Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს ჩეჩენი ჟურნალისტი ვლადიმირ პუტინის განცხადებას?


ვლადიმირ პუტინის 11 სექტემბრის განცხადება უკვე არაერთხელ გადაიცა საქართველოს ტელევიზიისა თუ რადიოს სხვადასხვა არხით. მოდით, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] “თუ საქართველოს ხელმძღვანელობას არ შესწევს უნარი, უზრუნველყოს უსაფრთხოება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, თუ ის განაგრძობს გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის 1373-ე რეზოლუციის უგულებელყოფას და თუ ის ბოლოს ვერ მოუღებს ბანდიტურ თავდასხმებს მეზობელი რუსეთის ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც გაეროს ყველა წევრ ქვეყანას ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უცილობელ უფლებას ანიჭებს.”

ახლა ვნახოთ, რა წერია გაეროს ქარტიის 51-ე მუხლში: “ეს ქარტია არ ეხება გაეროს წევრის უცილობელ უფლებას, მასზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ინდივიდუალურად ან კოლექტიურად დაიცვას თავი, ვიდრე უშიშროების საბჭო მიიღებდეს ზომებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ორგანიზაციის წევრები თავდაცვის ამ უფლების განხორციელებისას მიმართავენ, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ უშიშროების საბჭოს და ეს ზომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, ამ ქარტიის შესაბამისად, ნებისმიერ დროს იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.”

აი, ეს არის გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის სრული ტექსტი. და თუ პუტინის განცხადების ლოგიკას მივყვებით, საქართველოსაც აქვს უფლება, თავდაცვის მიზნით სამხედრო ოპერაცია რუსეთში განახორციელოს; რადგან სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან (თუ იმყოფებოდნენ) რუსეთის შეიარაღებული მოქალაქეები.

ესეც რომ არა, თუ საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, პროფესორ ლევან ალექსიძეს დავესესხებით, “საქართველოში თუნდაც 500 ჩეჩენი მეამბოხე რომ იმყოფებოდეს, ისინი საფრთხეს ვერ შეუქმნიან რუსეთის ეროვნულ უშიშროებას, რისთვისაც მეზობელი სახელმწიფოს დაბომბვა შეიძლება გახდეს საჭირო.”

ცხადია, დავინტერესდით, რას ფიქრობენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე ჩეჩნები. კომენტარი ვთხოვე რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური რედაქციის თანამშრომელს რუსლან შამაევს.

მას ეჭვი არ ეპარება, რომ თავისი განცხადებისთვის თარიღი ვლადიმირ პუტინს შემთხვევით არ შეურჩევია. 11 სექტემბერს წარმოთქმული ამ სიტყვებით მან სცადა, ჩეჩნეთის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მოეპოვებინა.

[რუსლან შამაევის ხმა] “ბოლო დროს დასავლეთის ლიდერებმა და, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, არაერთხელ დაუჭირეს მხარი ჩეჩნეთის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას და ისიც განაცხადეს, რომ რუსეთს პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლა ჰმართებს. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინათ ეს თქვა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ალექსანდერ ვერშბოუმ. რუსეთმაც, დაინახა რა, რომ ამ საკითხში დასავლეთის პოზიცია მისთვის არცთუ სასიკეთოდ იკვეთება, სცადა ეჩვენებინა, რომ ჩეჩნეთში იგი ტერორიზმს ებრძვის. მართალია, პუტინს ჩეჩნეთი არ უხსენებია, მაგრამ ეს სრულიად აშკარაა.”

მეორე შეკითხვა, რომელიც ჩემს ჩეჩენ კოლეგას დავუსვი, უფრო პროგნოზების სფეროდან გახლავთ. რუსლან შამაევს ვთხოვე, წარმოედგინა ჩეჩნების რეაქცია საქართველოს თანხმობაზე, რუსეთთან ერთად განახორციელოს სამხედრო ოპერაცია პანკისის ხეობაში; ანუ დაჰყვეს მოსკოვის ზეწოლას და მას კარგა ხნით წინათ გამოთქმული სურვილი შეუსრულოს. შამაევის პასუხი ასეთი იყო:

[რუსლან შამაევის ხმა] “ჩეჩნებს კარგად ესმით, ვისთან აქვს საქმე საქართველოს. კარგად გვესმის, რომ საომარი მოქმედებებისგან საკუთარი თავის დასაცავად საქართველოს შეეძლო, რუსეთის წინაშე გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. მაგრამ, მერწმუნეთ, ის, რაც პანკისის ხეობაში ხდება, ჩეჩნეთში მიმდინარე ამბებზე არავითარ გავლენას არ ახდენს და ეს პრობლემა თითიდან არის გამოწოვილი. სინამდვილეში რუსეთს სულ სხვა მიზნები ამოძრავებს. ეს მიზნები გეოპოლიტიკური ხასიათისაა და სულაც არ არის დაკავშირებული მიწის ამ პატარა ნაგლეჯთან.”
XS
SM
MD
LG