Accessibility links

11 სექტემბერი და საქართველო


“გაივლის დრო და 11 სექტემბრის ხსოვნას ქვასა და ლითონში გამოვკვეთთ, რათა შევძლოთ იმ ბავშვებს, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან, დავეხმაროთ გაიგონ, თუ რა მოხდა ამ დღეს.”

– ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2001 წლის 11 სექტემბერს წარმოთქვა. უკვე 2002 წლის 11 სექტემბერს შარშანდელ 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას პატივი საქართველოშიც მიაგეს. ჯოელ მეიეროვიცის ფოტოგამოფენამ “სურათები ნანგრევებიდან” 11 სექტემბრის ტრაგედიის შეგრძნება “ცისფერ გალერეაში” გაამძაფრა. ამ დღეს ედუარდ შევარდნაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა. საქართველოს პარლამენტმა კი მიიღო დადგენილება, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარი დაუჭირა.


“საქართველოს პარლამენტი და ქართველი ერი გულწრფელად თანაუგრძნობს 11 სექტემბრის შემაძრწუნებელი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, მთლიანად, ამერიკელ ხალხს, გმობს ტერორიზმს და მის ხელშემწყობ რეჟიმს. საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას და პრევენციული ზომების მიღებას იმ რეჟიმების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გლობალურ მშვიდობას და თავისუფლებას.” - ასეთი შინაარსის დადგენილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა 11 სექტემბერს. არცთუ ხანმოკლე დებატების მიუხედავად, მას დეპუტატთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, პრეზიდენტმა შევარდნაძემ კი ჯორჯ ბუშს თანაგრძნობის წერილი საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობის სახელით გაუგზავნა. 11 სექტემბრის ტრაგედიის თემას მთავრობის სხდომაზეც გამოეხმაურნენ. მთავრობის მეთაურმა გამოხატა მზადყოფნა, საქართველო ტერორიზმს მარტო საკუთარ ქვეყანაში კი არა, იქაც შეებრძოლოს, “სადაც ის არსებობს”. ეს სიტყვები ედუარდ შევარდნაძემ “ცისფერ გალერეაში” ჯოელ მეიეროვიცის ფოტოგამოფენის გახსნისასაც გაიმეორა და ნათქვამს დასძინა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ისეთი მძაფრი შეგრძნება, როგორიც ნიუ-იორკში მქონდა, არსად არ მქონია. მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც შეეწირნენ ამ ტრაგედიას და მინდა ქედი მოვიხარო, მთლიანად, ამერიკელების წინაშე, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საკაცობრიო მოძრაობას ტერორიზმის წინააღმდეგ.”

ჯოელ მეიეროვიცი ტყუპების ნგრევის მომენტში დახმარების, მათი გადარჩენის სურვილმა შეიპყრო, მაგრამ, უბედურების ადგილიდან შორს ყოფნის გამო, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. “რა უნდა გამეკეთებინა? ფოტოების არქონა ისტორიის არარსებობას ნიშნავდა, ამიტომ გადავწყვიტე ტრაგედიის ზონაში შემეღწია და ნიუ-იორკის ფოტოარქივი შემექმნა,”- იხსენებს ის. “ცისფერ გალერეაში” სწორედ ეს ფოტოარქივი წარმოადგინა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის განყოფილებამ ქალაქ ნიუ-იორკის მუზეუმთან ერთად. იქვე გამოიფინა ტილოები, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს. ამ ფოტოებისა და ტილოების ერთობლიობამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კაცობრიობის შეცდომები გაახსენა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ ვფიქრობ, ჩვენ შეცდომა დავუშვით, როცა ცალკეულ ტერორისტულ აქტებზე არ იყო ისეთი რეაგირება, როგორიც საჭირო იყო. ჩვენ შეცდომა დავუშვით მაშინ, როცა ყველა ქვეყანამ, დიდმა თუ პატარამ, არ აღვიმაღლეთ ხმა, როცა ბუდა ინგრეოდა, კაცობრიობის მონაპოვარი. მაშინ რომ ადეკვატური რეაგირება ყოფილიყო, ვფიქრობ, არც 11 სექტემბერი იქნებოდა.”

“ცისფერ გალერეაში” შეკრებილები 11 სექტემბრის შედეგად მომხდარ გარდატეხაზეც საუბრობდნენ და არც ახალ რეალობაში საქართველოს ახალ როლს ივიწყებდნენ.
მაგრამ მთავარი მაინც დაღუპულთა ხსოვნა იყო. მათ შორის იყო თბილისელი ალექსანდრე ლიგინიც. ჩემთან საუბრისას ის მისმა პედაგოგმა, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორმა, ზურაბ შენგელიამ გაიხსენა.

[ზურაბ შენგელიას ხმა] “როცა მოსკოვში გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით “ჩვენები,” პირველი სიუჟეტი ამ ახალგაზრდაზე იყო.
ის თბილისელი იყო, ჩვენი თანამემამულე. აქ დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლა, შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი.”

ასე შეხვდნენ საქართველოში 11 სექტემბერს - დღეს, რომელმაც ბევრი რამ ამ ქვეყანაშიც შეცვალა.
XS
SM
MD
LG