Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ”ალ ყაიდა” ახალი ტიპის ტერორისტული ორგანიზაცია?


11 სექტემბრის ტერაქტებმა, რომელთა მთელი სისავსით გააზრებას და ჩაწვდომას ცდილობს კაცობრიობა ამ დღეებში, მრავალ პრობლემასთან ერთად წამოჭრა ერთი საკითხიც:

მოასწავებს თუ არა 11 სექტემბერი ახალი ტიპის ტერორისტული ორგანიზაციის დაბადებას. მრავალი ექსპერტის აზრით, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი უნდა გაიცეს. მათი აზრით, ”ალ ყაიდას”, რომელსაც მიეწერება ერთი წლის წინანდელი ტერაქტების ავტორობა და რომელსაც ოსამა ბინ ლადენი ხელმძღვანელობს, უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ვიდრე აქამდე არსებული ნებისმიერი სხვა ტერორისტული ორგანიზაცია. რით არის გამორჩეული ”ალ ყაიდა”?

ექსპერტების აზრით, შარშანდელი ტერაქტები არა მხოლოდ მასშტაბით იყო გამორჩეული, არამედ შესაძლოა ისინი მოასწავებდეს ახალი და ბევრად უფრო მომაკვდინებელი ფორმის საერთაშორისო ტერორიზმის დაბადებას.

ბრიტანეთის სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის აღიარებული ექსპერტი ტერორიზმის სფეროში, პოლ უილკინსონი, ”ალ ყაიდაზე” საუბრისას ტერმინ ”ახალ ტერორიზმს” იყენებს. მისი თქმით, ”ალ ყაიდას” სხვა ორგანიზაციებისგან განასხვავებს ის, რომ იგი ცდილობს არა მხოლოდ დაშინებას, არამედ უზარმაზარი რაოდენობის ადამიანთა მოკვლასაც. მისი აზრით, ”ალ ყაიდა”, რომ შეეძლოს, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისგანაც არ დაიხევდა უკან.

მაგრამ სინამდვილეში ძალზე რთულია იმ საფრთხის წარმოდგენა, რასაც ”ალ ყაიდა” შეიძლება უქადდეს კაცობრიობას. მის შესახებ, უბრალოდ, ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. ექსპერტები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, თუ რომელ ქვეყნებში მოქმედებს ეს ორგანიზაცია. მთავრობები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტებიც კი ხშირად აზვიადებენ ”ალ ყაიდისგან” მომდინარე საფრთხეს, ვინაიდან ამით მათ საკუთარი ღვაწლის უკეთ წარმოჩენა სურთ ხოლმე.

ამერიკელი ექსპერტი ბერნარ რაიხი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ”ალ ყაიდის” იდეოლოგია – რადიოკალური ისლამი – უფრო ფეთქებადია ვიდრე სხვა, მაგლითად, მემარცხენე რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციებისა.

რა კონკრეტულ მიზანს ისახავს ”ალ ყაიდა”? როგორც სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოწმობს, მისი მიზანია სპარსეთის ყურეში მუსულმანების წმინდა ადგილებიდან შეერთებული შტატების ჯარების განდევნა; მას სურს ჩამოაგდოს იმ არაბული და მუსულმანური სახელმწიფოების მთავრობები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან თანამშრომლობენ; დაბოლოს, ”ალ ყაიდის” მიზანია ერთადერთი ისლამური სახელმწიფოს, ხალიფატის შექმნა, რომელიც დღევანდელი არაბული და მუსულმანური სამყაროს უდიდეს ნაწილს გააერთიანებს.

”ალ ყაიდას” სხვა ორგანიზაციებისგან პოტენციური ზომაც გამოარჩევს. მასში 40 ეროვნების ადამიანები მონაწილეობენ და იგი სულ ცოტა 94 ქვეყანაში მოქმედებს.

ტერორიზმის ექსპერტი, როჰან გურანტანა, ავტორი წიგნისა ” ’ალ ყაიდის’ შიგნით”, ყურადღებას ამახვილებს ამ ორგანიზაციის სტრუქტურულ გამორჩეულობაზეც.

[გურანტანას ხმა] ”მისი სტრუქტურა ძირითადად ჰორიზონტალურად არის ორგანიზებული. ესაა უჯრედების ქსელი, ობობის ქსელის მსგავსად. ამიტომაცაა ასე ძნელი ”ალ ყაიდის” მსგავსი ჯგუფების განადგურება. იგი სრულიად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი სხვა ჯგუფებისგან, რომლებიც ვერტიკალურად არიან ორგანიზებული”.

იმავე გურანტანას თქმით, ”ალ ყაიდა” სახიფათოა იმითაც, რომ სხვა, პოტენციურ ორგანიზაციებს იგი მაგალითს აჩვენებს, როგორ უნდა იქნეს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები ტერორისტული მიზნების მისაღწევად.

ექსპერტების აზრით, ამ ახალი ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციებთან გასამკლავებლად მთავრობებს სამომავლოდ ახალი მეთოდების შემუშავება სჭირდებათ. ერთი რამ კი დღესვე ცხადია: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ უმაღლეს დონეზე თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG