Accessibility links

logo-print

11 სექტემბერი – დღე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა


“მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო” – 2001 წლის 11 სექტემბრის მერე ეს სიტყვები არაერთხელ გვსმენია. იმ ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა

და დღეს მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს საზარელი ტერორისტული ოპერაციის ცალკეულ დეტალებს, პატივს მიაგებს სამიათასზე მეტი დაღუპულის ხსოვნას, ცდილობს, გაიაზროს, რამ ჩაადენინა თავდამსხმელებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, ყველაზე დაუნდობელი ტერაქტი. ჩვენც გადავწყვიტეთ, დღევანდელი გადაცემა თითქმის მთლიანად მივუძღვნათ 11 სექტემბრის ტრაგედიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჯერ მოვლენათა ქრონოლოგიას მივყვეთ.

ყველაფერი სამშაბათს დილას, ჩვეულებრივი სამუშაო დღის დასაწყისში მოხდა. ადგილობრივი დროით რვა საათსა და 45 წუთზე გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგ 757” ნიუ-იორკის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა და შენობის ზედა ნაწილი ხანძრის ალში გაახვია. სწორედ ამ “ბოინგში”, ოთხ თანამზრახველთან ერთად, იმყოფებოდა ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი მოჰამედ ატა. მათს გარდა თვითმფრინავში იყო 94 ადამიანი – მგზავრები და ეკიპაჟის წევრები.

იმ დღეს მანჰეტენის ერთ-ერთ ქუჩაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ. “ბოინგის” ძრავების ხმაური და გაოგნებულ გამვლელთა პირველი რეაქციები დოკუმენტალისტებმა სრულიად შემთხვევით ჩაიწერეს:

[თვითმფრინავის ხმა, აფეთქება, შეძახილები]

18 წუთის შემდეგ თავზარდაცემულმა ამერიკელებმა უკვე ტელევიზორით ნახეს, როგორ დაეჯახა კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი “ტყუპ კოშკებად” წოდებული კომპლექსის ჩრდილოეთ ცათამბჯენს. ამ დროისთვის აშშ-ის თითქმის ყველა ტელეკომპანია ალში გახვეულ სამხრეთ კოშკს უჩვენებდა და, ამდენად, მეორე დაჯახება ტელემაყურებელმა პირდაპირი ეთერით იხილა.

[დონ დალერის ხმა]

“ო, ღმერთო ჩემოო”, ამ სიტყვებით გაწყვიტა ტელეკომპანია ABC-ის კორესპონდენტმა დონ დალერმა თავისი რეპორტაჟი. ნათელი შეიქნა, რომ საქმე გვქონდა არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ კოორდინირებულ, კარგად ორგანიზებულ ტერორისტულ ოპერაციასთან (აქვე დავძენ, რომ მეორე თვითმფრინავში 53 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა).

პრეზიდენტი ბუში ფლორიდის შტატის ქალაქ სარასოტის ერთ-ერთ დაწყებით სკოლას სტუმრობდა, როცა მოახსენეს, რომ სამხრეთ ცათამბჯენს თვითმფრინავი დაეჯახა. მაგრამ რაკი ყველას ეგონა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, ვიზიტი არ შეწყვეტილა. გავიდა კიდევ სულ ცოტა ხანი და ბუშის კანცელარიის უფროსმა ენდრიუ კარდმა ბავშვებით გარემოცულ პრეზიდენტს ყურში ჩასჩურჩულა: “ბატონო პრეზიდენტო! ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს მეორე თვითმფრინავი დაეჯახა. ამერიკას თავს დაესხნენ!”

ვიდრე სკოლიდან წავიდოდა, ბუშმა თავდასხმებთან დაკავშირებით თავისი პირველი საჯარო განცხადება გააკეთა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “მე ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტს, ნიუ იორკის გუბერნატორს, გამოძიების ფედერალური სამმართველოს დირექტორს, და გავეცი განკარგულება, ფედერალური მთავრობის მთელი რესურსები მიმართულ იქნეს მსხვერპლთა და მათი ოჯახების დასახმარებლად, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი გამოძიება ამ აქტის ჩამდენთა გამოსავლენად და დასაჭერად. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორიზმი მარცხისთვის არის განწირული.”

მაგრამ იერიშები ამით არ ამოწურულა. ნიუ-იორკის თავდასხმებიდან სულ რამდენიმე წუთში, 9 საათსა და 43 წუთზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს “პენტაგონად” წოდებულ შენობას დაეცა. ხუთი თვითმკვლელი ტერორისტის გარდა მასში კიდევ 63 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან ერთად დაიღუპა შენობაში მყოფი 125 ადამიანი.

ამასობაში, ნიუ იორკში, ასობით მეხანძრე ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ალმოდებულ ცათამბჯენებში ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობასა და 417-მეტრიან კოშკებში მყოფთა გადარჩენას. მაგრამ კვამლმა და აუტანელმა სიცხემ, რომელიც ზოგან ცელსიუსით 1100 გრადუსს აღწევდა, ცათამბჯენების ზედა სართულებზე გამომწყვდეულ ადამიანებს შანსი არ დაუტოვა: ზოგმა მათგანმა, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველიც ადასტურებს, ფანჯრიდან გადახტომა ამჯობინა:

[თვითმხილველის ხმა] “ხალხი ფანჯრებიდან ხტება. მე დავინახე, როგორ გადმოხტა, სულ ცოტა, 13-14 ადამიანი. ეს რაღაც საშინელებაა! ვერ დამიჯერებია, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდება...”

ორი საათის მანძილზე როგორც ერთი, ისე მეორე 110-სართულიანი შენობა ნანგრევებად იქცა. პირველი კოშკის ჩამონგრევიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ პენსილვანიის შტატის ცაში კიდევ ერთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყო: ოთხმა ტერორისტმა გაიტაცა ნიუარკიდან სან-ფრანცისკოში მიმავალი თვითმფრინავი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც გამომძიებლები ვარაუდობენ, ტერორისტებს სურდათ, ეს თვითმფრინავიც ბომბად გამოეყენებინათ, მაგრამ მგზავრთა ერთმა ჯგუფმა, როგორც ჩანს, გამტაცებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. შედეგად, თვითმფრინავი პატარა ქალაქ შენკსვილის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა. ისევ და ისევ გამომძიებელთა ვარაუდით, მგზავრების ამ ნაბიჯმა აფეთქებისგან, შესაძლოა, თეთრი სახლი იხსნა.

ნაშუადღევს პრეზიდენტმა ბუშმა მეორედ მიმართა ამერიკელ ხალხს: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩვენი სამხედროები, შინ თუ მთელს მსოფლიოში, უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ჩვენ უშიშროების ყველა აუცილებელ ზომას მივმართეთ, რათა თქვენმა მთავრობამ თავისი ფუნქციების შესრულება განაგრძოს.”

უპრეცედენტო მასშტაბის ტერაქტების ამსახველმა კადრებმა ამერიკასთან ერთად მთელი მსოფლიო გააოგნა. სახელმწიფოების ლიდერებსა და მათ მთავრობებს უმალ ამოქმედება ჰმართებდათ. როგორც პრეზიდენტი ბუში მოგვიანებით იხსენებდა, უცხოელი კოლეგებიდან პირველმა მას ვლადიმირ პუტინმა დაურეკა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართა თანამემამულეებს:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”დღეს რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ აქტუალურია რუსეთის წინადადება ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანების შესახებ. ტერორიზმი არის 21-ე საუკუნის შავი ჭირი. რუსეთმა ტერორი საკუთარ თავზე გამოსცადა, ამიტომ ყველაზე უკეთ გვესმის ამერიკელი ხალხის”.
ხოლო ბერლინში გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ბევრი ევროპელი კოლეგის აზრი გამოხატა ამ სიტყვებით: ეს მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის ომის გამოცხადება არისო. [გერჰარდ შრიოდერის ხმა]

