Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მსჯავრდებულ მეომართა ფართომასშტაბიანი შეწყალება მზადდება


საპყრობილეებიდან მძიმე დანაშაულობებისთვის გასამართლებული

პოლიტიკური ოპონენტების განთავისუფლების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მსჯავრდებულ მეომართა ფართომასშტაბიანი შეწყალებისთვის ემზადება. სპეციალური კომისია, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი ხელმძღვანელობს, მომავალი კვირის დასაწყისში მსჯავრდებულ მეომართა დაზუსტებულ სიას წარუდგენს შეწყალების კომისიას, პარლამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს. ამასთან, სპეციალური პროცედურის გავლის შემდეგ, ვადაზე ადრე განთავისუფლება შეეხება როგორც სამთავრობო ჯარებისა და "მხედრიონის", ასევე, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის წევრებს, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა მოკვლეულ მასალებში ფიგურირებს რამდენიმე ისეთი პარადოქსული საქმეც, რომელთა გამჟღავნებაც საზოგადოებაში ნამდვილ სკანდალს გამოიწვევს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ციხეები ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით გადაიჭედა. თანაც, თუ მსჯავრდებულთა შორის თავდაპირველად ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები სჭარბობდნენ, ერთი წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ხელისუფლებამ მასობრივად დაიწყო იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებსაც საკუთარი შერყეული ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავადვე ჩამოურიგა იარაღი, სამხედრო წოდებები და სახელმწიფოს ჯილდოები.

სტალინური ლაგერების შემდეგ მსოფლიოს არც ერთ საპატიმროს არ ახსოვს იმდენი გენერალი, მხედართმთავარი და უმაღლესი სამხედრო ჯილდოებით მკერდდამშვენებული დამნაშავე, რამდენმაც საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიყარა თავი 1994 წლის შემდეგ. სხვადასხვა დროს დაპატიმრებულთა შორის იყვნენ: "მხედრიონის" ლიდერი და ედუარდ შევარდნაძის დიდი მეგობარი ჯაბა იოსელიანი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები თენგიზ კიტოვანი და თემურ ხაჩიშვილი, სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლები, გენერლები გუჯარ ყურაშვილი და ვალერი ნაყოფია, მაშველთა კორპუსის ლიდერი გიგა გელაშვილი, ბრიგადების, ბატალიონის და ასეულის მეთაურები. თანაც, ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოში არც ერთი მხედართმთავარი არ გაუსამართლებიათ აფხაზეთში განცდილი სამხედრო მარცხის, ტერიტორიების დაკარგვისა და სამხედრო ქონების განიავების გამო. ამ ადამიანებს თემიდის რისხვა მხოლოდ მას შემდეგ ატყდებოდათ თავს, როდესაც ისინი უშუალოდ მმართველი რეჟიმისთვის ხდებოდნენ საშიშნი. ურჩი ოპონენეტების იზოლირებით კი შევარდნაძემ დრო მოიგო, სოციალური და ეკონომიკური საყრდენი გამოაცალა ძლიერ პარამილიტარისტულ დაჯგუფებებს, შექმნა ლოიალური სამხედრო სტრუქტურები და ყველა დონეზე საკმაოდ გაიმყარა პირადი ძალაუფლება. ახლა უკვე იმავე პიროვნებების საპყრობილეში დატოვება გახდა უფრო საშიში. თანაც, ზოგჯერ საჭიროა, საზოგადოებას ჰუმანურობით მოულბო გული. ამიტომ ხელისუფლებამ ნელ-ნელა დაიწყო საპყრობილეებიდან საშიში სახელმწიფოებრივი დამნაშავეების გამოშვება. პირველ ეტაპზე ციხის საკანი თენგიზ კიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა დატოვეს, სულ ბოლოს კი შეწყალებულთა შორის თემურ ხაჩიშვილი და გიგა გელაშვილიც აღმოჩნდნენ.

თუმცა ბევრად უფრო ადრე ედუარდ შევარდნაძეს ხელმოსაწერად წინ ედო იმ რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურის შეწყალების საქმე, რომლებიც საბრალდებო სკამზე გაცილებით უფრო მცირე დანაშაულობებისთვის მოხვდნენ. ყოფილ მეომართა რეაბილიტაციაზე ზრუნვა სამი წლის წინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა დაიწყო.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "მე ჩემს უმთავრეს ამოცანად ვისახავდი ჩემი თანამებრძოლების მიმართ შემექმნა ისეთი ხელსაყრელი პირობები, რომ მათ მიმართ გატარებულიყო რაღაც ჰუმანური სახელმწიფო პოლიტიკა. რადგანაც არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მე დამეკისრა გარკვეულ ეტაპზე. თუნდაც იმიტომ, რომ უსამართლობა არის, როდესაც ჰუმანური სახელმწიფო პოლიტიკა, შერიგების პროცესი, თუ ამგვარი რამ მიმდინარეობს სახელმწიფოში, ჩემის აზრით, იყო ერთის მხრივ აუცილებელი, მეორეს მხრივ - არაობიექტური და უსამართლო."[სტილი დაცულია]

იმ სიაში, რომელიც ყარყარაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა საპატიმროებში სიარულით, სამხედრო შტაბების არქივებში ქექვითა და ინდივიდუალური ტესტირებით შეადგინეს, დაახლოებით, 650 ყოფილი მეომარი აღმოჩნდა, მათ შორის, "მხედრიონისა" და ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, რომელთა იდენტიფიცირებაზე მათმა უშუალო მეთაურებმა იმუშავეს.
ყარყარაშვილის თქმით, შეწყალების კომისიაზე მსჯავრდებულის საკითხის გასატანად საკმარისი არ არის მხოლოდ ე.წ. საბრძოლო მოკვლევა, რომლის მოპოვებაც, გარკვეული გასამრჯელოს ფასად, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, პატიმარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოხდილი პატიმრობის ვადის ნახევარი და პირად საქმეში, საპატიმროს ხელმძღვანელობის შუამდგომლობის გარდა, უნდა არსებობდეს რაიონის, დაბისა და მეზობლების დახასიათება, რათა შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის საშიში პატიმარი.

აღსანიშნავია, რომ მომავალ ორშაბათს პარლამენტის შენობაში ამ სიის პრეზენტაცია გაიმართება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თითოეული მსჯავრდებულის სამხედრო ბიოგრაფიაზე. მაგრამ დეპუტატი ყარყარაშვილი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტები ამ სიაში ბევრ ისეთ უპრეცედენტო ისტორიას ამოიკითხავენ, რომელიც კიდევ ერთხელ დააეჭვებს მათ ქართული სახელმწიფოს ჰუმანურობასა და სამართლინაობაში. მაგალითად, იქ შეიძლება წააწყდეთ გვარს სრულიად უდანაშაულო ადამიანისას, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში ყოფილმა უშიშროების მინისტრმა შოთა კვირაიამ, ხუთ ადამიანთან ერთად, პრეზიდენტ შევარდნაძის თვალწინ ადგილზე დახვრიტა. თუმცა, იმის მაგივრად, რომ მართლმსაჯულებას მკვლელი გაესამართლებინა, საბრალდებო სკამზე მსხვერპლი აღმოჩნდა; აქვეა მსჯავრდებული, რომელიც სახელმწიფომ ადრე უკვე შეიწყალა, მაგრამ ვიღაც მოხელეს თურმე გადაწყვეტილების შესრულება დაავიწყდა. დაბოლოს, ამ სიაში აღმოჩნდა მუხროვანის სამხედრო ამბოხში მონაწილე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ხელისუფლებამ ერთი წლის წინ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG