Accessibility links

logo-print

ტელეგადაცემა ტელეფილმის იერით


გასული კვირის მიწურულს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით ახალი ქართული ტელეფილმის პრემიერა შედგა. ტელეფილმების სტუდიამ წარმოადგინა რეჟისორ კარლო ღლონტის ვიდეოფილმი,

რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია მიიჩნევს, რომ ეს იყო კარგი ტელეგადაცემა, რომელსაც ტელეფილმის ნიღაბი ჰქონდა, იმის ილუზიის შესაქმნელად, რომ სატელევიზიო კინო საქართველოში კვლავ არსებობს.

ფილმის პრემიერამდე სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში რეჟისორმა კარლო ღლონტმა ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელს, მანანა შევარდნაძეს... არა და ოთარ მეღვინეთუხუცესზე ფილმის გადაღების შესაძლებლობის შექმნა ნამდვილად არ უნდა იყოს ‘სამადლობელი” საქმე – საქართველო ვალდებულიც კი იყო აქამდე შეექმნა დიდი მსახიობის კინოპორტრეტი. მეღვინეთუხუცესი რომ დიდი არტისტია, ამას თავად დრამატურგ ამირან ჭიჭინაძის, რეჟისორ კარლო ღლონტისა და ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილის ფილმიც ადასტურებს – ერთსაათიან ვიდეოფილმში შეირჩა ყველაზე ეფექტური ფრაგმენტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით, და, რაც მთავარია, გამოიძებნა ქართული დოკუმენტური კინოსთვის არასტანდარტული მხატვრული ხერხი – თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში მსახიობი თავად იხსენებს ცხოვრებას კინოსა და თეატრში – უაღრესად ბუნებრივია და ამავე დროს, თამაშსაც არ ერიდება, რადგან თამაში უკვე მისი ცხოვრების, მისი პიროვნების შემადგენელი ნაწილია. ვამბობ “თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში”, რადგან სურათის მეორე ნახევარში ავტორები რატომღაც უარს ამბობენ ამ ხერხზე და რთავენ იმ ადამიანების ინტერვიუს, რომელთანაც მეღვინეთუხუცესს მოუხდა მოღვაწეობა. აქ ფილმი უკვე ჩვეულებრივ ტელეგადაცემას ემსგავსება – სრულიად ირღვევა მხატვრული და დრამატურგიული მთლიანობა და აბსოლუტურად გაუგებარი რჩება ფინალი, როცა ეკრანზე რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემიის, “ჩაიკას” (იგივე “თოლიას”) გადაცემის ცერემონიალის კადრები ჩნდება, თანაც რუსეთის ტელეკომპანია “ნტვ”-ეს ლოგოს თანხლებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეღვინეთუხუცესის ყველაზე დიდი გამარჯვება რუსი კოლეგების აღიარება და რუსული პრემიაა.

არა მგონია ეს “დრამატურგიული დაუდევრობა” ავტორების პოზიციას გამოხატავდეს. “ჩაიკას” ცერემონიალი, როგორც ჩანს, უბრალოდ “მიება” უკვე დასრულებულ ფილმს, ისე, როგორც ტელეგადაცემებში ხდება ხოლმე. ამ დაუდევრობას ასე არ “გამოვედევნებოდით”, (მითუმეტეს, რომ ტელეფილმების სტუდიამ იმ საღამოს მაყურებელს მშვენიერი საღამო აჩუქა), რომ არა ერთი ტენდენცია, საკმაოდ მკაფიოდ წარმოჩენილი კარლო ღლონტის ფილმში – სტუდია თანდათან უარს ამბობს ტელეფილმის სპეციფიკაზე და ტელეგადაცემების სიმრავლით იწონებს თავს. ამასობაში კი მაყურებელს, შესაძლოა, საერთოდ დაავიწყდეს რა არის ტელეფილმი, შეიძლება კინო და ტელევიზია ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩიოს.
XS
SM
MD
LG