Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

451-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 451-ე გამოშვება.

ძვირფასო რადიომსმენელებო ახლა მეათე სტუდიაში გეპატიჟებით. 6 სექტემბერი ”რესპუბლიკა იჩკერიის” დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა და ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დაწვრილებით ვისაუბრებთ ჩეჩნეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ჩეჩნების დამოკიდებულებაზე პანკისის პრობლემის მიმართ, გაგაცნობთ ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ახმედ ზაკაევის, აგრეთვე ცნობილი ჟურნალისტის, ანდრეი ბაბიცკის მოსაზრებებს. დღეს შევეხებით აგრეთვე საქართველოსა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ურთიერთობების რამდენიმე ასპექტს, გაგაცნობთ ახალ ფაქტებს, რომლებიც უკავშირდება ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტის გახმაურებულ მკვლელობას. მეათე სტუდიის ბოლოს კი გამოვეხმაურებით ლეგენდარული ჯაზ-მუსიკოსის – ლაიონელ ჰემპტონის გარდაცვალებას. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

პანკისის ხეობა და ჩეჩნები

მარიამ ჭიაურელი:
მართალია, პანკისის ხეობა ჟურნალისტებისთვის ჩაკეტილია იქ მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის გამო, მაგრამ პანკისის პრობლემა კვლავაც რჩება მსოფლიო მასმედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. მიუხედავად ამისა, არასათანადოდ შუქდება ჩეჩენ მეამბოხეთა პოზიცია პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რას ნიშნავს იქ დაწყებული ოპერაცია ჩეჩენი სეპარატისტებისთვის და რა როლი შეიძლება ითამაშონ მათ საქართველო-რუსეთის გართულებულ ურთიერთობაში. ბიძინა რამიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის ვიცე-პრეზიდენტს აჰმედ ზაკაევს.

ზაკაევი:
”რა თქმა უნდა, ამ ხეობაში კრიმინოგენური ვითარება ოდნავ განსხვავდება საქართველოს სხვა რეგიონებისგან და, ბუნებრივია, მასხადოვის მთავრობა მიესალმა საქართველოს ხელმძღვანელობის უკანასკნელ ნაბიჯებს. თავდა მასხადოვმა განაცხადა, რომ მიასალმება ედუარდ შევარდნაძის ენგერგიულ მოქმედებას პანკისის ხეობის სტაბილიზაციისთვის”.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ რესპუბლიკა იჩკერიის ვიცე-პრეზდენტი აჰმედ ზაკაევი. ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხებოდა პანკისის პრობლემის ძირებს. რამ გამოიწვია ის, რომ ეს პატარა ხეობა ამხელა პრობლემად იქცა მთელი რეგიონის მასშტაბით.

ზაკაევი:
”პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას რაც შეეხება, აუცილებელია მისი განხილვა არა ცალკე, არამედ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების კონტექტსში. რუსები ახერხებენ მიჩქმალონ ვითარება ჩეჩნეთის რესპუბლიკის შიგნით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების იზოლაციით. ის, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება, ამის დამალვა შეუძლებელია. ამის გამო წარმოიშვა დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის”... ამის შედეგია, ამ ღონისძიებების შედეგია პუტინის დღევანდელი წერილი შევარდნაძის მიმართ იმის შესახებ, რომ რუსეთი ვერ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფების მშვიდობიანი გზით განდევნას. ”კონტრტერორისტული ოპერაცია”, რომელიც ჩეჩნეთში დაიწყეს, ოთხი წელი გრძელდება. 200 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა. ამგვარი მოვლენების ფონზე დღეს საქართველოს ხელმძღვანელო ატარებს ანტიკრიმინალურ ოპერაციას და არ არის არც სისხლისღვრა, ადგილი არა აქვს ექსცესებს. არ არის შეტაკებები. რუსეთი ვერ ეგუება, რომ ასე უსისხლოდ, მშვიდობიანად შეიძლება მოგვარება პანკისის პრობლემისა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების, რუსეთის მასმედიის მიერ მზადდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში”.

ბიძინა რამიშვილი:
ბატონ ზაკაევს აფხაზეთის კონფლიქტისა და მასში ჩეჩენთა როლის შესახებაც ვესაუბრე.

