Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოხმაურება ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ის ცნობაზე 11 სექტემბრის ტერაქტების “ქართული კვალის” აღმოჩენის შესახებ


როგორც უკვე ვიუწყებოდით, რუსული მასმედია ფართოდ გამოეხმაურა ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის მიერ 4 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას 11 სექტემბრის ტერაქტებში ”ქართული კვალის”

აღმოჩენის შესახებ. ამ გამოხმაურებას დღეს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, ოღონდ ჯერ მოკლედ გაგაცნობთ სიბიესის ცნობას: ”11 სექტემბერს ვაშინგტონში” ადგილობრივი დროით 9:53 საათზე, ანუ 15 წუთში მას შემდეგ, რაც გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს დაეცა, ხოლო თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, დაჭრილების დახმარებით იყო დაკავებული, ეროვნული უშიშროების სააგენტომ მიაკვლია სატელეფონო საუბარს ავღანეთსა და საქართველოს შორის. ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი მებრძოლი საქართველოში მყოფ პირს ატყობინებდა, რომ ”შეიტყო სასიხარულო სიახლე”. მანვე მოიხსენია მორიგი სამიზნე - სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა სულ მალე პენსილვანიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს.”

CBS-ით გავრცელებულ ცნობას დამაჯერებლობა არ აკლია. დამაჯერებელია თუნდაც ცნობაში მოყვანილი დეტალები: სატელეფონო საუბრის ზუსტი დრო, რამსფელდის რეაქცია (თავდაპირველად სკეპტიკური დამოკიდებულება სატელეფონო საუბრის მნიშვნელობის მიმართ, რომელიც მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილებამ, გამოძიების საგანი გამხდარიყო ტერაქტებზე ნებისმიერი მინიშნება). მაგრამ საგულისხმოა, რომ სიბიესის ცნობაში ლაპარაკი არ არის ”ქართულ კვალზე” – სიტყვების ეს წყვილი, რომელიც აშკარად უარყოფით ასოციაციას იწვევს, რუსეთისულ საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა. ხოლო რუსული ელექტრონული მედიის წარმომადგენელს, ”გლობალრუს”-ს ასეთი დასკვნაც კი გამოაქვს: ”CBS-ის ცნობა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ამერიკაში არ აპირებენ საქართველოს მიჩნევს რუსეთის იმპერიული ამბიციების მსხვერპლად. ასეა თუ ისე, საინფორმაციო ომში რუსეთმა ინიციატივა ჩამოართვა საქართველოსო,” ვკითხულობთ ”გლობალრუს”-ში.

ძნელი სათქმელია, როგორ მიაკვლიეს რუსმა ჟურნალისტებმა ამ აზრს CBS-ის ცნობაში... რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ამ ცნობაში მართლაც არის მოყვანილი, უნდა ითქვას, რომ ოფიციალური თბილისი მას არ უარყოფს. როგორც გუშინ იუწყებოდა ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, თამარ ჩიქოვანი, საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომელს არ გამოურიცხავს, რომ სატელეფონო საუბარი ავღანეთსა და საქართველოში მყოფ პირს შორის, შესაძლოა, მართლაც შემდგარიყო: ქართული სპეცსამსახური ხომ აღიარებს პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” წევრების ყოფნას. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი, კახა იმნაძე ფიქრობს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების ”ქართული კვალი” რომ არსებობდეს კიდეც, ეს არ დაძაბავს თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს.

უნდა ითქვას, რომ იმნაძის იმედი გამართლებულია: 2001 წლის 11 სექტემბრიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა ერთ-ერთმა ყველაზე ცხელმა კვალმა გამოძიება გერმანიამდე მიიყვანა. როგორც გაირკვა, ტერაქტების რამდენიმე მონაწილე 11 სექტემბრამდე ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობდა. დეკემბერში გერმანიაში მათი ერთ-ერთი თანაშემწე შეიპყრეს: მას მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული.

ასე რომ, თუ რუსეთის მასმედიის მიზანი ”ქართული კვალის” აღმოჩენაზე გამოხმაურებისას მართლაც არის, როგორც ზოგიერთი ვარაუდობს, საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტება, ეს ძალისხმევა მარცხისთვისაა განწირული: ჰამბურგი, იქ რამდენიმე ტერორისტის ყოფნის გამო ტერორისტების ბუდედ არ გამოუცხადებით და არც გერმანიის მთავრობა შეურაცხავთ ტერორისტების მოკავშირედ. ის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოკავშირედ რჩება.
XS
SM
MD
LG