Accessibility links

რა პასუხს აძლევს საქართველოს პარლამენტი რუსეთის პრეზიდენტს


დავით პაიჭაძე, თბილისი რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისათვის 11 სექტემბერს მიცემულ დავალებას შეშფოთება მოჰყვა საქართველოს პარლამენტშიც.

12 სექტემბერს, დილიდან, დეპუტატები პასუხის ძიებაში იყვნენ. ამ ძიებისას გამოჩნდა მოსალოდნელი საფრთხისადმი საპარლამენტო ძალების რამდენიმე მიმართება, რომელთა გაცნობა საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელებისათვის. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

საქართველოს პარლამენტის წევრთა საგრძნობი ნაწილი შეგუებულია იმას, რომ პოლიტიკის განსაზღვრას საკანონმდებლო ორგანოს არავინ ეკითხება. კამათს – როგორი უნდა იყოს პარლამენტის განცხადება: უთითებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რა მოიმოქმედოს, თუ გამოხატავდეს აღშფოთებას და პროტესტს – დიდი დრო არ წაუღია. დეპუტატები უფრო სხვაგან სვამდნენ აქცენტებს. “მოქალაქეთა კავშირის” წევრი, კობა ამირხანაშვილი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: შეიარაღებული ჯგუფების ლიკვიდირება და საქართველოში სიტუაციის არევა. ხელისუფლებისა და საზოგადოების დაშინება საქართველოზე სამხედრო იერიშის მიტანით, საბოლოო ჯამში, ბიძგს მისცემს ხელისუფლების დამხობას საქართველოში. შედეგად, მოვა არა ის ხელისუფლება, რომელიც უფრო მედგრად დახვდება რუსეთს, არამედ ადამიანები, რომლებიც – აქ ამირხანაშვილმა ჟარგონისთვის ბოდიში მოიხადა – “გააპრავებენ” რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიას, დიდი ხნით დააკანონებენ რუსულ ბაზებსა და ა.შ. ასეთი გათვლა რუსეთს არ ექნებოდა, რომ არ ჰყავდეს საიმედო დასაყრდენი ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში.

მსგავსი განწყობილება არ ჰქონიათ მხოლოდ შევარდნაძის მხარდამჭერ საპარლამენტო ჯგუფებს. რადიკალურ ქმედებათაგან თავშეკავების, საერთო საფრთხის წინაშე საზოგადოებისა და ხელისუფლების კონსოლიდაციის პათოსი მსჭვალავდა ტრადიციონალისტ თედო პაატაშვილის სიტყვებსაც, ოღონდ ერთი ნიუანსით: პაატაშვილი ფიქრობს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მართებს იხელმძღვანელოს მისთვის საზოგადოებიდან პარლამენტის გავლით მიწოდებული თუ წაყენებული მოთხოვნებით.

“გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა ელენე თევდორაძემ ჩემთან საუბრისას გაიხსენა რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი როგოზინის სიტყვები, წარმოთქმული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომისიის სხდომაზე: როგოზინს მადლობა მოუხსენებია ჩვენი დეპუტატისათვის იმის გამო, რომ საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ქმედება რუსეთის ხელისუფლებას შევარდნაძის დამხობას უადვილებს.

12 სექტემბერს პარლამენტში, როგორც რუსები იტყვიან, ბევრი კენჭი ისროლეს რადიკალური ოპოზიციის, ანუ ნაციონალური მოძრაობის, ბოსტანში. “მოძრაობის” ფრაქციის თავმჯომარემ კოტე კემულარიამ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ გაფრთხილებად და არა მუქარად მიიჩნია. კემულარია შენიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ყოველგვარ – სიტყვიერ თუ სამხედრო – აგრესიას პასუხად კაპიტულანტური პოლიტიკა შეაგება: გაათავისუფლა სტავროპოლის მხარიდან შემოსული სამი მილიციელი, პირადად შევარდნაძე იქცა “თბილგაზის” “იტერასთვის” გადაცემის თავგამოდებულ მომხრედ. ფრაქციის თავმჯდომარე შიშობს, რომ კვაშნინისათვის მიცემულ პუტინის დავალებას საქართველოს ხელისუფლების მორიგი დათმობა შეიძლება მოჰყვეს: ვთქვათ, აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შემოღება, სამხედრო ბაზების სტატუსის რუსეთის სასარგებლოდ განსაზღვრა და სხვ. - ზუსტად განჭვრეტა ახლა შეუძლებელია. კემულარიას შეუძლებლად მიაჩნია საზოგადოებისა და ხელისუფლების კონსოლიდირება, რადგან პირველი მეორეს არ ენდობა, ხოლო მეორე ღალატობს და ყიდის პირველის ინტერესებს.

პარლამენტში 12 სექტემბერს გაისმა ერთი საგულისხმო აზრი: დეპუტატმა მარინა მოლოდინმა მიზანშეწონილად მიიჩნია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რეგისტრირებული იარაღის დარიგება იმ რეგიონებში, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ. ცხადია, თოფებითა და ავტომატებით შეიარაღება არ არის გამიზნული რუსული ავიაციისგან თავის დასაცავად. ამ იარაღით შეიძლება დახვდე არა რუსეთის ფედერალურ ძალებს, არამედ იმას, ვისაც ეს ფედერალური ძალები ებრძვიან. ჩემი შეკითხვა, ნამდვილად იცის თუ არა, რომ ახლა საქართველოს ჩრდილოეთში რუსეთიდან შემოსული შეირაღებული რაზმები იმყოფებიან, მარინა მოლოდინმა არც უარყო და არც დაადასტურა, მხოლოდ თქვა, რომ იარაღის დარიგება მოსახლეობას სიმტკიცესა და სიმშვიდეს შემატებს.
XS
SM
MD
LG