ზაკაევი:
დარწმუნებული ვარ, რომ თავდაპირველად ამ კონფლიქტის სათავესთან იდგნენ რუსეთის სპეცსამსახურები. დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არ იქნება ნეიტრალიზებული ამ პრობლემაში რუსეთის ჩარევა, ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება”. მაგრამ როგორც კი რუსეთი უარს იტყვის თავის პოვოკაციულ იმპერიულ ამბიციებზე და უარს იტყვის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე, ეს პრობლემა მოგვარდება როგორც აფხაზების, ისე ქართველების სასიკეთოდ. მანამდე ამ თემაზე განუწყვეტლივ იქნება პოლიტიკური სპეკულაციები და ინტრიგები და ეს სტაბილურობას ვერ მოიტანს... თუკი აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალები გაყვანილ იქნება, ანდა იქ შეყვანილ იქნება სხვა კონტინგენტი, ოღონდ არა მხოლოდ რუსეთის არმიისა, ეს პრობლემა მოგვარდება.”

ბიძინა რამიშვილი:
ამასთან, ზაკაევმა ეთგვარი მობოდიშებით დასძინა, რომ ჩეჩნებს ამჯერად დადებითი როლის თამაში შეუძლიათ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ჩვენი რადიოს ექსპერტი ჩეჩნეთის საკითხებში, ანდრეი ბაბიცკი. მისი აზრით, ჯობია ჩეჩნები არ ჩაერიონ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, ვინაიდან ისინი არ გამოირჩევიან დიპლომატიის კარგი უნარით. რაც შეეხება პანკისის ხეობას, ბაბიცკის აზრით, ჩეჩნების პოზიციის ერთმნიშნველოვნად განსაზღვრა იოლი არ არის.

ბაბიცკი: ”იცით, მე მგონი, რამდენიმე პოზიცია არსებობს. არის ასლან მასხადოვის პოზიცია, რომელიც არაერთხელ ეცადა, გელაევი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დაებრუნებინა. არის პოზიცია ჩეჩენი ლტოლვილებისა, რომლებსაც საშუალება მიეცათ, საქართველოს ტერიტორიისთვის შეეფარებინათ თავი და რომლებიც, ჩემის აზრით, დღემდე მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი ღრმა კეთილშობილების ჟესტია. არის ალბათ ამ პროლემის კიდევ ერთი ასპექტი – შევარდნაძის და გელაევის სიახლოვე”.

ბიძინა რამიშვილი:
ბაბიცკის აზრით, მთლად ნათელი არ არის, რას მოუტანს საქართველოს ანტიტერორისტული ოპერაცია, თუმცა თავისთავად მისი დაწყება მისასალმებელია არაერთი თვალსაზრისით.

ბაბიცკი:
”იცით, აქ, საზოგადოდ, ძალიან წინააღმდეგობრივი სურათია. ერთი მხრივ, ჩემის აზრით, ოფიციალური თბილისი დღეს ვერ მისცემს თავს პანკისის ხეობაში იმის გატარების უფლებას, რასაც რუსეთში ”წმენდის” ოპერაციებს უწოდებენ. არა მარტო ჩეჩენი ლტოლვილებისა და მეომრების არსებობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ოფიციალური თბილისი საკმაოდ სუსტია საიმისოდ, რომ პროვინციული ეთნიკური მაფიების კონტროლი შეძლოს”.

ბიძინა რამიშვილი:
ჩემი მოსაუბრის აზრით, თბილისს ერთი მხრივ, სჭირდება იმის ჩვენება, რომ პანკისის ხეობაში ვითარების სრული გაკონტროლება თუ არ შეუძლია, იმის დემონსტრირებას მაინც ახერხებს, რომ თავის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებს. მეორე მხრივ, სავარაუდოა, რომ სხვა, უფრო რადიკალურ ნაბიჯებს, უფრო მეტი წარმატება არ ექნებოდა. როცა პანკისზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დასავლეთის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების როლი ამ რეგიოში რუსეთის ამბიციების შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს.

ბაბიცკი:
”ჩემის აზრით, დასავლეთი და ამერიკა მომავალშიც არ მიატოვებენ საქართველოს. აქ, რა თქმა უნდა, პუტინი დგება ძალიან რთული არჩევანის წინაშე. ან საქართველოზე ზეწოლის გაგრძელება და ამგვარად დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინისთვის. პრეზიდენტისა, რომელიც მთელი ძალით ცდილობს დასავლეთის მიმართულებით რუსეთის წაყვანას. ანდა მეორეა კონფლიქტის მოგვარების უფრო რბილი გზების გამოძებნა. მე ვფიქრობ, რუსეთში, მათ შორის კრემლში, გაცნობიერებული აქვთ, რომ პანკისში არსებული ჩეჩნები არავითარ სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენენ რუსეთისთვის. ჩეჩნები პანკისში კარგი კოზირია რუსეთის ხელში საქართველოზე ზეწოლისთვის. მაგრამ, გამოგიტყდებით, არ მესმის, რა სურს რუსეთს საქართველოსგან”.

მარიამ ჭიაურელი:
ჩვენი რადიოს თანამშრომლის, ანდრეი ბაბიცკის სიტყვებით დამთავრდა ბიძინა რამიშვილის მიერ მომზადებული მასალა პანკისის პრობლემისადმი ჩეჩენი მეამბოხეების დამოკიდებულებაზე. შეგახსენებთ, რომ ანდრეი ბაბიცკის ძვირად დაუჯდა ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ოპერაციის გარიტიკება ძვირად დაუჯდა: 2000 წლის დასაწყისში ის თვეზე მეტი ხანი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ქართული წარმოშობის უკრაინელ ჟურნალისტს, გიორგი ღონღაძეს კი ხელისუფლების გაკრიტიკება სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მის გახმაურებულ მკვლელობაზე დაახლოებით 10 წუთში გიამბობთ.

მუსიკა

საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი

მარიამ ჭიაურელი:
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავების ფონზე მეტ აქტუალობას იძენს საკითხი, თუ რამდენად მჭიდროდ არის მიბმული
საქართველოს ეკონომიკა ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკაზე. მნიშვნელოვანია ისიც, ხომ არ აისახა ურთიერთობის დაძაბვა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მართალია, ეკონომიკურ ექსპერტებს ერთგვარად განსხვავებული პოზიცია უკავიათ აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც იმედოვნებენ, რომ საბაზრო ეკონომიკის კანონები მთავარ როლს შეასრულებენ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობაში. აღნიშნული თემის ზოგიერთ ასპექტზე გიორგი კაკაბაძე გესაუბრებათ.

გიორგი კაკაბაძე:

ეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა რუსეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებს უკავშირდება. ყველაზე მინიმალური გათვლებით, დღეს რუსეთში 600 ათასი ადამიანი მუშაობს. ისინი ყოველთვიურად დაახლოებით 100-დოლარს უგზავნიან თავის ოჯახებს საქართველოში. ამდენად, 60 მილიონი დოლარის ტოლი თანხა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ბრუნავს და ქვეყნის ეკნომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად განაპირობებს.

საინტერესოა, რომ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის აზრით, საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მუშაობის ფაქტი, უპირველესად, რუსეთის ეკონომიკის გაძძლიერებას ემსახურება. [გოცირიძის ხმა] “ეს ადამიანები სოციალურად დაუცველები არიან, მათ წინაშე სახელმწიფოს არავითარი ვალდებულებები არ აქვს, არც პენსიას აძლევენ, არც სამედიცინო დაზღვევა აქვთ, ფაქტობრივად, მონურ შრომას ეწევიან და დიდ სიმდიდრეს ქნიან რუსეთის ტერიტორიაზე”.

ამიტომ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების შესაძლო გაძევება, რის შესახებაც რუსეთის ულტრარადიკალურ წრეებში საუბრობენ ზოგჯერ, რომან გოცირიძეს აბსოლუტურად არარეალურად ეჩვენება.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს. რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს პროდუქციის გასაღების სერიოზულ ბაზარს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე, ნიკო ორველაშვილი ამბობს: [ორველაშვილის ხმა] “წარმოიდგინეთ ერთბაშად რომ გადავუკეტოთ რუსეთის გასაღების ბაზრები ჩვენს ძირითად ექსპორტიორებს. ეს პროდუქცია დარჩება სათანადო რეალიზაციის გარეშე, ჩვენი ბიზნესმენები იძულებულები გახდებიან, რომ სამუშაო ადგილები შეკვეცონ, გაგვეზრდება უმუშევრობის მაჩვენებელები და, შესაბამისად, გაიზრდება იმ პირთა წრე, რომლებიც ხვალიდან, შეიძლება, სოციალური დესტაბილიზაციის მონაწილენი გახდნენ”.

რომან გოცირიძის შეფასებით კი, ამგვარი მოვლენები საქართველოს არ ემუქრება და არც ასეთ პროცესს აქვს ადგილი, რადგან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც საკმაოდ ძლიერად იკიდებს ფეხს რუსეთში, წარმატებით უპირისპირდება რუსეთის პოლიტიკოსთა ავანტიურისტულ მისწრაფებებს.

ახლა კი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ექსპერტები ეკონომიკის სტრატეგიულ დარგში – ენერგეტიკაში არსებულ მდგომარეობაზე. ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ საქართველო პრაქტიკულად მიბმულია რუსეთის გაზზე და უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში სხვა ალტერნატივა არ ჩანს.

რომან გოცირიძის აზრით, როგორადაც უნდა იყოს მართული ენერგეტიკული კომპანია “იტერა” რუსეთის ხელისუფლების მიერ, კომერციული ინტერესები მაინც თავისას გაიტანს. მისი თქმით, სულ სხვა საკითხია, რომ “იტერასთან” დაკავშირებით შექმნილი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
რაც შეეხება რუსეთის ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი ენერგეტიკული ბლოკადით დაემუქრება საქართველოს. რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაცილებით უფრო მძიმე პერიოდებიც არსებობდა, მაგრამ არც ასეთ ვითარებაში მიუღია რუსეთს ეკონომიკური სანქციები? საქართველოს წინააღმდეგ, [გოცირიძის ხმა] “იმიტომ, რომ რუსეთს ძალიან დიდი ინტერესები აქვს საქართველოს მიმართ და საპასუხო ბლოკადის შემთხვევაში გაცილებით დიდ ზიანი მიადგება. თუნდაც, რად ღირს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფორპოსტი კავკასიაში – სომხეთი, ფაქტობრივად მოწყვეტილია გარე სამყაროს და საქართველოს ტერიტორიის გარეშე რუსეთი ვერ შეძლბს საკუთარი სამხედრო ბაზების მომარაგებას”.

საერთოდ კი ეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ როგორც წმინდა პოლიტიკის, ისე ეკონომიკის სფეროში საქართველოს ხელისუფლება არათანამიმდევრულად მოქმედებს, რაც ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის საერთო მდგომარეობაზე, არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი

მუსიკა

ქართულ-ებრაული ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი

მარიამ ჭიაურელი:
რუსეთისაგან განსხვავებით, ისრაელთან საქართველოს ურთიერთობები სტაბილურობით და ერთმანეთისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევა. დღეს ამ ურთიერთობებზე მსჯელობის მიზეზია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 4 სექტემბერს გახსნილი ფოტოგამოფენა, რომელიც თბილისში ისრაელის საელჩოს მიერ არის ორგანიზებული და 20 სექტემბრამდე გასტანს. ის უკვე მესამეა ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე. ისრაელის საელჩომ გამოფენა დაამთხვია ებრაულ ახალ წელიწადს, რომელიც 6 სექტემბერს დაიწყო. გამოფენა, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩავიდა, დაათვალიერა ჩვენმა თანამშრომელმა დავით პაიჭაძემ, და მას თბილისში ისრაელის კონსულ ჰარი კლეიმანთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა.

დავით პაიჭაძე:
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილ ფოტოსურათებს ერთი ავტორი ჰყავს – დაბი ტალი, ფოტოგრაფი-პეიზაჟისტი, მაგრამ ექსპოზიცია მაინც ორი ადამიანის ერთობლივი მუშაობის ნაყოფია: მისი და მონი ჰარამატის. ორივე ოდესღაც სამხედრო მფრინავი იყო და ისრაელის სამხედრო-საჰაერო ფლოტში მსახურობდა. დღეს ერთი პროფესიონალი ფოტოგრაფია, მეორე კი მართავს ვერტმფრენს, საიდანაც მისი მეწყვილე სურათებს იღებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ორმოცივე სურათი სწორედ აეროფოტოგადაღების შედეგია. ავტორთა პროფესიული წარსულისა და ახლო აღმოსავლეთში დღეს არსებული ვითარების მიუხედავად ვერც ერთ სურათზე ომისა და კონფლიქტის კვალს ვერ აღმოაჩენთ. პირიქით, მთელი გამოფენა ვიზუალური ინფორმაციაა მშვიდობიანი და განვითარებული ისრაელის შესახებ, რომელიც მარადიულ ხედებს, ორი ათეული საუკუნის წინანდელ რეალიებსა და უკანასკნელი 50 წლის მიღწევებს ანივთებს ერთმანეთთან. აქვე დავძენ, რომ შესრულების ხარისხის თვალსაზრისით სურათები, უბრალოდ, უნაკლოა. ამასთან, დიდი ზომის: მათი უმეტესობის ფართობი ნახევარ კვადრატულ მეტრს აღემატება.

გამოფენის მიზანსა და კონცეფციაზე მე გავესაუბრე ისრაელის კონსულს თბილისში ჰარი კლეიმანს, რომელმაც შთაბეჭდილებებიც გამიზიარა [კლეიმანის ხმა]:

“პრინციპში ეს არის არამომგებიანი ინიციატივა. გამოფენის მიზანი მნახველისათვის ისრაელის გაცნობაა. მეც თქვენთან ერთად პირველად ვეცნობი გამოფენას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი კონცეფციაა, ისრაელის, როგორც კონტრასტების ქვეყნის წარმოჩენა. აი, შეხედეთ იერუსალიმს, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნო აკრავს, ჩრდილო-დასავლეთით კი – ტყეები. ან კიდევ უდაბნო და ზღვა, უდაბნო და თოვლი ერთად. მე ასე ვხედავ, ვიღაც სხვა კონტრასტებს და სხვა ჰარმონიას დაინახავს. გამოფენა უფრო ადგილებზე, ლანდშაფტებზეა კონცენტრირებული და არა ხალხზე, გვერდს უვლის იმას, რასაც ისრაელზე თითქმის ყოველდღე გადმოსცემენ ახალ ამბებში: სისხლს, ომს, ძალადობას, ტერაქტებს... აქ კი ადამიანი ისრაელის სხვა მხარეებს ხედავს. ასე რომ, ესეც თავისებური კონტრასტია”.

ისრაელის საელჩოს ორგანიზებული ფოტოგამოფენა, გარკვეულწილად, შეავსებს იმ წარმოდგენებს, რაც ამ ქვეყნის შესახებ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. ბუნებრივია, როცა ლაპარაკი შეეხო ცოდნას, რომელიც საქართველოს შესაძლოა, აკლდეს ისრაელზე, ჰარი კლეიმანმა განმიცხადა, რომ საქართველოში ისრაელს ღრმად და ფართოდ იცნობენ და გამოთქვა იმედი, რომ თანდათან ისრაელიც უკეთ გაიცნობს საქართველოს. ჩვენ საამისოდ ვმუშაობთ, თქვა ჰარი კლეიმანმა.

ახლო აღმოსავლეთში ისრაელი საქართველოს თანამოაზრე და მეგობარი სახელმწიფოა, განმიცხადა სახელმწიფო კანცელარიის საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა შალვა ფიჩხაძემ, რომელმაც მონიშნა საქართველო-ისრაელის ბოლოდროინდელი თანამშრომლობის რამდენიმე ასპექტი: ურთიერთობა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, ისრაელის უაღრესად სერიოზული ინტერესი საქართველოში სარეალიზაციო ენერგეტიკული პროექტებისადმი, ერთ-ერთი ისრაელი კომპანიის მონაწილეობა თბილისის საავიაციო ქარხნის პროდუქციის განახლება-მოდერნიზებაში; თუმცა, ამ მონაწილეობის შედეგი, ჯერჯერობით ერთადერთი თვითმფრინავია, “სკორპიონი”, რომელსაც საქართველოში ვერ მოენახა სათანადოდ მომზადებული პილოტი.

შალვა ფიჩხაძეს ვთხოვე, ჩამოეთვალა რამდენიმე სფერო, სადაც საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები განსაკუთრებით ინტენსიური და შედეგიანია [ფიჩხაძის ხმა]:

“ეს არის სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, კვების პროდუქტების წარმოება, ტურიზმი და, შესაძლოა, თანდათან ძალები მოიკრიბოს სამხედრო-ტექნიკურმა თანამშრომლობამაც; ამ მხრივ ისრაელის ტექნოლოგიები ერთი ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში, ხოლო ქართული არმია რეფორმირების გზას ადგას”.

დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.
მუსიკა

ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებული ახალი ფაქტები

მარიამ ჭიაურელი:
ამ ორი წლის წინათ, 2000 წლის 16 სექტემბერს თითქმის ყველა ქვეყნის მედიის ყურადღების ცენტში აღმოჩნდა ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემის “პრავდა უკრაინის” რედაქტორის გიორგი ღონღაძის გაუჩინარების ფაქტი. ორი თვის შემდეგ ღონღაძის გვარმა კიდევ ერთხელ შეიძინა საერთაშორისო რეზონანსი, როცა კიევის ოლქის ტარაშანსკის რაიონის ტყეში უთავო გვამი აღმოაჩინეს. უკრაინის ოპოზიციური პარტიები ამტკივებდნენ, რომ ეს ღონღაძის გვამი იყო. იმ მოვლენებიდან ორი წლის თავზე უკვე უკრაინის გენერალური პროკურორიც ადასტურებს, რომ ტარაშანსკის გვამი გიორგი ღონღაძეს ეკუთვნის. თამარ ჩიქოვანის ცნობით, ამით ღონღაძის სკანდალური საქმე არ იხურება.

თამარ ჩიქოვანი:
გიორგი ღონღაძის საქმე მრავალმხრივ არის ნიშანდობლივი. თუნდაც იმით, რომ, თურმე შესაძლოა საზოგადოება შეეგუოს ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობას. ან იმით, როგორ წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკური ოპოზიცია შემზარავი ტრაგედიის პოლიტიკურ კოზირად გამოყენებას. ან იმით, რამდენად მხდალად რეაგირებს ხელისუფლება ჟურნალისტის კვლელობით გამოწვეულ სახალხო აღშფოთებაზე და პასუხისმგებლობის საკუთარი წილის აღების თავზე აღების გაცვლად, როგორ ცდილობს მომხდარის მითიური თუ რეალური მტრების მზაკვრული ჩანაფიქრით ახსნას.

3 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სვიატოსლავ პისკუნმა დაადასტურა, რომ 2000 წლის ნოემბერში ტარაშანსკის ტყეში ნაპოვნი უთავო გვამი ნამდვილად ჟურნალისტს გიორგი ღონღაძეს ეკუთვნის. პისკუნის განცხადებით, დადგენილია სიკვდილის მიზეზიც – თავის მოკვეთა. გენერალური პროკურორის განმარტებით, გიორგი ღონღაძის გაუჩინარების მუხლით აღძრული საქმე, პრაქტიკულად, თავიდან იქნა გამოძიებული და ბევრი ახალი სამხილიც გაჩნდა. გარდა ამისა, სასამართლო ექსპერტიზისას გათვალისწინებული იყო ღონღაძის დედის ლესია ღონღაძის 40-მდე შენიშვნა. გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ღონღაძის გვამის დაკრძალვის საკითხი ოჯახთან უნდა იყოს შეთანხმებული. იგი უკვე დაუკავშირდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის კარდინალს ლიუბომირ გუზარს, რათა ჟურნალისტი ქრისტიანული წესით დაიკრძალოს.

პრეზიდენტი კუჩმა გენერალური პროკურორის პრესკონფერენციას არ გამოხმაურებია. როგორც ცნობილია, უკრაინის ოპოზიცია ღონღაძის მკვლელობის დამკვეთად ლეონიდ კუჩმას ასახელებს. ამ ვერსიას კიდევ უფრო ამაგრებს უკრაინის პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრის ნიკოლაი მელნიჩენკოს მიერ კუჩმას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. ერთერთ კასეტაზე კარგად ისმის, როგორ ლანძღავს კუჩმა ოპოზიციონერ ჟურნალისტს და მის “ჩეჩნებისთვის გადაცემით” იმუქრება.

