Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატები


იმის მიუხედავად, რომ ედუარდ შევარდნაძემ მოქალაქეთა კავშირს საპარლამენტო არჩევნების მოგება უსურვა და უწინასწარმეტყველა, ზოგიერთი ფაქტორი მიუთითებს,

რომ პრეზიდენტს სამომავლოდ სხვა გეგმები აქვს. ფაქტია, რომ პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატები, ერთი მხრივ, პარტიული ლიდერები იქნებიან, მეორე მხრივ - არაპარტიული, სახელისუფლო ლიდერები.

ვის დაუჭერს მხარს ედუარდ შევარდნაძე? რომელიმე პარტიულ თუ რომელიმე სახელისუფლო ლიდერს?

ზოგადად, საპრეზიდენტო კანდიდატების სიის შესავსებად სამი კალაპოტი არსებობს: საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სახელისუფლო. თეორიულად, შესაძლებელია, პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს საზოგადოების წარმომადგენელი, შეულახავი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა ენდობა. თუ ამგვარი ან მსგავსი წარმომავლობის კანდიდატები, მართლაც, აღმოჩნდებიან საარჩევნო სიაში, მათ არჩევნების მოგების რეალური შანსი არ ექნებათ. რესურსი, რომელიც აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად, მრავალ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ფინანსებს, საარჩევნო ტექნოლოგიებს, საზოგადოებრივი აზრის შექმნის სისტემას, დასაყრდენს გავლენიან წრეებში – საქართველოშიც და უცხოეთშიც, აქტიურ მხარდამჭერთა მობილურ ქსელს და სხვ. დღეს საქართველოში პოლიტიკური და სახელისუფლო სისტემა უკვე საკმაოდ მყარია საიმისოდ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ვერ მოხვდეს ადამიანი, რომლის ერთადერთი რესურსი საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. თანაც, ასეთი ძლიერი კანდიდატი არც საზოგადოების წიაღში ჩანს. არჩევნებამდე კი არცთუ ბევრი დრო დარჩა.

მეორე შენაკადი, რომელიც კანდიდატებით შეავსებს საარჩევნო სიას, პოლიტიკური პარტიებია. სრულიად დასაშვებია, რომ ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი გახდეს რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მხარს დაუჭერს საზოგადოება და რომელსაც საკმარისი რესურსი აღმოაჩნდება არჩევნების მოსაგებად.

მესამე შენაკადი კი ხელისუფლების ორი შტოა: აღმასრულებელი და სასამართლო. საფიქრებელია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დღეს აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების მაღალ ეშელონში საქმიანობენ.

პარტიულ და სახელისუფლო ლიდერებს არჩევნებამდე დარჩენილ დროში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზნები აქვთ და განსხვავებული პირობებიც სჭირდებათ გასაძლიერებლად. პარტიულ ლიდერებს უსათუოდ დასჭირდებათ სერიოზული წარმატება საპარლამენტო არჩევნებში. იმ ფაქტორზე, თუ როგორი წარმომადგენლობით შევლენ პარტიები პარლამენტში, ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს დამოკიდებული. თუ პარტია ან პარტიათა კოალიცია 157 ხმას მოაგროვებს, მათ შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შეუქმნან აღმასრულებელ ხელისუფლებას, იმპიჩმენტის მექანიზმის ამოქმედებით დაწყებული, საკონსტიტუციო ცვლილებებით დასრულებული. თუმცა, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, ვერაფერს წყვეტს; მას მხოლოდ პრეზიდენტთან დაპირისპირება და პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანა შეუძლია. დღეს, როდესაც ოპოზიცია ძლიერია, პრეზიდენტი შეეცდება, პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდეს მცირე წარმომადგენლობით და მათი შეთანხმებული ქმედება გაძნელდეს. არ არის გამორიცხული, საარჩევნო ბარიერის დაწევის ინიციატივაც გაჩნდეს, თუმცა ამგვარ ცვლილებას 157 ხმა დასჭირდება, რისი მოგროვებაც დღევანდელ პარლამენტში ნამდვილად გაჭირდება.

მოქალაქეთა კავშირმა 2 ივნისის არჩევნებში თბილისის მოსახლეობისგან ორ პროცენტამდე მხარდაჭერა მიიღო. მომავალ ერთ წელიწადში სახელისუფლო პარტია ისე ვერ გაკეთილშობილდება, რომ პარლამენტში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომ პრეზიდენტს სხვა გზა აღარც დარჩა და, ალბათ, ასეც მოხდება, რომ აქცენტი გაკეთდება არა პარტიულ, არამედ სახელისუფლო ლიდერზე. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ამჟამინდელი მინისტრი - მეტად წარმატებული და ნაკლებად იმიჯშელახული - მაგალითად, ირაკლი მენაღარიშვილი; ეს შეიძლება იყოს, თუნდაც, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი პირი – ლადო ჭანტურია; ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება საერთაშორისო პროექტები – გია ჭანტურია; ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ეს იქნება ადამიანი, რომელსაც დაუკავშირდება რეალური ან ილუზორული წარმატებები აფხაზეთში – აქ კითხვის ნიშანი უნდა დავსვათ, რადგან აფხაზეთთან დაკავშირებული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პირი ან ვინმე სხვა... აფხაზეთი საუკეთესო ასპარეზი იქნება პრეზიდენტობის იმ კანდიდატისთვის, რომელიც პარტიულ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. რაღაცის გამო ხომ უნდა მისცეს მოსახლეობამ ხმა იმ ადამიანს, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში დღევანდელი ნდობადაკარგული ხელისუფლებიდან მოხვდება? ფაქტია, რომ შევარდნაძე ფსონის დადებას პარტიულ ლიდერზე არ აპირებს და ამ ვარაუდის გამოთქმა თამამად შეიძლებოდა 3 ივნისს, როდესაც ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები გამოცხადდა.

როგორ შეეცდება ხელისუფლება პარტიული ლიდერების დასუსტებას და რომელიმე სახელისუფლო ლიდერის გაძლიერებას, გზადაგზა დავაკვირდებით და ამ თემას მომავალში არაერთხელ დავუბრუნდებით.
XS
SM
MD
LG