Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს 6 სექტემბერი ჩეჩენი ხალხისთვის და როგორ აღინიშნა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღე საქართველოში


ჩეჩენმა ხალხმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღე მეთერთმეტედ აღნიშნა არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ საქართველოშიც. ლოზუნგით “შეწყდეს ჩეჩენი ხალხის გენოციდი” 6 სექტემბერს არცთუ

ხალხმრავალი საპროტესტო ღონისძიება გაიმართა თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ. პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის ფონზე, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღნიშნეს პანკისის ხეობაში მყოფმა ჩეჩნებმაც. ყველაფრის მიუხედავად, მათ სწამთ, რომ ადრე თუ გვიან 6 სექტემბერს საკუთარ სამშობლოში იზეიმებენ, თუმცა ჩეჩნეთის წინააღმდეგ ფედერალური ძალების ახალ შეტევას არ გამორიცხავენ.

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ომისა, რომელსაც დასასრული არ უჩანს, 1991 წლიდან მოყოლებული, ჩეჩენი ხალხი ყოველ 6 სექტემბერს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. რაგინდ ტრაგიკულიც უნდა იყოს, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები ამ დღეს თავისუფლების იდეის რეალიზაციას ზეიმობენ, თუმცა ბვერი ფიქრობს, რომ ჩეჩნეთის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ისეთი ფორმით, როგორსაც ჩეჩენი ხალხი მოითხოვს, არარეალიზებადია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ფაქტია, რომ ჩეჩნეთი რუსეთის წინაშე მარტოდმარტო დარჩა. მის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დიალოგი ვერ დგება. გამოსავალი არ ჩანს, და მაინც, 6 სექტემბერი, როგორც ჩეჩნეთის დამოუკიდებელობის დღე, პანკისის ხეობაშიც აღინიშნა.

[ჩეჩნეთიდან დევნილის ხმა] “ხალხმა გამოთქვა სურვილები, ჩაატარა რიტუალი, იყვნენ ბავშვები, ეჭირათ დროშები. ყველაფერი იყო, თუმცა არა ისე, როგორც სახლში. გამოვხატეთ სიხარული იმის გამო, რომ იყო ეს დღე, არის ეს დღე და არის ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.”

ჩეჩნეთიდან დევნილმა, რომელსაც პანკისის ხეობაში დავუკავშირდით, ჩეჩენი ხალხის სახელით გამოხატა მადლიერება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და თქვა, რომ პანკისის ხეობაში 6 სექტემბერს სიმშვიდე იყო. როგორც ჩანს, სპეცოპერაციის გადამწყვეტი ეტაპი ჯერ არ დაწყებულა. ძმები ახმადოვები, რომლებიც სწორედ პანკისის ხეობაში ეგულებათ, ჯერჯერობით არ განუიარაღებიათ. ისინი კი ისეთი ცნობილი საველე მეთაურის უმცროსი ძმები არიან, როგორსაც რამზან ახმედოვი წარმოადგენდა. კავკასიურ საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ძმებ ახმედოვების ჯგუფი არცთუ დიდი, მაგრამ ძლიერი ჯგუფია და კარგი იქნება, თუ ქართველი სამართლადამცველები მათ პრობლემას უსისხლოდ გადაწყვეტენ. ჩეჩნები დღემდე მადლიერნი არიან იმით, რომ საქართველო ყოველთვის იყო და არის მათი თავშესაფარი. მათ დღემდე ახსოვთ ის განსაკუთრებული კეთილგანწყობა, რომელიც ქართველებსა და ჩეჩნებს შორის საბჭოთა პერიოდში განმტკიცდა. თუმცა იყო სხვაც, - ის, რაც, მამუკა არეშიძის აზრით, ქართველებს უნდა ახსოვდეთ და რის გამოც კავკასიელ მეზობელთან კეთილ ურთიერთობას რეალურ პოლიტიკაზე უნდა აფუძნებდნენ. იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც საქართველოს ჩეჩნეთის ომის მიზეზით შეექმნა, ხალხებს შორის ურთიერთობაზე არ უნდა აისახოს. – ასე ფიქრობენ ქართველებიც და, სხვათა შორის, ჩეჩნებიც.

ჩეჩნეთის დამოუკიდებელობის დღე თბილისში რუსეთის საელჩოს წინ ქართველებისა და ჩეჩნების მცირე საპროტესტო აქციით აღინიშნა.
საქართველოში რუსეთის საელჩოს წინ მისულებმა რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი გააპროტესტეს და საქართველოდან და ჩეჩნეთიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG