Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ჟურნალისტების თვალით დანახული 11 სექტემბრის ტრაგედია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერთ-ერთი პირველი უცხო სახელმწიფოს პირველი პირი, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ს, პრეზიდენტი შევარდნაძე იყო. ბევრისთვის მოულოდნელად,

უკვე ამერიკაში ყოფნისას, ვიზიტის პროგრამა შეიცვალა და საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ მცირერიცხოვან ქართულ-ამერიკულ დაცვასთან ერთად ტრაგედიის ადგილი მოინახულა. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი, ოპერატორი მალხაზ ზაუტაშვილი პირველი უცხოელი ჟურნალისტი იყო, ვინც ტერაქტის შემზარავი შედეგი ვიდეოფირზე აღბეჭდა. როგორ აღიქვეს ქართველმა ჟურნალისტებმა 11 სექტემბრის ტერაქტი ?

მალხაზ ზაუტაშვილი დღემდე ინახავს პატარა ნამსხვრევს, რომელიც მან 2001 წლის 4 ოქტომბერს ნიუ-იორკიდან, მანჰეტენიდან, წამოიღო. იგი დღემდე გასაოცარ იღბლად თვლის, რომ ბედმა გაუღიმა და 11 სექტემბრის ტერაქტიდან სამი კვირის შემდეგ მანჰეტენის გადაღების შანსი მიეცა. ის, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის აშშ-ში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა შეიცვალა და დელეგაცია ბოსტონიდან ნიუ-იორკში ჩავიდოდა, ქართველმა ჟურნალისტებმა მხოლოდ ბოსტონიდან გამოფრენის შემდეგ შეიტყვეს. ნიუ-იორკში პრეზიდენტი შევარდნაძე მხოლოდ ქართულ-ამერიკული მცირერიცხოვანი დაცვის თანხლებით უნდა გამგზავრებულიყო ტერაქტის ეპიცენტში. როგორც მალხაზ ზაუტაშვილი იხსენებს, ბოლო წუთში იგი იმ მანქანას შეახტა, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის წევრები ისხდნენ. პორტატული ვიდეოკამერის მეშვეობით კი უნიკალური კადრების აღბეჭდვა შეძლო.
[ მალხაზ ზაუტაშვილის ხმა] “ჩუმად დავაძრე კამერა ცალი ხელით და გიას ვუთხარი, დამიჭირე, თორემ გადავვარდები-მეთქი. ცალი ხელით მობღაუჭებული ვარ რაღაცას, გია ცაცანაშვილი მობღაუჭებულია რაღაცაზე და მე ჩუმად ვათვალიერებ ყველაფერს. რომ მივუახლოვდით ამ სიტუაციას – სასწაული იყო. შოკი მქონდა....მაგრამ როგორ ხვდებოდნენ ბაბუს – გაოცებული ვიყავი – გახარებულები, ეხვეოდნენ, დიდი მადლობა, რომ მოხვედი, არავინ არ მოსულაო...მერე მითხრეს, აღარ შეიძლება გადაღებაო, მაგრამ მაინც მოუსვენარი ვარ ამ საკითხში. დიდხანს კიდევ ვიმუშავე.”[სტილი დაცულია]
პრეზიდენტის პრესსამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, ჟურნალისტი მაია თაბაგარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მანამდეც ყოფილა. მისი დაკვირვებით, ამერიკული მედიის გადაწყვეტილებამ, 11 სექტემბრის ტერაქტების გაშუქებისას მაქსიმალურად აერიდებინათ თავი სისხლიანი კადრების ჩვენებისთვის, ის შედეგი გამოიღო, რომ ტერაქტიდან სამი კვირის თავზე ამერიკელები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი საკუთარი მომავლის მიმართ.
[მაია თაბაგარის ხმა] “ერთი შეხედვით, მოსახლეობაში არავითარი განსხვავება არ შეიმჩნეოდა 11 სექტემბრამდე და შემდეგ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი, ყველა მსუბუქ მანქანას, რაც პირველად თვალში მომხვდა, თავზე ედგა ამერიკის დროშა. აქამდე ეს არ ყოფილა. ჟურნალისტებიც, ოფიციალური წრეებიც და მოსახლეობაც ფიქრობდა მარტო იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. ანუ არ იყო დაზაფრული, არ იყო შიშით შეპყრობილი. რა იქნება ხვალ, როგორ უნდა აღვდგეთ...”

და კიდევ ერთი ამერიკული შთაბეჭდილება: მაია თაბაგარის თქმით, ამერიკელ კოლეგებთან საუბრისას იგრძნობოდა დიდი მადლიერება თანაგრძნობისთვის - თუნდაც ისეთი პატარა სახელმწიფოსგან, როგორიც საქართველოა.
XS
SM
MD
LG