Accessibility links

რამდენად რეალურია ახალი ტერაქტების საშიშროება?


რამდენად რეალურია ახალი ტერაქტების საშიშროება? – ამ შეკითხვას ბოლო კვირების მანძილზე განსაკუთრებით ხშირად გაიგონებთ. პატივს მიაგებენ რა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას,

შეერთებული შტატების ხელისუფალნი უშიშროების ზომებს ამკაცრებენ მთელს ქვეყანაში და თანამემამულეებს სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.

სამშაბათს აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 11 სექტემბრის პირველი წლისთავის დღეებში მთავრობა მკვეთრად ამკაცრებს უშიშროების ზომებს. როგორც ეშკროფტმა ჟურნალისტებს აცნობა, დაწესებულ იქნა უსაფრთხოების მეტად მაღალი ხარისხი, რომელზე მაღლა უსაფრთხოების ზომათა ოფიციალურ სკალაზე მხოლოდ ერთი საფეხურია.

ამის მიზეზად იუსტიციის მინისტრმა დაასახელა წინა დღით, “ალ-ყაიდის” მაღალი რანგის წევრისგან მიღებული “დიდწილად სარწმუნო” ინფორმაცია ტერაქტებისთვის მზადების შესახებ.

[ჯონ ეშკროფტის ხმა] “შეერთებული შტატების მთავრობამ, მის ხელთ არსებული სადაზვერვო მასალის ანალიზის შედეგად, დაასკვნა, რომ, შესაძლოა, მზადდებოდეს თავდასხმა ქვეყნის ინტერესებზე ოკეანის გაღმა. ამიტომ, როგორც მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა, ისე მოქალაქეებმა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ.”

ჯონ ეშკროფტის თქმით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, მზადდებოდა ერთი ან რამდენიმე თვითმკვლელური ტერორისტული თავდასხმა შეერთებული შტატების ობიექტებზე უცხოეთში. მინისტრმა დასძინა, რომ ზუსტი მონაცემები არა აქვს, თუმცა შესაძლო სამიზნეებად დაასახელა აშშ-ის კორპორაციული ინტერესები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, აგრეთვე, ამერიკის საელჩოები.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ თანამემამულეებს მოუწოდა, განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინონ და დროებით დახურა თავისი საელჩოები ფილიპინებში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, კამბოჯასა და პაკისტანში. უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც. ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ტერორისტებმა მიზანში ამოიღონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი ტანკერები.

უსაფრთხოების მკაცრ ზომებს მიმართავენ ევროპის აეროპორტებშიც, მათ შორის, კონტინენტის უდიდეს – მაინის ფრანკფურტის აეროპორტში. იტალიაში, სადაც ნატოს სამხრეთი ევროპის ჯარების სარდლობაა განთავსებული, ქვეყნის მასშტაბით ამ ზომების გასატარებლად 4000 ჯარისკაცი გამოიყო.

ამავე დროს, პრეზიდენტმა ბუშმა ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არ უნდა გავაიგივოთ მაჰმადიანთა წინააღმდეგ ბრძოლასთან.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “გლოვის წუთებში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მტერი ტერორისტების რადიკალური ქსელია და არა რელიგია; რომ მათი მხარდამჭერი მთავრობები არიან ჩვენი მტრები და არა მორწმუნე მაჰმადიანები, რომელთაც უყვართ თავიანთი ოჯახები, რომლებიც ისწრაფიან უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო მსოფლიოსკენ თავიანთი შვილებისთვის.”

ხუთშაბათს ჯორჯ ბუში გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარმოთქვამს სიტყვას, რომელშიც აპირებს დაასაბუთოს, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება აუცილებელია. თუმცა, ერაყი ჩვენი შემდგომი გადაცემების თემაა.
XS
SM
MD
LG