Accessibility links

logo-print

''წვრთნისა და აღჭურვის'' ორმხრივი პროგრამა საერთაშორისო ხდება


მიუხედავად იმისა, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის განსახორციელებლად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 64 მილიონი დოლარი გამოყო,

საქართველოს არმიისთვის ანტიტერორისტული სამხედრო დახმარების პროგრამის ფორმატი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს და მასში, დონორების სახით, მონაწილეობა მიიღონ როგორც ნატოს წევრმა, ისე ალიანსის კანდიდატმა სხვა ქვეყნებმაც. ამჟამად საუბარია იმაზე, რომ საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცეს გარკვეული ტიპის შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა, რომლის შერჩევის პროცესი რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს შეიარაღების ნუსხას, თუმცა ცნობილი ხდება, რომ პირველი სახელმწიფო, საიდანაც ქართული არმია სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს, რუმინეთი იქნება.

რუმინეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 1998 წელს მოეწერა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ორმხრივ სამხედრო პარტნიორობაში, ძირითადად, უნაცვალგებო დახმარებაზეა ორიენტირებული, დაუფინანსებლობის გამო ვერც ერთ დაგეგმილ ორმხრივ ღონისძიებაში ვერ მიიღო მონაწილეობა, თუ არ ჩავთვლით მაღალი დელეგაციების ვიზიტებს, რისთვისაც საქართველოს თავდაცვის მწირ ბიუჯეტში ყოველთვის გამოიძებნება ხოლმე თანხები. არადა, რუმინეთის გამოცდილება ბევრი თვალსაზრისით არის საქართველოსთვის მისაბაძი : ქვეყანამ შეძლო ჩაუშესკუსდროინდელი ნახევარმილიონიანი არმიის სამჯერ შემცირება, რეფორმების გატარება და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის შენარჩუნება. ხოლო ნატოს ნოემბრის სამიტზე რუმინეთი ოფიცალურად ელოდება მიწვევას ალიანსის რიგებში.

მაგრამ ერთმა ფაქტორმა საქართველო-რუმინეთის სამხედრო ურთიერთობაში მკვეთრი გარდატეხა მოახდინა. ეს გახლდათ "წვრთნისა და აღჭურვის" ამერიკული პროგრამა, რომელიც საქართველოში მეექვსე თვეა მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელიც წლის დასაწყისში შტუტგარტში გაიმართა, ამერიკულმა მხარემ საქართველოს რამდენიმე მეგობარ ქვეყანას და, მათ რიცხვში, რუმინეთს შესთავაზა ჩართულიყო ამ პროგრამაში და საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს არმიის აღჭურვის საქმეში.
[პაატა გაფრინდაშვილის ხმა] "საუბარია გარკვეული ტიპის - ის, რაც საჭიროა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მიმდინარეობისა და მისი განხორციელებისათვის - შეიარაღებასა და ტექნიკაზე. შემდეგ უკვე კონკრეტულად რუმინეთის მხრიდან, ეს უკვე ივნისის თვეში, ნატოში გაიმართა, ეგრეთ წოდებული, ნატოს "კლეარინგ ჰაუსი" ჰქვია, ესეთი ტიპის ფორმატია, სადაც რუმინეთის წარმომადგენელმა ჩვენს წარმომადგენელს ნატოში გადასცა კონკრეტული სია, ოღონდაც წინასწარი სია, ამ სავარაუდო შეიარაღებისა და ტექნიკისა." [სტილი დაცულია]

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის გარდა, ამავე ფორმატით "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილეობის სურვილი კიდევ რამდენიმე ქვეყანამ - ლიტვამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა - გამოთქვა. მათ მიერ შერჩეული იარაღი და აღჭურვილობა კი თავს მოიყრის რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცაში და შემდეგ გეზს საქართველოსკენ აიღებს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტიტერორისტული სამხედრო დახმარების პროგრამა საერთაშორისო განზომილებას შეიძენს და მის წარმატებაზე პასუხისმგებლობას, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ნატოს რამდენიმე ახალი წევრი და კანდიდატი სახელმწიფოც გაიზიარებს. თავის მხრივ, ასეთი სახით ამ ფორმატში მონაწილეობისთვის საქართველოს მეგობარ ქვეყნებს საკუთარი მოტივაცია აქვთ.

[პაატა გაფრინდაშვილის ხმა] "გეხმარებით რა თქვენ, ამით ვეხმარებით საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ თქვენი დახმარებით ჩვენ წვლილი შეგვაქვს ნატოში, ამ მთელ რეგიონში. და, ამდენად, ეს პოზიტიური შედეგების მქონე იქნება ჩვენთვისაც."

სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნატოს ქვეყნების მზადყოფნას საქართველომ, პირველ ყოვლისა, შუა გზაზე გაჩერებული სამხედრო რეფორმების გააქტიურებით და ალიანსთან შემდგომი ინტეგრაციის კონკრეტული სახელმწიფოებრივი პროგრამის შემუშავებით უნდა უპასუხოს. მაგრამ ამ მიზნით საქართველოში შექმნილი სახელმწიფო კომისია ჯერჯერობით მაინცადამანც დიდი მონდომებით ვერ დაიკვეხებს.
XS
SM
MD
LG