Accessibility links

ბუში გაეროში სიტყვით გამოსვლას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარმოთქვამს სიტყვას, რომელშიც აპირებს დაასაბუთოს, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება აუცილებელია.

თუმცა, მოგეხსენებათ, ყველა ასე როდი ფიქრობს

მსოფლიო საზოგადოებრიობა თვეების განმავლობაში ჩივის, რომ ვაშინგტონი მოქმედებს ცალმხრივად, არ ატარებს მოკავშირეებთან კონსულტაციებს უმნიშვნელოვანესი პრობლემების, მათ შორის ერაყთან ომის თაობაზე. ახლა ბუშს მიეცემა საშუალება განმარტოს, რატომ ცდილობს ვაშინგტონი ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის დამხობას, როგორ და როდის აპირებს ამის გაკეთებას.

ბუშის გამოსვლა ამერიკაზე 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების ერთი წლისთავის მეორე დღეს არის დაგემილი.

მოსალოდნელია, რომ ბუში ახალ ინფორმაციას წარადგენს, მაგალითად, ერაყის ბირთვული ობიექტების სატელიტურ ფოტოსურათებს და დამამტკიცებელ საბუთებს იმისა, რომ არსებობს კავშირი ბაღდადსა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ ყაიდას” შორის.

კვირას ბუშის ეროვნული უშიშროების გუნდმა – ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების სფეროში კონდოლიზა რაისმა, ამერიკის ტელევიზიაში გამოსვლისას, დაივიწყეს რა ძველი უთანხმოებანი, ერთხმად გამოთქვეს აზრი, რომ ერაყის წინააღმდეგ მოქმედების გადადება არ შეიძლება. როგორც თქვა კონდოლიზა რაისმა, “ჩვენ ვერ დავიცდით, სანამ სოკოს ფორმის რადიოაქტიური ღრუბელი თავზე დაგვადგებაო”.

ახლო აღმოსავლეთის საქმეების სპეციალისტი, მიჩიგანის უნივერიტეტის პროფესორი რაიმონდ ტანტერი ვარაუდობს, რომ ხუთშაბათს ბუში მიუთითებს გაეროს, რომ ერაყი განაგრძობს მისი რეზოლუციების დარღვევას.

[ტანტერის ხმა] “ბუში არ იხმარს სიტყვა “ულტიმატუმს”, მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტი იტყვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და, კერძოთ შეერთებული შტატების ვალია ერაყის განიარაღება. და თუ ამას არ იკისრებს გაერო, შეერთებული შტატები იმოქმედებს ცალმხრივად, იმ ქვეყნებთან ერთად, ვინც მოისურვებს კოალიციაში მონაწილეობას”.

შაბათს ბუში კემპ დევიდის რეზიდენციაში შეხვდა თავის ყველაზე მხურვალე უცხოელ მხარდამჭერს ერაყის წინააღმდეგ გალაშქრების საკითხში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბუშმა განაცხადა, რომ დაიწყებს კონსულტაციებს ამერიკელ კანონმდებლებთან და უცხოეთის ლიდერებთან ერაყის თაობაზე, მსოფლიოში მოზღვავდა ახალი ინფორმაცია ბაღდადის ბირთვული პროგრამის შესახებ.

“ნიუ იორკ ტაიმსმა” დაწერა, რომ ბოლო 14 თვის განმავლობაში ერაყი ცდილობს ათასობით საგანგებო ალუმინის მილაკის შეძენას, რომლებიც ურანის გასამდირებელ ცენტრიფუგებში გამოიყენება.

პარასკევს ერაყის განიარაღების გაეროს კომისიის მეთაურმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ სატელიტურ ფოტოსურათებზე ჩანს საეჭვო კონსტრუქციები იმ ადგილებში, სადაც 1990იან წლებში გაეროს კომისია იარაღს ეძებდა.

ბლიქსმა თქვა, აგრეთვე, რომ ბაღდადმა არ შეატყობინა გაეროს “ორმაგი დანიშნულების” იმპორტის – ისეთი საქონლის შესახებ, რომელიც როგორც მშვიდობიან, ისე სამხედრო პროგრამებში გამოიყენება.

ორშაბათს ლონდონის საერთაშორისო სტრატეგიის შემსწავლელმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ თუმცა 1991 წლის შემდეგ მასობრივი განადგურების იარაღის ერაყის პროგრამები შესუსტდა, ბაღდადს შეუძლია ბირთვული იარაღის სწრაფად შექმნა, თუ მოახერხებს გამდიდრებული ურანის შეძენას.

დაბოლოს, ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ გაიხსენა, მისი თქმით, “სარწმუნო, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მიერ დაუმოწმებელი ცნობა”, რომ 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის მონაწილე მოჰამედ ატა 2001 წლის გაზაფხულზე პრაღაში ერაყის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს შეხვდა.
XS
SM
MD
LG