საერთოდ, 11 სექტემბერს ბევრი განცხადება გაკეთდა, მაგრამ, ალბათ, არც ერთისთვის მოუსმენიათ ისეთი ყურადღებით, როგორიც რუდოლფ ჯულიანის გამოსვლამ დაიმსახურა., როგორც ნიუ-იორკის მერს, ჯულიანის წილად ხვდა სამწუხარო მოვალეობა, საზოგადოებისათვის კატასტროფის დეტალები გაეცნო. თუმცა, პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ყველას პირზე ეკერა – რამდენი ადამიანი იყო დაღუპული? – არც ჯულიანის აღმოაჩნდა. ადგილობრივი დროით 15 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე მან უმთავრესად სამაშველო ოპერაციებზე ისაუბრა: [რუდოლფ ჯულიანის ხმა] ”ვცდილობთ, ათასობით ადამიანის ევაკუაციას. ყველა პოლიციელი და მეხანძრე, რომელიც მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში მუშაობს, ევაკუაციაში მონაწილეობს და ცდილობს, გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი”.

ასევე ნაშუადღევს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვაშინგტონზე უფრო უსაფრთხოდ მიჩნეულ ადგილას – ნებრასკის შტატში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გადაიყვანეს, ხოლო ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სახელგანთქმულ კიბეებზე ამერიკელი კონგრესმენები შეიკრიბნენ, რათა პირობა დაედოთ, რომ გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდებოდნენ იმათ, ვისაც შემზარავი ტრაგედიის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მაგრამ ვის ეკისრებოდა ეს პასუხისმგებლობა?

ტერაქტებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებსა და მასმედიაში ალაპარაკდნენ მომხდართან ”ალ-ყაიდისა” და მისი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შესაძლო კავშირზე. ბრალდება იმავე დღეს კატეგორიულად უარყო თალიბანმა – ავღანეთის მაშინდელმა მმართველმა გასამხედროებულმა ისლამურმა ორგანიზაციამ, რომელიც ბინ ლადენს იფარებდა. აი, რა თქვა თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უაკილ აჰმედ მუტაუაკილმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე: [უაკილ აჰმედ მუტაუაკილის ხმა] ”ვფიქრობ, ძალიან დიდი რამ მოხდა და ისეთი ადამიანის დადანაშაულება, რომელიც თქვენც ვერ წარმოგიდგენიათ ასეთი თავდასხმის მომწყობად, უბრალოდ, უსამართლობაა”.

დაბოლოს, 2001 წლის 11 სექტემბრის ქრონიკას უთუოდ მიეკუთვნება იმ დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის კიდევ ერთი, რიგით მესამე გამოსვლა ადგილობრივი დროით 21 საათზე: ამჯერად პრეზიდენტმა ბუშმა ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან მიმართა თანამემამულეებს: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”მასობრივი მკვლელობის ამ აქტების მიზანი იყო ჩვენი ერის დაშინება, ქაოსსა და სასოწარკვეთაში ჩაგდება. მაგრამ მათ ხელი მოეცარათ. ჩვენი ქვეყანა ძლიერია”.

განვლილი წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. 2002 წლის 11 სექტემბერს კი მთელი მსოფლიოს ყურადღება ისევ ნიუ იორკისკენ არის მიპყრობილი: იქ, სადაც ერთ დროს ”ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის” ტყუპი კოშკები იყო აღმართული, რუდოლფ ჯულიანის კიდევ ერთხელ ერგო სამწუხარო მოვალეობა – გაეხსნა ტერაქტების წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი ცერემონია. ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში ერთი წლის წინათ დაღუპულების – 3000-ზე მეტი ადამიანის გვარების საჯაროდ წაკითხვა ნიუ იორკის ყოფილმა მერმა დაიწყო. [რუდოლფ ჯულიანის ხმა]
XS
SM
MD
LG