Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტისა და ოპოზიციის ურთიერთობა რუსეთის წნეხის ქვეშ


რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის მუქარა საქართველოს პრეზიდენტს პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ – პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობაშიც.

ოპოზიციის ნაწილი ცდილობს და მომავალშიც შეეცდება, რომ საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს არა იმდენად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე, რამდენადაც ხელისუფლების და, კერძოდ, პრეზიდენტის უსუსურობაზე საფრთხის პირისპირ.

ხუთშაბათს, პარლამენტის სხდომაზე, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ რუსეთის სახელმწიფოს აგრესიული პოლიტიკის მიზნად დაასახელა ათი წლის წინანდელი სცენარის გამეორება: საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ანტიკონსტიტუციური გზით, სამოქალაქო დაპირისპირებით.

რუსული საინფორმაციო საშუალებები, კარგა ხანია, აქვეყნებენ რუსი პოლიტიკოსების და პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდებს, რომ მალე საქართველოში “დიდი არეულობა” დაიწყება. რუსული პრესის ვერსიით, არეულობის საფუძველია არა უცხო ქვეყნის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, არამედ ის ფაქტორი, რომ შევარდნაძე ვითარებას ვეღარ აკონტროლებს და მხოლოდ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პროცესებს მართავდეს.

რუსული პრესის ვერსიითვე, სასურველია, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს რუსეთის ინტერესებს და, კონკრეტულად, არ იჩქაროს რუსეთის სამხედრო ბაზების დახურვა საქართველოში.

საინფორმაციო “დაბომბვას” მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ დაიბომბოს და განადგურდეს ჩეჩენი ტერორისტების ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. ქართველი პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ფიქრობენ, რომ რუსეთის მიზნები უფრო სერიოზულია, ვიდრე ტერორისტების დევნა პანკისის ხეობაში.

ამ პირობებში, ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიცია დგება არჩევანის პირისპირ: ან მხარი დაუჭიროს შევარდნაძეს და მასთან ერთად დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას, ან, პირიქით, რუსეთის აგრესიის პარალელურად, თავადაც გაზარდოს წნეხი და საზოგადოებას აჩვენოს ხელისუფლების და პრეზიდენტის უსუსურობა. 11 სექტემბერს, პუტინის განცხადების კვალდაკვალ, ზურაბ ჟვანიას გუნდმა აირჩია პირველი გზა – ანუ პრეზიდენტთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობა; ხოლო მიხეილ სააკაშვილის გუნდმა აირჩია მეორე გზა – პრეზიდენტთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირება.

ორივე გუნდს თავისი პოლიტიკური მიზანი და ამ მიზნისკენ სავალი გზები აქვს. ჟვანია ყოველთვის კონსტიტუციური ვადების დაცვას ემხრობოდა, სააკაშვილი კი – ხალხის ნების აღსასრულებლად ვადამდელ არჩევნებს ყოველთვის მისაღებად მიიჩნევდა.

სამომავლოდ, ალბათ, გადამწყვეტი აღმოჩნდება თავად ედუარდ შევარდნაძის პოზიცია რუსეთის მიმართ. თუ პრეზიდენტის ნაბიჯები ზურაბ ჟვანიას მედასავლეთე გუნდს საშუალებას მისცემს, ხელისუფლების მხარდაჭერა გააძლიეროს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება. ხოლო თუ პრეზიდენტი მეტისმეტად პრორუსულ და კაპიტულანტურ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ ჟვანია შეიქნება იძულებული, საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც კი, სააკაშვილის ბანაკში გადაინაცვლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ისევ თავიდან იკვრება პოლიტიკური სამკუთხედი: შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG