Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბრის ბიუჯეტი, წინასწარი მონაცემებით, გადაჭარბებით შესრულდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბიუჯეტის შესრულების ივლისში დაწყებული ტენდენცია მირიან გოგიაშვილის უწყებამ აგვისტოშიც გააგრძელა და პარამეტრები გადაჭარბებით შეასრულა. საგულისხმოა, რომ,

წინა თვეებისაგან განსხვავებით, საგადასახადო სამსახურს ამჯერად არც საბაჟო ჩამორჩა და ხაზინას გათვალისწინებულზე მეტი თანხები შემატა.

ფინანსთა სამინისტროს წინასწარი, ოპერატიული, ინფორმაციის მიხედვით, 2002 წლის აგვისტოს თვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საპროგნოზო მაჩვენებელი, ანუ 96,6 მლნ ლარი, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პარამეტრი - 94,8 მლნ ლარი, გადაჭარბებით შესრულდა.

საფინანსო უწყების ინფორმაციით, სულ, საგადასახადო შემოსავლების კუთხით, მობილიზებულია 98,5 მლნ ლარზე მეტი, რაც, დაახლოებით, 14 მლნ ლარით აღემატება 2001 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემს.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ მობილიზებულმა თანხამ, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 66,6 მლნ ლარისა, 67,5 მლნ ლარი შეადგინა.
ადგილობრივი ბიუჯეტის მაჩვენებელი 103,1%-ით შესრულდა, შეტანილმა თანხამ კი 27,6 მლნ ლარს გადააჭარბა.

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი, წინასწარი მონაცემებით, 103,4%-ით შესრულდა. კერძოდ, გეგმით გათვალისწინებული 30 მლნ 009 ათასი ლარის ნაცვლად, მობილიზებულია 31 მლნ 029 ათასი ლარი.

წინასწარ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციები საქართველოს ზოგიერთი რეგიონიდან, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან.

საგულისხმოა, რომ, საბაჟო დეპარტამენტის კუთხით, ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმა 353,5%-ით შესრულდა და, დაგეგმილი 1 მლნ 429 ათასი ლარის ნაცვლად, 5 მლნ 049 ათასი ლარის მობილიზება მოხერხდა.
საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, გაიზარდა თამბაქოს იმპორტი, თუმცა, ამავე დროს, გასულ თვესთან შედარებით, იკლო ნავთობპროდუქტების იმპორტმა.

აგვისტოში სააქციზო მარკების რეალიზებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 4 მლნ 439 ათას 881 ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს სააქციზო მარკების სამსახურის მონაცემებით, მთლიანობაში, აგვისტოში რეალიზებულია 25,6 მლნ სააქციზო მარკა, ანუ 6 მლნ ცალით მეტი, ივლისთან შედარებით. 11 მლნ 66 ათასი სააქციზო მარკა გათვალისწინებულია ადგილობრივი წარმოების თამბაქოს პროდუქციისთვის, 6 მლნ 164 ცალი - იმპორტული წარმოების თამბაქოს პროდუქციისთვის, 593 ათას 216 ცალი - ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური პროდუქციისთვის, 19 ათას 592 ცალი - იმპორტული წარმოების ალკოჰოლური პროდუქციისთვის. 7,5 მლნ სააქციზო მარკა გაიცა ადგილობრივი და იმპორტული წარმოების ლუდისთვის.
მიუხედავად ბოლო ორი თვის წარმატებისა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მაინც შთამბეჭდავია და, თუ ივლის-აგვისტოს ტენდენცია მომავალ თვეებშიც არ გაგრძელდა, ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.
XS
SM
MD
LG