Accessibility links

მოსკოვში ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტის თვალით დანახული რუსეთი. დავით ბერიტაშვილი ორი რუსეთის არარსებობის შესახებ


ვისაც ორი რუსეთის არსებობის აქამდე მაინც სჯეროდა, მის მსოფლმხედველობაში გარდატეხა პუტინის 11 სექტემბრის განცხადებას და ამ განცხადებასთან დაკავშირებით რუსეთის

პოლიტიკური წრეების გამოხმაურებას უნდა შეეტანა. მოსკოვში ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტი დავით ბერიტაშვილი ასეთი ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნება. ორი რუსეთის შესახებ მითი მისთვის კარგა ხანია გარდაიცვალა. რამდენიმე წელია ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებისთვის მოსკოვში მოქმედი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების კარი ჩარაზულია. მკაცრ ცენზურაზე დაფუძნებულმა პუტინის “დერჟავნიკულმა” იდეოლოგიამ და მისით ნაკარნახევმა ანტიქართულმა კამპანიამ საქართველოს მიმართ რუსეთის რიგითი მოქალაქეებიც გაამკაცრა. პუტინის ხელში რუსეთი კიდევ უფრო საშიში გახდა, თუმცა დავით ბერიტაშვილი ხედავს, რომ რუსეთის მოკავშირეები პოზიციებს საქართველოშიც კარგავენ. დავით ბერიტაშვილი ეს დღეები თბილისში იმყოფება.

ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს შეკითხვას “ისევ სჯერა თუ არა ორი რუსეთის ?” პრეზიდენტმა შევარდნაძემ უპასუხა: “ მე მჯეროდა და მჯერა ორი რუსეთის არსებობისო.” მოსკოვში ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტს დავით ბერიტაშვილსაც ამ შეკითხვით მივმართე.

[დავით ბერიტაშვილის ხმა] “აღარ არის ორი რუსეთი. იმიტომ, რომ სხვა წყაროები არა აქვთ. ცენზურაა აბსოლუტური საქართველოს შესახებ ინფორმაციაზე. ნუ, განეწყობი საქართველოს წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიულად განწყობილი ხალხი რუსეთში გადააქციეს მარგინალებად და ის ეგრეთ წოდებული ჩუმი უმრავლესობა გახდა მთავარი საყრდენი ხელისუფლების. საქართველოსადმი სიმპათიებით განწყობილი ინტელექტუალებიც კი რომ იყვნენ, მათ მიკროფონთან არ მიუშვებენ. ტელევიზიით არ გამოიყვანენ.”

რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები კარგა ხანია დახურულია ქართული სათვისტომოსთვისაც. ბოლო 2-3 წელია “დერჟავნიკული” იდეოლოგიის ხელისუფლებამ რუსეთში პრესა ბოლომდე მართვადი გახადა. ამ უკანასკნელმა კი ხანგრძლივი ანტიქართული კამპანიით მიზანს მიაღწია. დავით ბერიტაშვილის თქმით, დღევანდელ რუსეთში საქართველოს მოკავშირეები, უბრალოდ, აღარ არიან. მოსახლეობის 60-70 პროცენტი პუტინის მკაცრი ხელის თაყვანისმცემელი გახდა და ახლო წარსულის ნოსტალგიაში ჩაიძირა. გავლენის სფეროების დაკარგვას, რუსეთის ხელისულებისა და სამხედრო წრეების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც განიცდიან.

[დავით ბერიტაშვილის ხმა] “ ასე ვთქვათ, ამპუტირებული კიდურების სინდრომი აწუხებს საზოგადეობასაც, რადგან მასზე ყველაზე მეტ გავლენას ტელევიზია ახდენს. ტელევიზია კი მთლიანად ემორჩილება დღევანდელი პოლიტიკური გეზის ინტერესებს.”

კრემლის აშკარა გავლენისგან თავისუფალი ორგანოების რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელი გახდა. ასეთებად დავით ბერიტაშვილი “ მოსკოვსკიე ნოვოსტის,” “ ნეზავისიმაია გაზეტას” და “ეხო მოსკვის” ასახელებს. ძნელი საპოვნელია პუტინის ხელისუფლების დემოკრატიული ოპოზიციაც. არის “მემარჯვენეთა კავშირი”, თავისი ნემცოვით, და ის პუტინს არ უღალატებს; დემოკრატიულ პოზიციებზე რჩება “იაბლოკო”, თუმცა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არც ლუკინია. “ელექტორატის განწყობილების მიზეზით, ხელისუფლებაში ძნელად მოხვდება პირი, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს არ გადადებს და დერჟავნიკულ იდეოლოგიას არ უერთგულებს. ნორმალურ ქვეყნებში სპეცსამსახურები პოლიტიკოსებს ემსახურებიან. რუსეთში ასე არ ხდება, “- ამბობს მოსკოვში საქართველოს სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტი და დასძენს:

“ როგორც ელცინის დროს ყველა ტენისს თამაშობდა რუსეთში, ამ პრეზიდენტის სიმპათიებიც ცნობილია. კოლეგები უყვარს. ამიტომ მისი კოლეგები სულ უფრო და უფრო სჭარბობენ პოლიტიკურ წრეებში და რუსეთში გამოდის ისე, რომ პოლიტიკოსები ემსახურებიან სპეცსამსახურებს და არა პირიქით, როგორც უნდა იყოს.”

ასეთია დღევანდელი რუსეთი. დავით ბერიტაშვილის ვარაუდით, ამ ქვეყნის პრეზიდენტი თავისი ბოლო განცხადებით აფხაზეთის მიმართულებით განსახორციელებელ სერიოზულ პროვოკაციას უნდა ნიღბავდეს. დავით ბერიტაშვილმა თბილისში ყოფნისას იგრძნო, რომ პუტინის ეს პოლიტიკა ჩვენს რეგიონში და საქართველოში რუსეთის პოზიციებს კიდევ უფრო არყევს. არყევს რუსეთზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსების პოზიციებსაც და საქართველოში დასავლეთის გავლენას აძლიერებს. ბატონი დავითი მოსკოვში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

[დავით ბერიტაშვილის ხმა] “მე ვარ რუსეთის მოქალაქე, მე ვიხდი გადასახადებს. ასეთები ვართ, ალბათ, 300000-400000 რუსეთის მოქალაქე. ჩემი ფული მიდის ბიუჯეტში, სამხედრო ბიუჯეტშიც. მერე ჩემი ფულით ბომბავენ ჩემს სახლს. ასე რომ, მძიმე მდგომარეობაში ვართ იქაური ქართველები. ნუ, რასაც ვახერხებთ, ვაკეთებთ. ისე კი, საქართველოს პოზიციაც უნდა იყოს პრინციპული. უნდა იდგნენ რაღაც საწყისებზე. არ უნდა დაიხიონ უკან. “

დავით ბერიტაშვილი მოსკოვში 1961 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული საქმის კეთების რესურსს ამოწურავს.
XS
SM
MD
LG