Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოვდება თუ არა ერთმანეთს საქართველო და ევროკავშირი


“ქვეყნები, რომელთა წლიური სახელმწიფო ბიუჯეტი საფეხბურთო კლუბ “მანჩესთერ იუნაითეტის” წლიურ ბიუჯეტს არ აღემატება, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხოლოდ უნდა ოცნებობდნენო, “

– თქვა ერთხელ ევროკავშირის ექსპერტმა კორნელის ვიტებრუდმა და ასეთი ქვეყნების მაგალითად საქართველო დაასახელა. მას შემდეგ ერთი წელიც კი არ გასულა, საქართველოს წლიური ბიუჯეტი “მანჩესთერ იუნაითეტის” წლიური ბიუჯეტის ზედა ზღვარს არ ასცდენია და არც ქართველი მეოცნებეების ფანტაზია შეზღუდულა. საქართველოს პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოთა სიაში შეტანა მოითხოვა.

“საქართველო და ევროკავშირი, შესაძლოა, მალე დამეზობლდნენ, თუმცა დამეზობლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მომასწავებელი არ იქნება. გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. მთავარია, რას გააკეთებს საქართველო ევროკავშირთან დასაახლოებლად.” – ამ განმარტებამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სამეულის ცნობილი ვიზიტის დროს გაკეთდა, ევროკავშირში საქართველოს ახლო მომავალში გაწევრიანების შესახებ ედუარდ შევარდნაძის ცნობილ დაპირებებს ცივი წყალი გადაასხა. ცივ წყალს ხელისუფლება არ გამოუფხიზლებია, საქართველოს განვითარების ტემპი არ დაჩქარებულა და მაინც - ცდა ბედის მონახევრეა - ქართველი პარლამენტარებიც შეუერთდნენ რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პარლამენტართა მოთხოვნას საკუთარი ქვეყნების ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

“ჩვენ მხოლოდ გთხოვთ გვაღიაროთ ევროპელებად. გთხოვთ აღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, სხვა აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსად, აქვთ უფლება იყვნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა სიაში. არ მოვითხოვთ განსაკუთრებულ რეჟიმს და შეღავათებს, გვესმის, რომ ჩვენი სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია მათ უნარზე დააკმაყოფილონ “კოპენჰაგენის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ალბანელი პარლამენტარების გვერდით ხელს ქართველი პარლამენტარებიც აწერენ.

ვერაფერს ვიტყვით. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი კარგია და ნიშნავს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ქვეყნის განვითარების სურვილი ამოძრავებს. ჩანს, ნება თუ არა, სურვილი მაინც არსებობს იმისა, რომ ისეთი გაერთიანება, როგორსაც ევროკავშირი წარმოადგენს, საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიას იმ უამრავი პრობლემის გათვალისწინებით არ აგებდეს, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. მოუგვარებელი კონფქლიტები, უკიდეგანო კორუფცია, ჩრდილოვანი ეკონომიკა, დაუცველი საზღვრები, სიღატაკე, დაპირისპირება რეფორმატორებსა და კონსერვატორებს შორის, პოტენციური კონფლიქტური კერები, რელიგიური ნიშნით
დაპირისპირება – აი, ძალიან მცირე ჩამონათვალი პრობლემათა ნუსხიდან, რომელიც საქართველოს შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტებშია განთავსებული. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ნათელი უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებას რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა და აკისრებს მიზანი, რომელიც, ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩის კოტე ზალდასტანიშვილის თქმისა არ იყოს, ნათელია.

[კოტე ზალდასტანიშვილის ხმა] “მიზანი ნათელია, სწორია და ყველამ უნდა გაითვითცნობიეროს, რა რთული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი.”

ევროკავშირისკენ გზის დასასრული საქართველოს აყვავებას ნიშნავს და თუმცა იქამდე შორია, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა ამ გაერთიანებას ამიერკავკასიაში სტაბილურობით დაინტერესებას უძლიერებს. კოტე ზალდასტანიშვილის თქმით, მეგობარ ქვეყნებთან ერთად ევროკავშირში საქართველოს შესვლის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოითქვა, როცა ევროპულ გაერთიანებას ბელგია თავმჯდომარეობდა. ეს საკითხი დღესაც ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
XS
SM
MD
LG