Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჭიაურელი, პრაღა


11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ სრულიად ნათელი იყო: შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა უმალვე ამოქმედდებოდა ტერაქტებში მონაწილეების, აგრეთვე მათი მოკავშირეების

მისაკვლევად და მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად. ასეც მოხდა: ”ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის” ნანგრევებიდან ანტიტერორისტული ”ომი” იშვა, რომლის მსვლელობაში ვაშინგტონმა მკვეთრი ზომები მიიღო ტერორისტებისა თუ ტერორიზმის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ. მაგრამ რამდენადაც მისასალმებელი უნდა იყოს ანტიტერორისტული ძალისხმევა, ყურადღების ღირსია მისდამი კრიტიკაც: მსმენელისათვის შესაძლოა ცნობილი იყოს, რომ ვაშინგტონს, ეროვნულ უშიშროებაზე ზრუნვისას გაუმართლებელი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის საგანია ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილთა საიდუმლოდ შეპყრობა და დაპატიმრება: ზომები, რომელთაც საფუძვლად უდევს პრეზიდენტ ბუშის მიერ შარშან ხელმოწერილი ე.წ. ”პატრიოტული აქტი” - ფედერალური უწყებებისათვის უპრეცედენტოდ ფართო უფლებამოსილებების მიმნიჭებელი დოკუმენტი.

ახალ ზომებს ბუშის ადმინისტრაცია ანტიტერორისტული ომის თავისებურებებით ამართლებს. [ჯონ ეშკროფტის ხმა] ”როგორც ტერორისტებმა ისწავლეს სამართალდამცავი უწყებების ცვალებად ტაქტიკასთან მორგება, ისე ჩვენ ვისწავლეთ ამერიკის უშიშროების ცვალებად ინტერესებთან მორგება,” – ამბობს გენერალური პროკურორი ჯონ ეშკროფტი, ანტიტერორისტული ძალისხმევის ხელმძღვანელი შეერთებული შტატების ფარგლებში.

მაგრამ, როგორც ნიუ-იორკიდან იუწყება ჩვენი თანამშრომელი, რობერტ მეკმეჰონი, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ყველას ვერ არწმუნებს თავისი პოზიციის მართებულობაში. თუ საიდუმლო დაპატიმრებების თემას დავუბრუნდებით, საგულისხმოა მოსამართლე გლედის კესლერის ნაბიჯი: მან გასულ თვეში მოსთხოვა მთავრობას 11 სექტემბრის შემდეგ დაპატიმრებული 1200-ზე მეტი ადამიანის ვინაობის გამხელა და საიდუმლო დაპატიმრებების კონცეპციას ”დემოკრატიული საზოგადოებისათვის აღმაშფოთებელი” უწოდა. 11 სექტემბრის შემდეგ დაპატიმრებულთა ვინაობის გამხელას ითხოვს ამერიკელ არაბთა ანტიდისკრიმინაციული კომიტეტიც. ხოლო მოსამართლე რობერტ დუმარი მოითხოვს იმის განმარტებას, რატომ აქვს ე.წ. ”მტრულ მხარეზე მებრძოლის” სტატუსი ამერიკაში დაბადებულ იასერ ესამ ჰამდის. აქ აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, ეჭვმიტანილს, რომელსაც ამერიკული სამხედრო უწყების წარმომადგენლები ”მტრულ მხარეზე მებრძოლად” შერაცხავენ, არა აქვს ვექილის მოთხოვნის უფლება და შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს ციხეში ბრალდების წაყენების გარეშე.

ოპონენტები არც ვაშინგტონის უცხოეთში მოქმედებას აკლია. რომ აღარაფერი ითქვას კუბაში, გვანტანამოს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაკავებულების (თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” წევრობაში ეჭვმიტანილების) მდგომარეობაზე, შეშფოთებას იწვევს ვაშინგტონის მზადყოფნა, თვალი დახუჭოს ადამიანის უფლებათა უხეშ ხელყოფაზე ზოგიერთ ქვეყანაში, რათა ანტიტერორისტულ ომში ამ ქვეყნების მთავრობების მხარდაჭერა გაინაღდოს. ლაპარაკია, მაგალითად, რუსეთზე, რომლის ჯარების ბარბაროსულ მოქმედებას ჩეჩნეთში 11 სექტემბრის შემდეგ, ბევრის აზრით, გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ლაპარაკია აგრეთვე შუა აზიის ავტორიტარულ რეჟიმებზე. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ”ფრიდომ ჰაუზი” და ”ჰიუმან რაითს უოჩი” ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ისარგებლოს, მაგალითად, უზბეკეთთან ანტიტერორისტული პარტნიორობით, რათა ამ ქვეყნის მმართველი რეჟიმი ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე დაიყოლიოს. თუ რატომ, სავსებით ნათელია: კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა და ოპონენტების დევნა ადვილად შეიძლება იქცეს ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ნოყიერ ნიადაგად.
XS
SM
MD
LG