Accessibility links

logo-print

ვის აინტერესებს ხმების დათვლის გაჭიანურება


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს პარლამენტში გამართულმა სხდომამ არა იმდენად პასუხი გასცა შეკითხვებს, რამდენადაც ახალი საკითხები წამოჭრა. ხმების ხელახალი დათვლა რომ ჭიანურდება,

ეს საზოგადოებას ამცნეს როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებმა. მე შევეცადე გამერკვია, შეეფერება თუ არა სიმართლეს მათი მტკიცება და რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ხმათა დათვლის დაყოვნებას.

ხმათა ხელახალი დათვლის პროცესს, რომელიც აგვისტოში დაიწყო, იმთავითვე ადევნებდნენ თვალს არასამთავრობო ორგანიზაციები. მეტ აქტივობას “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” იჩენდა, რომლის წარმომადგენლებიც ხმების დათვლის ტემპს პროცესის დასაწყისში პოზიტიურად მიიჩნევდნენ, ხოლო როცა მუშაობა შენელდა, ზარმაცი დამთვლელების “შავი სიაც” კი გამოაქვეყნეს. მე ვთხოვე “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელ დირექტორს, დავით ყიფიანს, აღეწერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა ის ქმედება, რამაც ხმების დათვლას ტემპი დაუკარგა. აღწერა მარტივია: კომისიის წევრები სამსახურში არ დადიან. ვერ იკრიბება ჯგუფები, რომელთაც დათვლა ავალიათ. შეგახსენებთ: თითო ჯგუფი ხუთკაციანია, ამ ხუთ ადამიანში ორი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს; თუ ერთი მათგანი მაინც არ მივიდა სამსახურში, ჯგუფი მუშაობას ვერ დაიწყებს; ყოველდღე უნდა მუშაობდეს 5 ასეთი ჯგუფი და ერთიც რეზერვში იყოს. დღეს თითქმის ნულამდეა დაყვანილი გადამთვლეთა შრომის ნაყოფიერება, რისი ნიშანიც ყოველდღე ერთი, უკეთეს შემთხვევაში, ორი ჯგუფის მუშაობაა. დავით ყიფიანმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი ისეთი წევრი არ მიდის სამუშაოდ, რომელსაც ნამდვილად ვერ მიაკუთვნებ ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს ხმის დათვლის გაჭიანურებით, ანუ საკრებულოს, რაც შეიძლება, გვიან შეკრებითა და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური კონკურენტების ასპარეზზე გვიან გამოსვლით. ამ კონტექსტში დავით ყიფიანმა ჟვანიას გუნდის წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილიც მოიხსენია.

ჩემთან საუბრისას გულახდილი იყო პარლამენტის აპარატის უფროსი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ხათუნა გოგორიშვილი. მან თქვა, რომ ერთი კვირის მანძილზე მართლაც არ მისულა კომისიაში, რადგან თბილისში არ იმყოფებოდა. პოლიტიკური მიზეზი მიუსვლელობისათვის ნამდვილად არ მქონია, განმიცხადა ხათუნა გოგორიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სწორედ ამ მოტივით არ ცხადდება სამსახურში და აყოვნებს მუშაობას. მაგრამ არის სხვა მიზეზებიც: ზაფხულია, ცხელა და ვიღაც სამუშაოს გულს ვერ უდებს. გარდა ამისა, [გოგორიშვილის ხმა] “არიან კომისიის წევრები, რომლებიც, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გადათვლის პროცესის წინააღმდეგი იყვნენ და ამ გადაწყვეტილებას ხმა არ მისცეს. მიაჩნიათ, რომ გადათვლა ფუჭი პროცედურაა და პრინციპულად არ ღებულობენ ამაში მონაწილეობას. არის კიდევ ერთი მიზეზი – აქ დასამალი არაფერია – კომისიის წევრთა გარკვეულ ნაწილს, იმას, ვინც სახელმწიფო მოხელეა, არა აქვს უფლება, ამ შრომაში ანაზღაურება მიიღოს. მე, მაგალითად! მე ვარ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, დავდიოდი სამსახურში და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, ჩემი კოლეგები ამაში ფულს იღებენ, მე კი არაფერს არ ვიღებ”!

ნათქვამი არ ნიშნავს, რომ ხათუნა გოგორიშვილი აღარ წავა ცესკოში ხმების დასათვლელად. გოგორიშვილს გული სწყდება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაიხმარა, ან არ დაიქირავა ადამიანები მუშაობაში დასახმარებლად; პარლამენტის აპარატის უფროსის აზრით, ეს სავსებით შესაძლებელი იყო და დამხმარეთა გამოგზავნა შეეძლოთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მით უმეტეს, სასამართლოს დადგენილება, გოგორიშვილის აზრით, არ კრძალავდა მათ მოწვევას; მაგრამ ახლა გვიანია და კომისიამ დაწყებული საქმე ძველი შემადგენლობით უნდა მიიყვანოს ბოლომდე.
XS
SM
MD
LG