Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციის პრობლემაზე ზრუნვა წლის ბოლომდე მოუწევს, რადგან 2003 წელი კრედიტების გასტუმრებისათვის მეტისმეტად

რთული პერიოდი იქნება. ერთი წლის წინ ”პარიზის კლუბის” ეგიდით მიღწეული შეთანხმება მომავალი წლიდან გადახედვას ექვემდებარება და, თუ ხელისუფლებამ კრედიტორებთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, ქვეყნის ბიუჯეტს საგარეო ვალები მძიმე ტვირთად დააწვება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის საგარეო დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თავის დროზე კრედიტების გარეშე, შესაძლოა, ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, საგარეო ვალებს, ადრე თუ გვიან, გასტუმრება სჭირდება, მით უფრო, რომ მევალეებს, განსაკუთრებით, თუ ასეთებად სახელმწიფოები გვევლინებიან, კრედიტების დაბრუნებაზე ყურის წაყრუება არ სჩვევიათ.

2001 წელს მაშინდელ ფინანსთა მინისტრს ”პარიზის კლუბის” ფარგლებში რის ვაივაგლახით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების არცთუ პასიური პოზიციის წყალობით მიღწეული შეთანხმება ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ დიდ წარმატებად ჩაეთვალა. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხში პოზიტიური შედეგის მიღწევა რუსეთთან კომპრომისზე წასვლით და ე.წ. ”ნულოვან ვარიანტზე” დათანხმების შედეგად მოხერხდა. ორწლიანი შეღავათიანი პერიოდი, მართლაც, სერიოზული შვება იყო, მაგრამ მომავალი წლიდან საქართველოს ხელისუფლებას “პარიზის კლუბის” წევრ ქვეყნებთან საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე კვლავ მძიმე მოლაპარაკებები ელის, რადგან 2003 წელს საქართველოს კრედიტების დიდი ნაწილის - ძირითადი თანხების - გადახდის პერიოდი დაუდგება, ბიუჯეტს კი ამ ვალების მომსახურების საშუალება ნამდვილად არ ექნება.

ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალების დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტო იმ ძირითადი ვალების მოცულობა, რომლის გადახდაც საქართველოს 2003 წელს მოუწევს, 140 მილიონამდე აშშ დოლარია. წელს კი საგარეო ვალების მომსახურებისათვის 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, დაახლოებით, 170 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
შესაბამისად, ვალების რესტრუქტურიზაციაზე ზრუნვა საფინანსო უწყებას უკვე დღეიდან მოუწევს. ამ მიზნით ფინანსთა სამინისტროში უკვე მომზადდა წერილები 13 კრედიტორი ქვეყნისადმი, 2003 წლიდან ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ ახალი მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით.
2001 წლის 6 მარტს, “პარიზის კლუბის” წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ძირითადი საგარეო ვალების ნაწილის, 242 მილიონი აშშ დოლარის, გადახდა, “2+1” პრინციპით, 2003 წლამდე გადაუვადდა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ იმ დროისათვის საქართველოს არ ექნება საშუალება გაისტუმროს ძირითადი ვალები, გაიმართება ახალი მოლაპარაკება მათი 2004 წლიდან გასტუმრების შესახებ. ფაქტია, რომ დღევანდელ პირობებში ბიუჯეტს საგარეო ვალების მომსახურება გაუჭირდება.

საგულისხმოა, რომ
მთლიანი საგარეო ვალებიდან საქართველოს, დაახლოებით, მილიარდ 600 მილიონი -მათ შორის, დსთ-ს ქვეყნების მიმართ 631 მილიონი - აშშ დოლარის გადახდა 2022 წლამდე გადაუვადდა. საქართველოსთვის რომ მომავალ წელს აღნიშნული თანხების მომსახურებაც დაეკისრებინათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, ქვეყნის ისედაც დეფიციტური ბიუჯეტი რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. თუმცა 2003 წელს თუ მაინც მოვახერხეთ ვალების რესტრუქტურიზაცია, ეს მხოლოდ დროებითი ამოსუნთქვა იქნება, რადგან 2004 წელს ეს თანხები მაინც გასასტუმრებელი გაგვიხდება.
XS
SM
MD
LG