Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაფარავს ელექტროენერგიის გადასახადს სოციალურად დაუცველი ფენებისთვის


2002 წლის 25 აპრილამდე სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ელექტროენერგიის გადასახადს სახელმწიფო ფარავდა და ძალიან ამაყობდა კიდეც ამით. თუმცა აი, უკვე მე-5 თვეა,

რაც ეს საამაყო საკითხი უყურადღებოდ დარჩა და ჰაერში გამოეკიდა. საქმე ის გახლავთ, რომ 25 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ელექტროენერგიის შეღავათიანი მოხმარების ხსენებული მექანიზმი შეაჩერა და მისი სასწრაფოდ გადახედვის საჭიროება პარლამენტსაც აცნობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელი, რითაც ისინი ელექტროენერგიის მოხმარებაზე 1999 წლამდე მოქმედი შეღავათების აღდგენას მოითხოვდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი, ძველი მექანიზმი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის გაცილებით უფრო მასშტაბურ შეღავათს (გადასახადის თითქმის -100%-იან დაფარვას) ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, საკონსტიტუციო სასამართლომ არა თუ მხოლოდ ძველი მექანიზმი არ აღადგინა, არამედ მოქმედიც შეაჩერა და ხელისუფლებას ალტერნატიული გზის სასწრაფოდ გამოძებნა ურჩია. ხელისუფლება კი, არ აჩქარებულა და მეტიც, მას დღემდე ვერ გადაუწყვეტია, რა გზას უნდა დაადგეს. როგორც ირკვევა, ამ პრობლემური საკითხის განხილვა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახლო მომავლის გეგმებში არ შედის. არადა, თუკი უკვე აგორებული უკმაყოფილების ტალღის მიხედვით ვიმსჯელებთ, საკითხი ნამდვილად სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.

მაგალითად, უკმაყოფილებას უკვე ძალიან ხმამაღლა გამოთქვამს AES-თელასი. ამერიკული კომპანიის გენერალური დირექტორი იგნასიო ირიბარენი ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების თემის უყურადღებოდ მიტოვებას და კატეგორიულად იტყობინება, რომ AES-თელასი ვეღარ იკისრებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ ფართო ფენისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას. სხვათა შორის, სოციალური დაძაბულობის თავიდან აშორების მიზნით, ამერიკული კომპანია (თბილისის მასშტაბით) 36 ათას აბონენტს, აპრილიდან აგვისტომდე, კვლავაც შეღავათიანი სქემით აწვდიდა ელექტროენერგიას, რის შედეგადაც უკვე დაახლოებით მილიონი ლარი იზარალა. ერთი სიტყვით, AES-თელასი სექტემბრიდან აღარ აპირებს იზარალოს იმ საკითხის გამო, რომელიც, წესით, სახელმწიფოს საზრუნავს წარმოადგენს. რა გასაკვირია და, კომერციულ ორგანიზაციას ხელისუფალთათვის უპასუხისმგებლობის მიტევება სულაც არ ეხალისება.

თუკი სახელმწიფომ პასუხისმგებლობის გრძნობა დროულად ვერ მოიძია, თელასმა კი თავისი დანაპირები შეასრულა, სოციალურად დაუცველ თბილისელებს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა თავადვე მოუწევთ, რაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ შეუძლებელია. გადაუხდელობის ალტერნატივა კი თბილისში, კარგად მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას, ანუ - სიბნელეს ნიშნავს. თუკი ჯაჭვს ოდნავ უფრო შორსაც გავყვებით, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ სოციალურად დაუცველი ფენების სიბნელეში დატოვება შეიძლება სოციალურად საკმაოდ ფეთქებადსაშიშიც აღმოჩნდეს. ხსენებული მოსალოდნელობის შესახებ თბილისელებმა ჯერჯერობით ბევრი არაფერი იციან და ამიტომ ამ საკითხს მათი სათანადო ვნებათაღელვა ჯერჯერობით არ გამოუწვევია. თუმცა ჩემთან მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის გადასახადის საკუთარი ჯიბიდან დაფარვას ვერასდროს შეძლებენ და რომ, ასეთ შემთხვევაში, მათი პროტესტი გარდაუვალი იქნება. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფოს ასე თუ ისე ვემადლიერებით, ელექტროენერგიის გადასახადზე დაწესებული შეღავათებია და ესეც თუ გაგვიუქმდა, მაშინ არაფრის საშველი აღარ ყოფილა ამ ქვეყანაში, - საოცარი გულდაწყვეტით აცხადებენ ჩემი რესპოდენტები.

როგორც უახლესი წარსულიდან გახსოვთ, როდესაც ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე იყო საუბარი, პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკიდურესად აღელვებული თბილისელები დაამშვიდა – განსხვავების დაფარვა თქვენ არ მოგიწევთ, მას სახელმწიფო დაფარავსო. საკითხის შეჩერების გამო, ჯერ ამ დანაპირების შესრულება-არშესრულებაზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ როცა სახელმწიფო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკითხს (თანაც, ასევე ელექტროენერგიასთან დაკავშირებულს) უყურადღებოდ ტოვებს, მისი ყოველი მომდევნო დანაპირები, მარტივი ლოგიკის მიხედვით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG