Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები საგანგებო სხდომებზე


საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები საგანგებო სხდომებზე შეიკრიბნენ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების განსახილველად.

საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები საგანგებო სხდომებზე შეიკრიბნენ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების განსახილველად.
ლაპარაკია ვლადიმირ პუტინის მხრივ გაფრთხილებაზე, რომ რუსეთი სამხედრო ზომებს მიიღებს, თუ საქართველო არ გაანადგურებს ტერორისტების ბაზებს პანკისის ხეობაში. როგორც დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 4-საათიანი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, დავით თევზაძემ განაცხადა, საქართველო მიიღებს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ ზომებს პანკისის ხეობის ირგვლივ კრიზისის განსამუხტად. თევზაძეს დეტალებზე არ უსაუბრია. მისმა რუსმა კოლეგამ, სერგეი ივანოვმა კი მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აქციის კონკრეტულ გეგმას უახლოეს მომავალში წარუდგენენ პრეზიდენტ პუტინს. საღამო ხანს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა საქართველოს პარლამენტი. მან მიიღო მიმართვა გაეროს, ნატოსა და ევროკავშირისადმი, ”მიღონ რეალური ზომები საქართველოს დასახმარებლად, და მორიგი სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად”. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, კახა სიხარულიძემ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შევხედრის შემდეგ აღნიშნა, თბილისი ”ყველა ღონეს ხმარობს დაძაბულობის განსამუხტად”. სიხარულიძის თქმით: [კახა სიხარულიძის ხმა] ”ძალიან შეშფოთებული ვართ ამ განცხადებით. ყველა ღონეს ვხმარობთ დაძაბულობის განსამუხტად. ალბათ, სულ რამდენიმე საათში მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და ჩამოვაყალიბებთ ჩვენს ოფიციალურ პოზიციას. საგარეო საქმეთა სამინისტრო საბოლოო პოზიციას ჩამოაყალიბებს საქართველოს უშიშროების საბჭოს დავალებით”. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსუდან ბერიძის განცხადებით, საქართველოს უშიშროების საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მობილიზაციის შესახებ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს შეუძლია, თუმცა, როგორც ბერიძე ფიქრობს, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად არანაირი საფუძველი არ არსებობს. რუსუდან ბერიძემ აღნიშნა აგრეთვე, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისაგან და მეგობარი ქვეყნებისაგან ელოდება პუტინის განცხადებაზე გამოხმაურებას.
XS
SM
MD
LG