უკრაინის ხელისუფლება დიდხანს ამტკიცებდა, რომ ჩანაწერები ყალბია და აშშ-ში თავშეფარებული მელნიჩენკოს უკრაინისთვის გადაცემას ითხოვდა. ბოლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჩანაწერი ყალბი არ არის. ექსპერტის ავტორიტეტის გამო – ექსპერტიზა აღიარებულმა სპეციალისტმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა ბრიუს კენიგმა ჩაატარა, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა უოტერგეიტისა და მონიკა ლევისნკისთან დაკავშირებულ საქმეებში – უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ შეარყია. ოპოზიცია, რომელიც აქამდეც ცდილობდა, კუჩმაგეიტი მოეწყო, სექტემბრიდან ხელისუფლებას ცხელ დღეებს ჰპირდება. საეჭვოა, ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს ღონღაძის საქმის გამოძიებაში დაშვებული სამსახურეობრივი გულგრილობის გამო პროკურორ სერგეი ობოზის დაპატიმრებამ და გენერალური პროკურორის დაპირებამ, რომ ობოზი ბოლო თანამდებობის პირი არ არის, ვისაც ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრება ელის.

ღონღაძის საქმეს ისევ გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ჰანს კრიუგერი თავის წარმომადგენლად დანიშნა ღონღაძის საქმის გამოძიებაში. გარდა ამისა, როგორც რადიოსადგურ “გერმანულ ტალღას” განუცხადა ევროსაბჭოს წევრმა, უკრაინის საკითხებზე მომხსენებელმა ხანნა სევერინსენმა, კრიუგერმა უნდა გაარკვიოს იმ მიზეზები, რამაც უკრაინის ხელისუფლებას საქმის გამოძიებაში ხელი შეუშალა.

ალბათ, ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც გაირკვევა, რატომ, ვინ და რისთვის მოკლა გიორგი ღონღაძე, თუმცა, საეჭვოა, სიმართლის დადგენამ ღირსება შემატოს მათ, ვის თვალწინაც ეს შემზარავი ტრაგედია პოლიტიკურ ფარსად იქცა.

თამარ ჩიქოვანი, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი

მუსიკა

ჯაზის უკანასკნელი ლეგენდა: გარდაიცვალა ლაიონელ ჰემპტონი

მარიამ ჭიაურელი:
ჯაზში გათვითცნობიერებულ მსმენელს არ სჭირდება იმის თქმა, ვინ ასრულებს ამ მუსიკალურ ნაწარმოებში ვიბრაფონის პარტიას. დანარჩენებს კი მოვახსენებ: ეს ლაიონელ ჰემპტონი გახლავთ – “ჯაზის ცოცხალი ლეგენდა”, როგორც მას სულ ბოლო დრომდე უწოდებდნენ. ამიერიდან ჰემპტონს, სამწუხაროდ, მხოლოდ “ლეგენდად” მოვიხსენიებთ: ჯაზში ახალი ინსტრუმენტის – მანამდე სრულიად “არაჯაზურად” მიჩნეული ვიბრაფონის დამამკვირდებელი – 31 აგვისტოს გარდაიცვალა. მის შესახებ დავით კაკაბაძე გესაუბრებათ.

დავით კაკაბაძე:
1908 წელს, კენტუკის შტატის ქალაქ ლუივილში დაბადებული ჰემპტონი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჯაზში ვიბრაფონის შემომტანი. თავისი მრავალმხრივი მუსიკალური ნიჭი მან გამოავლინა არა მარტო, როგორც “ვიბრაფონის მეფემ”, არამედ როგორც ვირტუოზულმა მედოლემ და სასიამოვნო, შარმიანმა მომღერალმა. მსმენელის აღფრთოვანებას იწვევდა ფორტეპიანოზე მისი ყოველი დაკვრაც. ეს არ იყო ჩვეულებრივი “სვინგი”: ფორტეპიანოზე ჰემპტონი ორად-ორი თითით უკრავდა, რასაც, ამ დაკრულის მოსმენისას, ალბათ არასოდეს დავიჯერებდი, 1990 წელს, ბერლინის ფილარმონიაში საკუთარი თვალით რომ არ მენახა.

