Accessibility links

პრეზიდენტ პუტინს საქართველოში ვერ გაუგეს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ პუტინის სენსაციური განცხადებიდან ორიოდე საათის შემდეგ მოწვეულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ შენიშნა, რომ ცხელ გულზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტირება

მიზანშეწონილი არ იქნებოდა, თუმცა იქვე დაამატა, ასეთი დაუსაბუთებელი განცხადების გაკეთება პოლიტიკოსს არ ეკადრებაო. ცივი გონებით პუტინის საპასუხო განცხადების თაობაზე სამსჯელოდ საქართველოს უშიშროების საბჭო 12 სექტემბერს შეიკრიბა.

როგორც ჩანს, პრეზიდენტ პუტინის განცხადების, რბილად რომ ითქვას, არასერიოზულობა რუსეთშიც გაიცნობიერეს. 12 სექტემბერს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები რუს ჟურნალისტებს უხსნიდნენ, თუ რა იგულისხმა პრეზიდენტმა პუტინმა, როცა საერთაშორისო ტერორისტების მფარველობაში დადანაშაულებული საქართველოს წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. 12 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, ანტიქართული განცხადებების მეშვეობით, უაღრესად პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად იქცა რუსეთში, განაცხადა, რომ უახლოეს ხანში მისი სამინისტრო პრეზიდენტს წარუდგენს სამხრეთ საზღვრების გამაგრების გეგმას და გააცნობს მოსაზრებებს, საქართველოს საზღვართან ბანდფორმირებების გასანადგურებლად სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ივანოვმა შენიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის განცხადება არ ნიშნავს, რომ რუსეთი სპეცოპერაციის ჩატარებას აპირებს საქართველოში. “ პრეზიდენტის განცხადება გულისხმობს, რომ ასეთი ოპერაცია, შესაძლოა, სულაც არ გახდეს საჭირო, ან გახდეს. ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეა დამოკიდებული,” – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმაო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი.”
როგორც ჩანს, 11 სექტემბრის განცხადების ივანოვისეული ინტერპრეტაციისგან განსხვავებულად აღიქვეს რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია საქართველოს აჯანყებული რეგიონების – აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის - დღევანდელმა ლიდერებმა, რომლებმაც 12 სექტემბერს მზადყოფნა გამოთქვეს, მხარში ამოუდგნენ რუსეთს საქართველოში საერთაშორისო ტერორისტთა ბაზების განადგურების ოპერაციაში. 12 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ დაადასტურა, რომ აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში მობილიზაცია გამოცხადდა.
საქართველოში საგანგებო ვითარება არ გამოცხადებულა. უშიშროების საბჭოს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური არხებით კონტაქტების გააქტიურების შესახებ. ნიუ-იორკში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს მიეცა განსაკუთრებული დავალება, გაეროს უშიშროების საბჭოს სესიაზე განმარტოს, თუ რატომ ვერ ხერხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა გაუმჯობესება.
როგორც უშიშროების სხდომიდან პარლამენტში დაბრუნებულმა ნინო ბურჯანაძემ აცნობა პარლამენტარებს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაარწმუნა უშიშროების სამჭო, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის არანაირი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა და საქართველო ამ სახელმწიფოების გარიგებათა მსხვერპლი არ არის.
ასევე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო მზად არის რუსეთთან კონსულტაციებისთვის, ამერიკული მხარის მონაწილეობით.
ასეთი შეთავაზება, ანუ საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარება ამერიკელების თანდასწრებით, ალბათ, ის არის, რაც რუსეთს ყველაზე ნაკლებად სურს. ოღონდ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, უკვე ამის აღიარება მოუწევს.
XS
SM
MD
LG