Accessibility links

logo-print

ენერგეტიკოსთა დაუმორჩილებლობა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე


თვეების მანძილზე უხელფასოდ დარჩენილმა ენერგეტიკოსებმა, ჩინოვნიკებთან შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით ჯამაგირის მიღება რომ ვერ შეძლეს, საპროტესტო აქციებს მიმართეს.

საგარეო პოლიტიკური საფრთხით შეწუხებული ხელისუფლება არანაკლებ შეაშინა ელექტრომომარაგების სისტემის ბოიკოტირებით ენერგეტიკოსთა მუქარამ და რეპრესიული მეთოდებით მათი შეჩერება გადაწყვიტა. ეს ნაბიჯი, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, კიდევ უფრო აღრმავებს უკმაყოფილებას, რაც ხელისუფლების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, თუმცა მას სხვა გამოსავალი აღარ დარჩენია. რამდენად ეფექტურია ენერგეტიკოსთა წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომები?

საქართველოს ელექტროსისტემაში დასაქმებულ მოქალაქეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნები არაერთხელ გამხდარა სოციალური ვითარების დამძიმებისა თუ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზი სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოში სამოქალაქო და ეთნიკური კონფლიქტების ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო. მას შემდეგ, წლების მანძილზე, ელექტროსისტემის რეფორმა-რეორგანიზებასთან ერთად, ენერგეტიკოსთა გაერთიანებები ისე დაიშალა, რომ საკუთარი სოციალური პირობების დაცვასაც კი ვეღარ ახერხებდნენ. მათი კვლავ დარაზმვა ქართულ ენერგეტიკაში უცხოელი ინვესტორების შემოსვლის პერსპექტივამ და წლების მანძილზე დაგროვილმა სახელფასო დავალიანებამ განაპირობა.

ამჯერად ენერგეტიკოსთა გააქტიურება იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც საქართველო მძიმე პოლიტიკურ პრობლემებს ებრძვის. ენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ სახელფასო ვალების გასტუმრების მოთხოვნას პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს, თუმცა კი ყველა ნათლად ხედავს, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ. ეს არ გამოჰპარვია უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას და გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის ობიექტებზე გაფიცვების მოწყობის კანონით აკრძალვა მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ მოთხოვნას დაეთანხმა და შეეცადა, ის პოლიტიკურზე მეტად სოციალური მოტივებით გაემართლებინა.

[შევარდნაძის ხმა] „კატეგორიულად აიკრძალოს გაფიცვები იმ სისტემებში, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ვის უცხადებთ ბლოკადას, გამაგებინეთ? თუ მთავრობა არ გინდა, კი, ბატონო, მთავრობა წავიდეს, პრეზიდენტი წავიდეს, მაგრამ რას ვერჩით ხალხს?“

პრეზიდენტის ეს მინიშნება ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ უბრალო მოსახლეობას აქტიური პროტესტი გამოეთქვა 14 თვის სახელფასო დავალიანების გამო ენერგეტიკოსთა დაუმორჩილებლობის აქციის წინააღმდეგ, მითუმეტეს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას თავად აქვს გამოცდილი სახელფასო დავალიანების სიმწვავე და ენერგეტიკოსთა მიმართ სოლიდარობასაც კი გამოხატავს.

6 სექტემბერს თბილისის მაღალი ძაბვის ელექტროსისტემის თანამშრომლებმა, აკრძალვის მიუხედავად, გაფიცვა მოაწყვეს და თითქმის მთელი დღის მანძილზე ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს დედაქალაქის 40%. ამჯერად ხელისუფლებამ არჩია მათ მოთხოვნებს დაჰყოლოდა და აქციის მონაწილეებს 1 თვის ხელფასი დაურიგა. ენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ კუთვნილი ჯამაგირის მისაღებად, დაუმორჩილებლობის გამოცხადების გარდა, მათ სხვა გზა აღარ დარჩენიათ. საპროტესტო აქციის მონაწილის თქმით:

[აქციის მონაწილის ხმა] „თუ არაფერი ვიღონეთ, ხელფასი არ მოაქვთ. გაიმართება, მოგვიტანენ. ესე იგი გვაიძულებენ, ასე გამოდის.“ [სტილი დაცულია]

ამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის შემდეგ უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ენერგეტიკოსთა ლიდერებს შეხვდა და ის გზა უკარნახა, რაც გაფიცვების საჭიროებას გამორიცხავს. კერძოდ კი, ხაბურძანიამ სასამართლოს მეშვეობით ხელფასის მიღების შესაძლებლობაზე მიანიშნა. ამით უშიშროების მინისტრი იმ პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხის თავიდან აცილებას ცდილობს, რის გამოც მანამდე საპროტესტო აქციების აკრძალვას მოითხოვდა. უბრალო ენერგეტიკოსები თავიანთი პროტესტის პოლიტიკურ სარჩულს უარყოფენ. კიდევ ერთი გაფიცული ენერგეტიკოსის თქმით:

[აქციის მონაწილის ხმა] „მთელი ენერგეტიკოსების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი პოლიტიკა ამაში არ ურევია, ეს არის სუფთა სოციალური. ალბათ, არის ისეთი ძალები, რომლებსაც უნდათ გამოიყენონ ჩვენი, აი, ეს დაძაბული მდგომარეობა და, ალბათ, არ ვიცი, ეტმასნებიან ჩვენს გაჭირვებას.“ [სტილი დაცულია]

მიტმასვნის რა მოგახსენოთ, მაგრამ მოსკოვში უმალვე გამოეხმაურნენ თბილისში მიმდინარე აქციას და ის საქართველოს ხელისუფლების უძლურებისა და კიდევ ერთხელ იმის დასამტკიცებლად გამოიყენეს, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი რუსეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. კერძოდ, „რაო-ეესის“ მმართველობის წევრმა ანდრეი ტრაპეზნიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს საერთაშორისო ფასსზე დაბალი ტარიფით მიაწოდოს ელექტროენერგია, თუ ქართული მხარე ძველ ვალს გადაიხდის და მიწოდებული ენერგიის საფასურს წინასწარ დაფარავს. ეს ისეთი კონტექსტით ცხადდება, თითქოს მოსკოვი მზად არის ზამთარში საქართველოს ელექტრომომარაგებისთვის თავად იზარალოს. არადა, ქართველი ჩინოვნიკები რუსებს, დაგროვილი ვალების სანაცვლოდ, დიდი სიამოვნებით აძლევენ საჩუქრად ქართული ელექტროსისტემის სტრატეგიულ ობიექტებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ქვეყნიდან მოდის ის საგარეო პოლიტიკური საფრთხე, რის გამოც პრეზიდენტმა ენერგეტიკოსებს საპროტესტო აქციების მოწყობა აუკრძალა.
XS
SM
MD
LG