Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოუტანა რუსეთს 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ განვლილმა პერიოდმა, “ნეზავისიმაია გაზეტას” მიხედვით


თამარ ჩიქოვანი,გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის “ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, მოვლენებმა, რომლებიც 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდგომ ერთწლიან პერიოდში განვითარდა, გაცილებით მეტი დააკარგვინა რუსეთს, ვიდრე შესძინა.

ერთ-ერთ ასეთ დანაკრგად მიჩნეულია აშშ-ის სამხედრო გავლენის გაძლიერება კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში.
მართალია, წერილის პათოსი დიდად განსხვავდება პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული აგრესიული განცხადების ტონისგან, მაგრამ სავსებით ცხადია, რომ რიგით ჟურნალისტებსა და რუსეთის პრეზიდენტს ნაკლებად არგუმენტირებული მოსაზრებების სიჭარბე აერთიანებთ.
გესაუბრებით 11 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილის ზოგიერთი ფრაგმენტის შესახებ.

გაზეთის თქმით, “ერთი წელი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის უდიდესი ამერიკული ტრაგედიიდან გავიდა, უდავოდ, შემობრუნების წელიწადად უნდა ჩაითვალოს მსოფლიო განვითარების ისტორიაში.
ამერიკაში მომხდარი მოვლენები პლანეტაზე ძალთა გლობალური განლაგების მთავარ ფაქტორად იქცა. მაგრამ რუსეთს ეს ტრაგიკული მოვლენები და ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ერთადერთი კუთხით აინტერესებს: მოგებული დარჩა ის თუ წაგებული?”

“ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, “შემოსავლებისა და გასავლების” გეოპოლიტიკური ბალანსის შეფასება ცხადყოფს, რომ რუსეთი, სამწუხაროდ, მინუსებში აღმოჩნდა. გაზეთი წერს:

“დასავლეთის ქვეყნების ანტიტერორისტულ კოალიციაში თანაბარი სტრატეგიული მოკავშირის უფლებებით მონაწილეობა რუსეთს, ფაქტობრივად, შუა აზიაში თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დათმობად დაუჯდა. ვლადიმირ პუტინი, რომელმაც პირადად მოუწოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერებს, აქტიურად მიერთებულიყვნენ ანტიტერორისტულ კოალიციას და შეძლებისდაგვარი დახმარება გაეწიათ დასავლეთისთვის, შესაძლოა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნატოს ჯარები ყოფილი საბჭოთა ბაზებისა და აეროდრომების დაკავების შემდეგ იქიდან აღარ გავიდოდნენ. უფრო მეტიც, დღეს უკვე კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ყოფნაზეა საუბარი.

რაც შეეხება აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოებას, მართალია, ამ მხრივ განსაკუთრებული ილუზიები არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი მეზობლები, კერძოდ კი, ბალტიის ქვეყნები, უახლოეს პერიოდში ამ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები არ გახდებოდნენ”.

შემდეგ გაზეთი აღნიშნავს: “როდესაც მკვეთრად შემოვბრუნდით დასავლეთისკენ, სერიოზული იმედი გვქონდა, რომ საბჭოთა ვალის ნაწილს მაინც ჩამოგვაწერდნენ იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი უპირობოდ დაუჭერდა მხარს აშშ-ის მოქმედებებს ავღანეთში და რეალურ დახმარებასაც აღმოუჩენდა ამერიკელებს. მაგრამ ჩვენმა მოულოდნელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ თალიბთა მოთვინიერება, პირველ რიგში, თვით რუსეთისთვის არის მომგებიანი, ამიტომ ვალების რაიმე ჩამოწერაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დასავლეთი, ბოლოს და ბოლოს, აღიარებდა რუსეთს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას, მაგრამ თითქოს დაგვცინეს და ასეთ სახელმწიფოდ აღიარეს ყაზახეთი და არა რუსეთი. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ამერიკა და სხვა დასავლელი მეგობრები არ გააჭიანურებდნენ ჩვენი ქვეყნის შესვლას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, არ გამოილია ახალი მიზეზები და დასაბუთებები იმისათვის, რომ რუსეთი ჯერჯერობით არ გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი”.

გაზეთის მიხედვით, რუსეთს კიდევ არაერთ დათმობაზე მოუხდა წასვლა და ყოველივე ეს ცხრილის სახითაც კი არის დაბეჭდილი. თუმცა, “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსეთისთვის ეს მოვლენები 11 სექტემბრის გარეშეც განვითარდებოდა ამგვარად”.

“რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორედ ამ მიმართულებით მიიწევს თანამიმდევრულად”, წერს გაზეთი.
XS
SM
MD
LG