Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებამ საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაინაცვლა


რუსეთის სახელმწიფო მოხელეები კარგა ხანია საქართველოს „გაეროს“ ანტიტერორისტული რეზოლუციის დარღვევას აბრალებენ. როგორც ჩანს,

რუსეთი ბრალდებებიდან მოქმედებაზე გადავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხის დაყენებას ცდილობს. პირველი მცდელობა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომისიის სხდომაზე საქართველო ამ ორგანიზაციას „გაეროს“ რეზოლუციის დარღვევისთვის გაეკრიტიკებინა, უშედეგოდ დამთავრდა. ახლა რიგში „გაეროს“ გენერალური ასამბლეის სხდომა დგას, რომელზეც რუსეთი ტეროტისტების მფარველობისათვის, სავარაუდოდ, საქართველოს დასჯას მოითხოვს.

11 სექტემბერს ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე „გაეროს“ გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა გაიმართება. ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩასულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ნიუ-იორკში განაცხადა, რომ „რუსეთს არ შეუძლია შეურიგდეს საქართველოდან გადასული ტერორისტების ქმედებებს.“

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მომზადებული საერთაშორისო ტერორისტები „რეგულარულად ახორციელებენ რუსეთში დანაშაულებრივ ქმედებებს”. ივანოვმა იმედი გამოთქვა, რომ „ის გადაწყვეტილებები, რომელთაც გაეროს გენერალური ასამბლეის 57-ე სესიაზე მიიღებენ, მთელს მსოფლიოს დაანახვებს, რომ ყველა სახელმწიფო ტერორიზმის ბოროტების წინააღმდეგ ერთიანდება”. მანვე დასძინა, რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა სრულფასოვნად უნდა შეასრულონ გაეროს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და რეზოლუცია. ცხადია, რუსმა მაღალი რანგის დიპლომატმა საქართველოზე მიანიშნა. ივანოვი ასევე ზომიერი იყო ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდების კომენტირებისას:

[ივანოვის ხმა] „ის, რაც აერთიანებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, უპირველეს ყოვლისა, სხვა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევისთვის.“

როგორც ჩანს, რუსეთის ასეთი პოზიცია ერაყის დაცვის სურვილით უფროა ნაკარნახევი, ვიდრე საქართველოს სუვერენიტეტზე ზრუნვით, საქართველოს, რომელზეც შეტევის თითქმის არც ერთ შანსს არ უშვებენ ხელიდან სხვა რანგის რუსი სახელმწიფო მოხელეები.

ასე მოხდა 9 სექტემბერს პარიზში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომისიის სხდომაზე, და მის შემდეგ.

კომისიამ საქართველოში შექმნილი სიტუაცია განიხილა და მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ასამბლეის სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად. მასში წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არიან ტერორისტები, აღნიშნულია, რომ არიან ლტოლვილები აფხაზეთიდან და მოხსენიებულია საქართველოს ტერიტორიის ანონიმური დაბომბვის ფაქტებიც.

პროექტის შემუშავებისას რუსეთის დელეგაციამ წამოაყენა თავისი წინადადებები, კერძოდ კი, რეზოლუციის მომზადების პროცესში აფხაზების, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისა და სომხური დიასპორის ჩართვა მოითხოვა. მათი სიტყვა საქართველოში შექმნილი ვითარების უფრო ობიექტურად აღქმის საშუალებას მოგვცემსო, განაცხადეს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა. ისინი მოითხოვდნენ, აგრეთვე, დოკუმენტის პროექტში ჩაწერილიყო, რომ საქართველო „გაეროს“ რეზოლუციას არ ასრულებს, რადგან არ ებრძვის ტერორიზმს.

10 სექტემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომისიაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი რაგოზინმა განაცხადა: საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა და ის ახლა, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის ნგრევას განიცდისო. რაგოზინს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი რეზოლუციის პროექტში ასახული პრობლემები ან მოსკოვსა და თბილისს შორის არსებული რთული ურთიერთობები კი არ არის, არამედ მთავარი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების საშინაო შეცდომებია. ამიტომ საქართველო რუსეთისთვის დიდი ტერორისტული საშიშროების მატარებელია, - აღნიშნა მან.

რაგოზინის განცხადებით, არავის აქვს უფლება რუსეთს აუკრძალოს ნებისმიერი ზომების მიღება, რათა საკუთარი საზღვრები დაიცვას პანკისში ბაზირებული ჩეჩენი ბოევიკებისგან.

პოლიტიკური კომისიის წევრებმა ეს მოსაზრებები არ გაიზიარეს და რუსეთის დელეგაციის წინადადებები რეზოლუციის ტექსტში არ აისახა. თუმცა მოსკოვი საინფორმაციო შეტევას მაინც არ წყვეტს და ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინოს.
XS
SM
MD
LG