Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მსხვეპლთა სულების მოხსენიების ცერემონიები შეერთებულ შტატებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების ერთი წლისთავის აღნიშვნის ცერემონიაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა,

რომ თუმცა მისი თანამემამულეები თავს მოწყვლადად გრძნობენ ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში ტერაქტებში სამი ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვის გამო, განცდილმა ტკივილმა და ვარამმა ამერიკელები გააერთიანა და ძალა შემატა.

პრეზიდენტი დაჰპირდა თანამემამულეებს, რომ წარუდგენს სამსჯავროს ტერაქტების ორგანიზატორებს, სახელდობრ, “ალ ყაიდის” ტერორისტულ ქსელს, ოსამა ბინ ლადენის ხელმძღვანელობით, რომელსაც ბუში თავდასხმებზე პასუხიმეგბლობას აკისრებს.

ბუშმა თქვა, რომ ამერიკელებს აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც უზრუნველყოფს გამარჯვებას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ომში.

[ბუშის ხმა] “ყველაზე მეტად სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენი მტრებისგან. ჩვენთვის ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ჩვენი მტრებისთვის კი არავისი, არც უდანაშაულო ადამიანის და არც საკუთარი სიცოცხლე. დარწმუნებული იყავით, ჩვენი ქვეყანა ძლიერია და ჩვენი საქმე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს სცილდება. ჩვენ ვემსახურებით ადამიანის ღირსებას, სინდისითა და მშვიდობით დაცულ თავისუფლებას.”

ბუში ლაპარაკობდა ნიუ იორკის ნავსადგურში, ელისის კუნძულზე, სადაც გასული საუკუნის დამდეგს ბევრმა ევროპელმა ემიგრანტმა პირველად დადგა ფეხი ამერიკის მიწა-წყალზე. პრეზიდენტი გამოდიოდა ღია ცის ქვეშ, პროჟექტორებით განათებული თავისუფლების ქანდაკების ფონზე.

ბუშის გამოსვლით დამთავრდა 11 სექტემბრის წლისთავის აღმნიშვნელი ცერემონიები ამერიკაში. ისინი დაიწყო გამთენიისას ნიუ იორკში, სადაც პოლიციელებისა და მეხენაძრეების რაზმები ქალაქის ხუთი სხვადასხვა კუთხიდან მარშით მივიდნენ იქ, სადაც ერთი წლის წინათ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი კოშკი იდგა. ამ ადგილს ამერიკელები “გრაუნდ ზეროს” უწოდებენ, “ნულოვან მიწას”. ეს ტერმინი, ჩვეულებრივ, ბირთვული დაბომბვის ადგილის აღსანიშნავად გამოიყენება.

“გრაუნდ ზეროზე” თავშეყრილი ათასობით ადამიანი 8 საათსა და 46 წუთს ერთწუთიანი დუმილით შეხვდა. ერთი წლის წინათ ზუსტად ამ დროს შეეჯახა პირველი გატაცებული თვითმფრინავი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს.

სიტყვით გამოვიდა ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი; შემდეგ დაღუპულთა ახლობლებმა და წარჩინებულმა პირებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და რუდოლფ ჯულიანიმ, რომელიც ტერაქტის დროს ნიუ იორკის მერი იყო, სევდიანი მუსიკის თანხლებით 2801 მსხვერპლის სახელი წაიკითხეს. (მუსიკაზე ჯულიანის ხმა)

ამასობაში ვაშინგტონში ბუში უძღვებოდა შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების შტაბ-ბინაში – პენტაგონში – გამართულ ცერემონიას. პენტაგონზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში 189 ადამიანი დაიღუპა.

პენტაგონიდან ბუში გადაფრინდა პენსილვანიაში, სადაც კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი ჩამოვარდა. მგზავრებმა, შეიტყვეს რა გამტაცებლების განზრახვა, მოახერხეს მათი გეგმების ჩაშლა.

ცერემონიას ხელმძღვანელობდა ბუშის ადმინისტრაციაში შინაგანი უსაფრთხოების უწყების უფროსი, ტომ რიჯი, რომელიც შარშან, თავდასხმის დროს, პენსილავნიის შტატის გუბერნატორი იყო.
რიჯმა თქვა, რომ როცა 40 მგზავრი თვითმფრინავზე ადიოდა,ისინი სულაც არ აპირებდნენ გმირული საქმის ჩადენას. მაგრამ , უთხრა მან დაღუპულთა ახლობლებს რომლებიც ესწრებოდნენ ცერემონიას, როცა მგზავრებმა გაიაზრეს, რომ გამტაცებლები თვითმფრინავის იარაღად გამოყენებას აპირებდნენ, შესაძლოა ვაშიგტონის წინააღმდეგ, მათ იმოქმედეს როგორც ჯარისკაცებმა, როგორც ჭეშმარიტმა ამერიკელებმაო.

ბუში არ გამოსულა სიტყვით არც პენსილვანიაში და არც ნიუ იორკში, მაგრამ ორივეგან ინდივიდუალურად ესაუბრა 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებს, ჩამოართვა მათ ხელი და ზოგიერთს გადაეხვია კიდევაც.
XS
SM
MD
LG