Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მემანიშვილი მუსიკოსი საბჭოთა პერიოდის ქართული


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი ნიკა მემანიშვილი მუსიკოსი საბჭოთა პერიოდის ქართული

საზოგადოების ახირების წყალობით გახდა. იყო დრო, როცა, სკოლის პარალელურად, მოზარდებს მუსიკალურ სკოლაშიც უნდა გვევლო. ეს ერთგვარ აუცილებლობადაც კი ითვლებოდა. თბილისის მე-9 სამუსიკო სკოლას პატარა ნიკაც მიაბარეს და მან სულ მალე იგრძნო, რომ მუსიკა მისი ერთადერთი გზა , მისი ცხოვრება უნდა ყოფილიყო.
ნიკა მემანიშვილმა პირველი მუსიკალური ნაწარმოები 9 წლის ასაკში დაწერა. ეს იყო “რეკვიემი”, რომელიც მერაბ კოსტავას ხსოვნას მიუძღვნა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, თანმხვედრი ტკივილებით, პატარა მუსიკოსის შთაგონების წყაროდ იქცა. ნიკა გამოჰყავდათ ფილარმონიაში და მის გამოსვლებს იწონებდნენ. უკვე 10 წლის ასაკში ნიკა მემანიშვილმა ჯანსუღ კახიძის ორკესტრს უდირიჟორა.
ჯანსუღ კახიძეს უთქვამს კიდეც, “ამ ბიჭს მე გავზრდიო”, მაგრამ პატარა ნიკა და დიდი მუსიკოსი ერთმანეთს ხანგრძლივმა გასტროლებმა დააშორა. გერმანიაში კარგა ხნით წასვლა ნიკა მემანიშვილსაც მოუხდა. მას ხან ორღანზე აკვრევინებდნენ, ხან ფორტეპიანოზე და ამით ფულს სხვები, მენეჯერები, შოულობდნენ. ასე ჩაიარა ბავშვობამ. იყო წოდებები, ლაურეატობები, თუმცა ნიკა მათ ჩამოთვლას მნიშვნელობას არ აძლევს. უკვე მოზრდილობაში ნიკამ ბევრი რამ თავისი პედაგოგისგან, მიხეილ შუღლიაშვილისგან, ისწავლა. ამბობს, რომ, პედაგოგების მხრივ, ძალიან გაუმართლა: იყო ლილი გაბუნიას მოსწავლე, კონსერვატორიაში კი - ბიძინა კვერნაძისა. ეს წლები, თბილისის კონსერვატორიაში გატარებული 2 წელი, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მისთვის, მაგრამ, ახლობლების და პედაგოგების დაჟინებული თხოვნით, ნიკამ მაინც საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. სწავლა ვენის სამუსიკო უნივერსიტეტში გააგრძელა.

დღეს საქართველოში ნიკა მემანიშვილს და მის მუსიკას კარგად იცნობენ.
მუსიკალურმა საზოგადოებამ ის ახლოს 2-3 წლის წინ გაიცნო - მაშინ, როცა რეჟისორ დათო დოიშვილთან “ჯინსების თაობის” მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა.
შემდეგ იყო დიზაინერ მაკა ასათიანის პანკისური ჩვენება. ნიკა ფიქრობს, რომ ამ ჩვენებით მისი მუსიკა ფართო მასამ გაიცნო.
ნიკა მემანიშვილი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მას სჯერა, რომ,
მიუხედავად გარემო პირობებისა, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, საქართველოში შეიძლება აკეთო საქმე და წარმატებასû დამოუკიდებლად, “ჩაწყობების” გარეშე, სუფთად მიაღწიო. წარმატების მიღწევის გზაზე ნიკასთვის მთავარი საზომი თავისუფლების შენარჩუნებაა. ნიკა მემანიშვილი წარმატებად მიიჩნევს იმასაც, რომ უკვე თავად შეუძლია ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა ავსტრიაში წაყვანა. რამდენიმე დღეში იქ ქართული ხელოვნების ფესტივალი, “ტაბლა,” გაიხსნება. ნიკა ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ფესტივალის შესახებ ინფორმაციას გადაცემის დასასრულს მოგაწვდით, მანამდე კი თავად ნიკა მემანიშვილს მოვუსმინოთ. ამ ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორს დავით პაიჭაძე ესაუბრება.




როგორ უკვე ვთქვით, 22 წლის ნიკა მემანიშვილი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართული ხელოვნების ფესტივალის, რომელიც ავტრიაში 16 სექტემბერს გაიხსნება. განვმარტავთ, რომ ეს ფესტივალი, სახელწოდებით ტაბლა იქნება განსხვავებული ადრე ჩატარებული მსგავსი ღონისძიებებისგან და მთლიანად, თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე იქნება ორიენტირებული. ფესტივალში მონაწილეები ერგვარი ტენდერის საფუძველზე ავსტრიაში შეარჩიეს. საქართველოს მხარემ კი მარტო მონაწილეთა მგზავრობის ხარჯი დააფინანსა. დანარჩენს, თავის თავზე ავტრიის მხარე იღებს და ამაში უდიდესი დამსახურება ავსტრიაში მოქმედ ქართულ ორგანიზაციებს და მათ ხელმძღვანელებს გოგი ოქროპირიძე და ნანა მესხს მიუძღვით. ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი გოგი ოქროპირიძე ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის კარგა ხანია იღწვის. მას არა ერთი ახალგაზარდა ქართველი შემოქმედისთვის გაუწევია დახმარება. გოგი ოქროპირიძემ ავსტრიაში 1996 წელსაც სცადა ქართული ხელოვნების ფესტივალის ორგანიზება. იგივე უნდა ითქვას ავტრიაში მცხოვრებ მხატვარზე ნანა მესხზეც. ნიკა მემანიშვილმა, სწორედ, ამ ადამიანებთან ერთად, დაარსა ორგანიზაცია “ხელოვნება საზღვრების გარეშე”. ფესტივალი “ტაბლა” სწორედ ამ ორგანიზიის ეგდით და ამ სამი ადამიანების ჩანაფიქრის მიხედვით იმართება. ასე, რომ წარმატება ვუსურვოთ ჩანაფიქრს, რომელიც ხორცსს 16 სექტემბერს შეისხავს და ევროპელებს ქართულ თანამედროვე ხელოვნას 14 ოქტომბრამდე აზიარებს.
XS
SM
MD
LG