Accessibility links

logo-print

მცირე ბიზნესის მფლობელს ”პატივისცემის” მოყვარული მაკონტროლებლები არ აკლიათ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი არსებობს გარკვეული საქმიანობა, რომელიც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს და სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. მთელ მსოფლიოში ასეთი ბიზნესი

ექვემდებარება ლიცენზირებას ან სერტიფიცირებას, ანუ სპეციალურ ნებართვას. საქართველოშიც უხვად მოიძებნება საქმიანობა, რომლის ლეგალურად წარმართვისათვის ამგვარი ნებართვაა საჭირო, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ხშირად ეს პროცესი ზედმეტად გართულებული და, შესაბამისად, კორუფციული რისკის მატარებელია. ამგვარადაა ფარმაცევტულ ბიზნესშიც.

სააფთიაქო ბიზნესი მეწარმეობის იმ სფეროს განეკუთვნება, რომელიც, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს მასზე და მის საქმიანობასაც სპეციალური წესების საშუალებით არეგულირებს. ბუნებრივია, ამაში არალოგიკური არაფერია -ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იზრუნოს. თუმცა საქართველოში ლიცენზირება და სპეციალური ნებართვა საქმიანობაზე ხშირად გაუკუღმართებულ ფორმებს იღებს და, როგორც წესი, კორუფციისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

საქართველოში ბიზნესის ეს სფერო საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია. იმისათვის, რომ მეწარმემ აფთიაქი გახსნას, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან ცნობების მთელი დასტა უნდა შეაგროვოს. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე აფთიაქის მფლობელი გვიამბობს:
(აფთიაქის მფლობელის ხმა): აფთიაქის გასახსნელად, ახალი მოთხოვნების მიხედვით, პირველ რიგში, შესაბამისი ფართობის მფლობელი ან არენდატორი უნდა იყო. ადგილი, სადაც აფთიაქი უნდა გაიხსნას, 41კვ.მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ასეთ შენობას ფლობ ან არენდატორი ხარ, შემდეგ უნდა შეაგროვო საბუთები სასამართლოდან, კადასტრიდან, არქიტექტურის განყოფილებიდან, უნდა დაურთო დიპლომირებული და ტესტირებაგავლილი პროვიზორის საბუთები და წარადგინო ჯერ სანეპიდსადგურის 2 წლიანი ლიცენზიის მოსაპოვებლად და, თუ იქ დადებითად გადაწყდა, შემდეგ - ჯანდაცვის სამინისტროში განსახილველად. შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები განიხილავენ განცხადებას, ადგილზე გამოგზავნიან ექსპერტებს, შეამოწმებენ ყველა პირობას და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, გამოგიყოფენ ლიცენზიას .

აფთიაქებზე გაიცემა ლიცენზია, რომელსაც 25 წლიანი მოქმედების ძალა აქვს. ამ ნებართვაზე ოფიციალური ერთჯერადი გადასახადი 300 ლარს შეადგენს. ერთი შეხედვით, ყველაფერი არც ისე რთულადაა და, შესაბამისი საწყისი კაპიტალის, ფართობის და მეწარმის უნარ-ჩვევების არსებობის პირობებში, თითქოს თამამად შეიძლება საქმის ორგანიზება. მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რა დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული ჩვენს პირობებში ელემენტარული ცნობების შეგროვება და პროექტების დამტკიცება. იმავე აფთიაქის მფლობელს ამ პროცედურებზე დაახლოებით 4 თვე და დაახლოებით 1200 ლარი დაეხარჯა.

მიუხედავად ბიუროკრატიული ბარიერების და სხვადასხვა წინააღმდეგობისა, თუ საქართველოში მომრავლებული აფთიაქების რაოდენობით ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ბიზნესი მაინც ღირს წვალებად. თუმცა მეწარმე ლიცენზიის აღების შემდეგაც ვერ იქნება აბსოლუტურად დამშვიდებული. გარდა ტრადიციული შემმოწმებლებისა, ახალბედა ბიზნესმენს, სხვადასხვა ტიპის ლეგალურ და არალეგალურ მაკონტროლებლებთანაც მოუწევს ანგარიშის გასწორება. საგადასახადო ინსპექციის და სანეპიდსადგურის თანამშრომლების გარდა, მეწარმეს უბნის ინსპექტორი, ფასების კომიტეტის წარმომადგენელი და მეხანძრეებიც ხშირად სტუმრობენ, ანუ ყველაფერი ისეა, როგორც ნებისმიერ მცირე ბიზნესში.

(აფთიაქის მფლობელი: ყველაფერი წესრიგშიც რომ გქონდეს, ყველას რაღაც პატივი მაინც უნდა სცე) თუ ჩვენს რესპონდენტს ვენდობით, ამგვარი ”პატივისცემის” მოყვარული შემმოწმებლები მისი აფთიაქის ზღურბლზე არცთუ იშვიათად ჩნდებიან.
XS
SM
MD
LG