Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზები და შესაძლებლობები


საქართველოში, ბოლო წლებია, გამუდმებით ლაპარაკობენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ჩვენი ქვეყნის დაახლოებისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ.

პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ის თარიღიც კი დაასახელა, როდესაც საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარებზე მიაკაკუნებს. შევარდნაძის პროგნოზით, 2005 წლისთვის საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მზად იქნება. ეს სიტყვიერი განაცხადი არ აკმაყოფილებს პოლიტიკურ ორგანიზაცია „ახალ მემარჯვენეებს“, რომლის ლიდერები 9 სექტემბერს საქართველოს ნატოსთან დაახლოების ინიციატივით გამოვიდნენ.

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში პრაღაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ამ ორგანიზაციაში ახალი წევრების მიწვევა გამოცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნატოსთან თანამშრომლობა და პარტნიორობა ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკათა შორის არცთუ ყველაზე ბოლოს დაიწყო, ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრობის კანდიდატთა შორის ჯერჯერობით არ არის.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი არსებობის მანძილზე დაამტკიცა, რომ იგი წევრი ქვეყნების სტაბილური განვითარებისა და სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტია. სწორედ ამიტომ მიისწრაფვიან მისკენ ყოფილი საბჭოთა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნები. ქართველი სახელმწფო მოხელეებისა თუ პოლიტიკურ ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უშიშროების საბჭოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრირების მომზადებაც კი დაავალა, მაგრამ ნატოს წევრობა, ანუ ამ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსთან ქვეყნის მომავალი განვითარების დაკავშირება, ქართული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტად ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსის საფუძვლად ნეიტრალიტეტის კონცეფცია აქვს აღიარებული, რაც რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობას გამორიცხავს. შესაბამისად, პრეზიდენტის ოფიციალურად გაცხადებული სურვილი 2005 წელს ნატოს კარებზე მიკაკუნების შესახებ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლასაც საჭიროებს.

„ახალი მემარჯვენეები“, რომლებმაც, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვეს, ფიქრობენ, რომ სწორედ ახლაა ნატოსკენ სწრაფვის ოფიციალურ პრიორიტეტად გამოცხადების ხელსაყრელი მომენტი. ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით:

[გამყრელიძის ხმა] „ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც საპასუხო რეაქცია დაბომბვებზე, რუსეთის აგრესიაზე და ასე შემდეგ. აგრესია იქნება თუ არ იქნება, საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და ეს არ არის საპასუხო ქმედება და თავდაცვითი რეაქცია ჩვენი მხრიდან. ეს არის მკაფიო ნება ჩვენი პოლიტიკური ძალისა და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება მკაფიო ნება სრულიად პოლიტიკური ქართული სპექტრისა.“

“ახალმა მემარჯვენეებმა” დადგენილების პროექტი მოამზადეს, რომელსაც პარლამენტს შესთავაზებენ. დადგენილება პარლამენტის პოლიტიკურ განაცხადს წარმოადგენს და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ იმ კონკრეტულ დავალებებს ითვალისწინებს, რომელთა შესრულებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. „ახლებს“ იმედი აქვთ, რომ ამ დადგენილების ირგვლივ ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალებიც კი საერთო ენას გამონახავენ და მას ხმას მისცემენ. “ახალი მემარჯვენეების” კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის, განცხადებით:

[ბათაშვილის ხმა] „რა თქმა უნდა, ის, რომ პარლამენტმა მიიღოს დადგენილება და პარლამენტმა განაცხადოს, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენ აქეთკენ მივისწრაფვით და რომ უნდა დაჩქარდეს და მომზადდეს პირობები, ჩვენი ნატოში ინტეგრაციისათვის, ეს არის, მე ვფიქრობ, უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ეს, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯი.“[სტილი დაცულია]

ექსპერტთა ერთი ნაწილი, რომელმაც „ახლების“ ინიციატივის არაოფიციალური კომენტარი გააკეთა, აღნიშნავს, რომ ნატოში გასაწევრიანებლად პარლამენტის დადგენილება სულაც არაა საჭირო, მითუმეტეს, პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ უკვე გაკეთებულია პოლიტიკური განაცხადი და ეს სრულებით საკმარისია. მეორე ნაწილი კი ამ ინიციატივის გარკვეულ მასტიმულირებელ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
თუმცა კი ყველა აღნიშნავს, რომ საპარლამენტო დადგენილების მიღებაზე მეტად საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რაც თავად ალიანსის მიერაა ჩამოყალიბებული და რასაც „ნატოს სტანდარტებს“უწოდებენ. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება კი საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG