Accessibility links

logo-print

პანკისის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული მოსაზრებები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი უქმნის თუ არა საქართველოს რეალურ საფრთხეს ჩრდილოელი მეზობლის გაუთავებელი წინადადებები პანკისის ხეობაში ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების თაობაზე.

როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ სიტუაციაში. ამ პრობლემატიკის გარშემო ვესაუბრე “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” წარმომადგენელს პაატა ზაქარეიშვილს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინათ გაზეთ “ახალი 7 დღისთვის” მიცემულ ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავდა, რომ რუსეთი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეავიწროებდა ჩეჩენ ბოევიკებს, ზურგს გაუხსნიდა მათ და შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე დაბანაკებულებს, დაბომბავდა კიდეც.
პანკისის პრობლემის გარშემო არსებულ ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილი ამბობს [ზაქარეიშვილის ხმა]:
“რუსეთი აკეთებს განცხადებებს, რომ პანკისში მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მდგომარეობა არც ისეთი მძიმეა, როგორც რუსეთი ამას ხატავს. რუსეთს ეს სჭირდება პოლიტიკური ქულების დასაწერად; მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს არაფრის უნარი არ აქვს. ამიტომ საქართველომ გაითამაშა პოლიტიკური ფარსის მეორე ვარიანტი, ანუ ვატარებთ რაღაც ოპერაციას, რომელიც, ჩემი აზრით, ნაკლებეფექტურია. ერთადერთი, რაც მომწონს, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უშვებს თავის ტერიტორიაზე, კერძოდ კი, პანკისის ხეობაში, რუსეთის სამხედრო შენაერთების შემოყვანას და, იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება”.

“რასაკვირველია, რუსეთს არა იმდენად პანკისის პრობლემის მოგვარება, რამდენადაც ამ პრობლემის საშუალებით საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა სურს”. თუმცა, ჩემი თანამოსაუბის თქმითვე, “მიუხედავად იმისა, რომ პანკისში მიმდინარე ოპერაციას ჯერჯერობით არ მოუტანია სერიოზული შედეგი და, შესაძლოა, არც მოიტანოს, რუსეთი მაინც ვერ მიაღწევს იმას, რომ პანკისში ერთობლივი ოპერაცია ჩატარდეს”.

“ცალმხრივ ჩარევაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ეს იქნება პირდაპირი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთი კი ამ ნაბიჯს არ გადადგამს”, მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი. მაგრამ იგი არ გამორიცხავს გარკვეულ პროვოკაციებს თუ აგრესიულ ქმედებებს რუსეთის მხრიდან – იქნება ეს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა თუ ბოევიკების გამოდევნა რუსეთიდან პანკისის ხეობაში, მით უმეტეს, რომ სავსებით დასაშვებია, რუსეთის სპეცსამსახურებს თავისი აგენტურა ჰყავდეს ბოევიკთა შორის.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ არსებულ ვითარებაში, პაატა ზაქარეიშვილმა მიპასუხა, რომ ხელისუფლებამ ორმაგ თამაშზე უარი უნდა თქვას [ზაქარეიშვილის ხმა]: “თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ჩეჩნები იდაეს ემსახურებიან და გმირები არიან, მაშინ განაცხადოს ეს და შეიფაროს ისინი. თუკი მიაჩნია, რომ ტერორისტები არიან, რაც, იმავდროულად, მეზობელ რუსეთს აღიზიანებს, მაშინ შესაბამისად უნდა მოიქცეს. ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფომ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ყოველგვარი პირობები უნდა მოუსპოს ჩეჩენ ბოევიკებს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს მათ და, ამდენად, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს“.

ამასთან ერთად, ჩემი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და ხელისუფლების არათანამიმდევრული პოლიტიკა პანკისის პრობლემაზე გაცილებით დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან საქართველოში აშკარად შეიმჩნევა რუსეთის გავლენის ზრდა და პრორუსული ორიენტაციის გაძლიერება. მისი თქმით, ამ ტენდენციას უფრო მეტად ეკონომიკური ფაქტორი და ქვეყანაში არსებული კორუფცია განსაზღვრავს და, ბუნებრივია, რომ ამ ფონზე დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციაც მიმდინარეობს.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მხოლოდ მომავალი საპარლამენტო არჩევნები გაგვცემს პასუხს კითხვაზე – დარჩება თუ არა საქართველო ოლიგარქიულ და კლანურ სახელმწიფოდ და, ამდენად, ბანანის რესპუბლიკების ბედს გაიზიარებს, თუ დემოკრატიული განვითარების გზას აირჩევს.
XS
SM
MD
LG