Accessibility links

10 სექტემბერს გაიხსნა პარლამენტის საშემოდგომო სესია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, სექტემბრის მეორე კვირას მუშაობა დაიწყო საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიამ. ტრადიციისამებრ,

საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თეზისურად ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომელთა მოგვარებაზე კანონმდებლებს უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში მოუწევთ ზრუნვა. დასახელებული პრობლემების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტს წინ ტიტანური შრომა ელის.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც მინისტრთა კაბინეტის შემოღებას გულისხმობს; საარჩევნო კოდექსი, რომელიც ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიას შექმნის; საგადასახადო კოდექსი, ქვეყანაში საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციისთვის; საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპის განსაზღვრა. – ასე ჟღერს იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვაც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. მართალია, მცირერიცხოვან ფრაქციებად დაშლილ პარლამენტში მას ყველა პრობლემის მოგვარების დიდი იმედი არა აქვს, – მით უფრო, საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი საპარლამენტო პარტიების მუშაობას, უდავოდ, დაასვამს თავის დაღს, – მაგრამ ნინო ბურჯანაძე მხნეობას არ კარგავს და კოლეგებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ სამოღვაწეოდ მოუწოდებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოუგვარებლობის შემთხვევაში ნინო ბურჯანაძეს პარლამენტის მუშაობა უშედეგოდ მიაჩნია, საკანონმდებლო ორგანოს კონტროლისა და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება გახლავთ.
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] “წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ დავრჩებით იმ რთულ და არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში, როცა ვიღებთ კანონს, არცთუ ცუდს, მაგრამ ეს კანონი ან საერთოდ არ სრულდება, ან ნახევრად სრულდება და ამ კანონის ეფექტურობას ჩვენი მოსახლეობა თავის თავზე ვერანაირად ვერ გრძნობს.”
საერთოდ კი, პარლამენტარების გამოსვლებს თვითკრიტიკა არ აკლდა. ბევრმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ პარლამენტის 26 აგვისტოს დადგენილების მისამართით პრეზიდენტ შევარდნაძის კომენტარი დსთ-დან გამოსვლის საკითხის დაყენების არადროულობის შესახებ, მათთვის დამაჯერებლად არ ჟღერს. სანდრო ბრეგაძის აზრით:
[ სანდრო ბრეგაძის ხმა] “ ჩვენ, როგორც კი რამე მოხდება, ვთქვათ, დაბომბვა ან რაიმე შეიარაღებული ფორმირების გადმოსვლა, აფხაზების იქნება თუ რუსების, იმ წუთში პარლამენტში ავტეხთ ერთ ამბავს, რაღაც საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ვემსგავსებით, პირველი 15 წუთი კარგად ვითამაშებთ და შემდგომში ისე გრძელდება ყველაფერი, როგორც დღეს არის....ავფეთქდებით, მერე ყველაფერი შეწყდება და, ფაქტობრივად, არაფერი ხდება არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ.”
პარლამენტში კი 10 სექტემბერს ის მოხდა, რომ გურამ შარაძე პარლამენტს დაუბრუნდა, რადგან მიხეილ ოსაძის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადასტურა, რომ იგი ოდესმე ფარულ კავშირში იყო უშიშროების სამსახურთან. ახლა პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი ითხოვს, რომ ასევე საგამოძიებო კომისიამ გამოიძიოს, რამდენად კანონიერად შეიძინა მან გაზგამანაწილებელი კომპანიები. პარლამენტარმა ჯუმბერ პატიაშვილმა კი ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად კვლავ მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. თუმცა, საეჭვოა, ამ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტარების კონსულტაციებმა შედეგი გამოიღოს, თუნდაც თავად კონსულტაციებისადმი ასეთი დამოკიდებულების გათვალისწინებით:
[ჯანსუღ ეზუგბაიას ხმა] “ ახლა კონსულტაციები არ მიხსენოთ, თორემ გავგიჟდები. “
XS
SM
MD
LG