ლაიონელ ჰემპტონი ადრე დაობლდა და ჩიკაგოში, ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. 10-11 წლის იქნებოდა, როცა ვისკონსინის შტატში, დომინიკელთა მონასტერში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. სწორედ იქაურმა მონაზონმა ასწავლა ლაიონელს სამხედრო დოლზე დაკვრა, სწორედ მაშინ გაუღვივდა პატარა ბიჭუნას დასარტყამი ინსტრუმენტების სიყვარული.

ბებიის გარდაცვალების შემდეგ ლაიონელი შეიკედლა ბიძამ, რომელიც, საბედნიეროდ, ჯაზური მუსიკის დიდი მოყვარული გამოდგა და ბიჭს სულ მალე აუსრულა ოცნება: დოლების კომპლექტი უყიდა.

ლაიონელი ისე გაიწაფა ამ ინსტრუმენტზე დაკვრაში, რომ სულ მალე პირველი ანსამბლიც ჩამოაყალიბა, 20 წლისა კი უკვე პოლ ჰაუარდის ანსამბლში “ქუოლიტი სერენეიდერსში” უკრავდა. ამას მოჰყვა გამოსვლები ლოს-ანჯელესის “კოტონ კლაბში”, სადაც მან პარტნიორობა თვით ლუი არმსტრონგს გაუწია.

1936 წელს ჰემპტონის ცხოვრებაში მოხდა ერთი შემთხვევა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მისი შემდგომი კარიერის მსვლელობაზე. ცნობილი იმპრესარიოს, ჯონ ჰემონდის რჩევით, კლარნეტისტმა ბენი გუდმანმა და მისი ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა: პიანისტმა ტედი უილსონმა და მედოლე ჯინ კრუპამ მიაშურეს ლოს ანჯელესის “პერედაის კლაბს”, სადაც ლაიონელ ჰემპტონი თავის ბენდთან ერთად უკრავდა. ასე, ერთ საღამოში, გადაიქცა ბენი გუდმანის ტრიო ბენი გუდმანის კვარტეტად: ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ანსამბლად, რომლის ჩანაწერები დღესაც ისევე თანამედროვედ ჟღერს, როგორც ექვსი ათეული წლის წინათ.

[მუსიკა: Vibraphone Blues]

1940 წელს, როცა ბენი გუდმანის კვარტეტი დაიშალა, ლაიონელ ჰემპტონი უკვე საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსი იყო. იმავე წელს ჰემპტონმა დააარსა თავისი პირველი ბიგ ბენდი, რასაც მომდევნო 60 წლის მანძილზე კიდევ არაერთი სხვა ანსამბლის დაარსება მოჰყვა. მის ბიგ ბენდებში უკრავდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორიც იყვნენ ალ გრეი, დექსტერ გორდონი, ჩარლი მინგუსი, კლიფორდ ბრაუნი, ქუინსი ჯონსი, კლარკ ტერი – ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მუსიკოსებისა, რომლებიც საკუთარ აღმასვლას დიდწილად სწორედ ლაიონელ ჰემპტონს უმადლიან.

ჰემპტონსვე უნდა ვუმადლოდეთ ჯაზში არაერთი ნიჭიერი ვოკალისტის გამოჩენასაც. იმ მომღერლებიდან, ვისაც ამ დაუღალავმა, კოლეგებისადმი მუდამ კეთილმოსურნე მუსიკოსმა მწვერვალებისკენ გზა გაუკვალა, საკმარისია, სამი დავასახელოთ: დაინა უოშინგტონი, ჯო უილიამსი და ბეტი კარტერი.

ლაიონელ ჰემპტონი თითქმის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თავის ანსამბლს და 90-ს გადაცილებულიც მართავდა საკონცერტო ტურნეებს. მისი გარდაცვალებით ჯაზმა თავისი უკანასკნელი “ცოცხალი ლეგენდა” დაკარგა.

[მუსიკა: Flying Home]

მარიამ ჭიაურელი:
”მეათე სტუდია” და მასთან ერთად რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ყოველკვირეული რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით ლაიონელ ჰემპტონისა და ბენი გუდმენის ცნობილი კომპოზიციით ”Flying Home”. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში.
XS
SM
MD
LG