფრონტზე ჯორჯ ბუშს, მეტად რთული ბრძოლა ელის. მრავალმა ამერიკელმა კანონმდებელმა, ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირემ და არაბმა ლიდერმა საჯაროდ განაცხადა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივი სამხედრო აქციის მომხრეა, მაშინ, როცა სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს მიაჩნია, რომ სამხედრო ძალის გამოყენებამდე ერაყში საქმიანობა უნდა განაახლოს გაეროს განიარაღების კომისიამ.

12 სექტემბერს, ნიუ იორკში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ბუში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებს გააცნობს თავის პოზიციას ერაყთან მიმართებაში. ბუშის აზრით, გაერომ საკუთარი რეპუტაცია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, როცა ვერ აიძულა ერაყი, შეესრულებინა უშიშროების საბჭოს რეზოლუციები და სადამ ჰუსეინს შესაძლებლობა მისცა, გაეგრძელებინა ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება.

ხუთშაბათს, კენტუკის შტატში სიტყვით გამოსვლისას, ბუშმა განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ სადამ ჰუსეინი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას, მანვე შეიარაღებული ინტერვენცია განახორციელა კუვეიტსა და ირანში, ხოლო ქურთებისა და ირანელების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ჯორჯ ბუშმა განაცხადა, აგრეთვე, რომ შეეცდება დაარწმუნოს საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები, რომ გაუმართლებელია ამგვარი მუქარის შემდგომი უგულებელყოფა: მე მათ შევახსენებ, რომ ისტორია ქმედებისკენ მოგვიწოდებსო, თქვა ბუშმა. [ჯორჯ ბუშის ხმა]
საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის თანადგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სამივე, როგორც მუდმივი წევრი, ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, ვეტოს უფლებით სარგებლობს უშიშროების საბჭოში.
ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი ამზადებენ პროექტს ახალი რეზოლუციისა, რომელიც უკანასკნელად გააფრთხილებს ერაყს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაუშვას ქვეყანაში განიარაღების ექპერტთა საქმიანობის განახლება.
რაც შეეხება ახალი რეზოლუციის პროექტს, მისი ტექსტის შედგენა გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული. ერაყში გაეროს განიარაღების კომისიის საქმიანობის განაახლების სანაცვლოდ ბაღდადი მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას მოითხოვს. ხოლო ჯორჯ ბუში, განიარაღების ექსპერტთა დაბრუნებასთან ერთად, ერაყში ამჟამინდელი რეჟიმის დამხობის მომხრეა. ამასობაში, თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ ჯერაც არ არის მიღებული.
XS
SM
MD
LG