Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერცხლის თასი ნასესხები ფულით


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ვიდრე შვეიცარიელი და ქართველი ფეხბურთელები ევროპის

ჩემპიონატის სტარტზე ბაზელში შეიკრიბებოდნენ, ამ ქალაქში უკვე მოხდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, 10 ათასი ბაზელელი მაყურებლის თვალწინ, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. სწორედ ამ ტურნირს ეძღვნება ელგუჯა ბერიშვილის ყოველკვირეული სპორტული პროგრამა “რბენა წინაღობებით”.

ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი



სპორტის გულშემატკივარს, პირველ ყოვლისა, ის ტურნირები აინტერესებს და იმ სახეობათა ბედი აღელვებს, საიდანაც წარმატებას მოელის. ქართველებისთვის ძიუდო სწორედ ასეთ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება. ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენში ძიუდო უიმედოდ არასოდეს დაცემულა და, შინ თუ გარეთ, დაბალ ღობედ არავის მიუჩნევია. სხვა საქმეა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, უსახსრობის გამო, ჩვენმა ფალავნებმა მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება გამოტოვეს და, შესაბამისად წარმატების შანსიც დაკარგეს. აქამდე განსაკუთრებით ჭირდა გუნდურ ჩემპიონატებში მონაწილეობა და ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ წლეულს მოხერხდა. საქმე ასე იყო: ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი – პირადიც და გუნდურიც – ერთდროულად ერთ ქალაქში გაიმართა და რაკი დამატებით ხარჯებს არ მოითხოვდა, ქართველებმა ორივეგან იჭიდავეს: პირადში სამი მედალი აიღეს, გუნდურში კი ყველა მეტოქე დაჯაბნეს და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ ეს ისტორიული ამბავი მოხდა ივნისში, სლოვენიის ქალაქ მარიბორში. ორი თვის თავზე კი კონტინენტურ ტურნირებში წარმატებულ ქვეყნებს უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე უხმეს. ცხადია, ევროპის უძლიერესი გუნდი ამ შეჯიბრების მიღმა ვერ დარჩებოდა და გაფუჭებულ საქმეს მორიგი ბოდიში ვერ უშველიდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელის შოთა ხაბარელის თქმით, მოსამზადებელმა პერიოდმა შედარებით ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ ბოლოს პრობლემები მაინც გამოჩნდა.
(შოთა ხაბარელის ხმა): “ფაქტიურად, ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ყველა ეტაპი გავიარეთ ნორმალურად. გამოინახა თანხები დიდი მცდელობით სპორტის დეპარტამენტის, ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილის მეშვეობით. და ყველა შეკრება ფაქტიურად ნორმალურად გავიარეთ. ბოლოს შეგვექმნა პრობლემა იმაში, რომ წასასვლელი ფული არ გვქონდა. და ირაკლიმ თვითონ ჩამიჯინა მანქანაში, შეიძლება ასე ითქვას და მასთან ერთად შემოვიარეთ, ვიღაცისგან აიღო, ისესხა, მოიტანა, გამონახა თანხა და წავედით ამ შეჯიბრებაზე.”
ცუდია, როცა ქვეყნის უპირველესი გუნდი სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ნასესხები ფულით მიემგზავრება. კარგია, როცა ეს გუნდი ხასიათის სიმტკიცეს გამოავლენს, მეტოქეებს არ შეუდრკება და ღირსეულად იასპარეზებს. ბაზელში სწორედ ასე იყო. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი სპორტული გმირობა ჩაიდინა. ვიდრე უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის ცალკეულ შეხვედრებზე მოგითხრობდეთ, ამ ნაკრების წევრებს წარმოგიდგენთ: ნესტორ ხერგიანი, გიორგი რევაზიშვილი, დავით ქევხიშვილი, გრიგოლ მამრიკიშვილი, დავით მარგოშვილი, ზურაბ ზვიადაური, ივერი ჯიქურაული და ალექსი დავითაშვილი. ეს იყო ერთ მუშტად შეკრული, გასამარჯვებლად შემართული გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტად ჩავიდა, შინ კი ვერცხლის თასი წამოიღო.
ბაზელში სულ 14 გუნდი შეიკრიბა. კენჭისყრა იღბლიანი გამოდგა – ქართველები შედარებით იოლ ჯგუფში მოხვდნენ, თანაც პირველი წრე გამოტოვეს და ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაებნენ. აქ ჩვენებურები სამხრეთ კორეას დაუპირისპირდნენ და, მართალია, თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ მერე ზედიზედ ოთხი შერკინება წმინდად მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. თითქმის იგივე სცენარით წარიმართა საქართველო-ირანის შეხვედრა: სტარტზევე დამარცხდნენ ხერგიანი და რევაზიშვილი, თუმცა ამ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა იყოჩაღეს და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს. ფინალი ქართულ-იაპონური გამოდგა. ძიუდოს ფუძემდებლები ქვეჯგუფში ყველა მეტოქეს იოლად გაუმკლავდნენ და არც ჩვენი გუნდის დამარცხება გაძნელებიათ. მოკლედ, მსოფლიო თასი იაპონელებს დარჩათ, მეორე ადგილზე საქართველო გავიდა, მესამეზე – საფრანგეთი და იტალია. შოთა ხაბარელის აზრით, ადგილები ობიექტურად განაწილდა. იაპონია მართლაც საუკეთესო იყო და საეჭვოა ახლო მომავალში ვინმემ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.
(შოთა ხაბარელის ხმა): “მსოფლიო თასი პირველად 1994 წელს გათამაშდა, ამის შემდეგ, ყოველ წელიწადს ტარდება და პრინციპი ასეთია; აქ ხდება შერჩევა და თასის გათამაშებაში კონტინენტების ჩემპიონატებში სამეულში გასულ გუნდებს იწვევენ. ასე მოხდა წელსაც. ჩვენ გავხდით კონტინენტის ჩემპიონი... პრინციპში, მსოფლიო თასზე მონაწილეობას ღებულობს ყველა წამყვანი ქვეყანა, დაწყებული იაპონიით, კორეა, კუბა, საფრანგეთი, იტალია და ა.შ.”
ძიუდოს სტაჟიან გულშემატკივრებს უთუოდ ეხსომებათ თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი და აქ ჩამოსული მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები. საქმე იქითკენ მიდის, რომ ჩვენი ტურნირი კვლავ დაიბრუნებს ძველ სახელს და მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის სტატუსს. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის ტურნირს უმაღლესი კატეგორია აღუდგინა და იმავდროულად ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის სტატუსი მიანიჭა. ამას ემატება ქართველ ძიუდოისტთა ბოლოდროინდელი წარმატებები, რაც დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ გაისად, თებერვალში თბილისს მსოფლიო ძიუდოს ელიტა ესტუმროს.
(შოთა ხაბარელის ხმა): “ძალიან ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი. უკვე სალიცენზიო ტურნირია, კორეაც მოდის, იაპონიაც, საფრანგეთიც – ეს ძლიერი ქვეყნები და დანარჩენებიც – ალბათ, ორმოც ქვეყანას უნდა ველოდოთ”.
აი, ასეთი ამბებია ძიუდოში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს სპორტის ქომაგთა გული უპირველესად ფეხბურთს ეკუთვნის – საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს იწყებს. და ეს ამბავიც შვეიცარიაში, ბაზელში ხდება.
XS
SM
MD
LG