Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელოდა და როგორი მხარდაჭერა მიიღო საქართველომ დასავლეთისგან


პუტინის 11 სექტემბრის განცხადებამ რუსეთ-საქართველოს ისედაც რთული ურთიერთობა ყირაზე დააყენა. ბოლო ორი დღის მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთისა და საქართველოს დაშორიშორების შესახებ

მოარული ვერსია მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა. საქართველოში ორი რუსეთის შესახებ მითი დაიმსხვრა და როგორც ხელისუფლების ისე საზოგადოების მთელი ყურადღება დასავლეთისკენ მიიმართა.
ედუარდ შევარდნაძემ თავის რუს კოლეგას პარასკევს საპასუხო წერილი გაუგზავნა. მანამდე ის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის რეაგირებას ელოდებოდა. შევარდნაძე კმაყოფილია ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

მოვლენათა განვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს რუსეთსა და დასავლეთს შორის საბოლოო არჩევანის გაკეთების დრო დაუდგა. საქართველოს მიმართ რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას ნიღაბი მოეხსნა. რუსი პოლიტიკოსების ანტიქართულმა ისტერიამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ზღვარს გასცდა თვით ჟირინოვსკის ისტერიაც: ედუარდ შევარდნაძე მან უინტელექტო ადამიანად მოიხსენია, ქართული ჩაი – ნაგვად, ქართული ფორთოხალი კი - ღორების საკვებად. საქმე ის არის, რომ - სიტყვით თუ არა, საქმით - ჟირინოვსკის არც შედარებით გაწონასწორებული რუსი პოლიტიკოსები ჩამორჩებიან.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ოპერაციას. რუსი დეპუტატები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ეკონომიკური სანქციებისა და რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის შეჩერების მომხრენი არიან. ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ღია დიპლომატიური და ეკონომიკური ომის გამოცხადებას ნიშნავს და, როგორც იქნა, რუსეთის მიმართ ტონი საქართველოს ხელისუფლებამაც გაამკაცრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოხატა უკიდურესი შეშფოთება პუტინის 11 სექტემბრის განცხადების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა წინადადებით, პანკისის ხეობა და რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთი ეუთოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა რუსეთის წარმომადგენლების თანადასწრებით დაათვალიეროს და, კიდევ, საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს მოუფიქრებელი ნაბიჯებისგან, რასაც, შესაძლოა, ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვეს, საერთაშორისო თანამეგობრობას კი - მიიღოს გადამჭრელი ზომები კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. პუტინს მკაცრი შინაარსის საპასუხო წერილი გაუგზავნა პრეზიდენტმა შევარდნაძემაც. ეს ყველაფერი მოხდა 13 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პანკისის ხეობაში რუსეთის ცალმხრივი სამხედრო ქმედების წინააღმდეგი იქნება და რომ ის საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის მხარდამჭერია.

ედუარდ შევარდნაძისთვის ეს მხარდაჭერა მოულოდნელი არ ყოფილა. მოულოდნელი მისთვის ირაკლი მენაღარიშვილის და ჯორჯ ბუშის შეხვედრა აღმოჩნდა. ამ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

13 სექტემბერს შეერთებული შტატებისკენ იყო მიმართული ეუთოში საქართველოს მისიის წარმომადგენლების ყურადღებაც. თუმცა პუტინის განცხადებას ოფიციალურად გამოეხმაურა ეუთოს თავმჯდომარეც და, არცთუ მაინცდამაინც მკაცრი და კატეგორიული ტონით, მხარეებს მოუწოდა თავიდან აიცილონ დაპირისპირების ესკალაცია. ჩვენ ბრიუსელში დავუკავშირდით ეუთოში საქართველოს მისიის წარმომადგენელ გიგა ბურდულს. როგორც მან განმარტა:

[გიგა ბურდულის ხმა] “სამწუხაროდ, ეუთოში ამ დღეებში არავითარი ღონისძიება დაგეგმილი არ არის, ამიტომ შემდგომ კვირას უნდა დაველოდოთ და, რა თქმა უნდა, მოვლენათა განვითარებას.”

გიგა ბურდულის თქმით, ეუთოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებული არცთუ კატეგორიული შინაარსის განცხადება სრულებითაც არ მოწმობს იმას, რომ ეუთოს თანამეგობრობა ღრმად არ არის შეშფოთებული რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილი დაძაბულობით. გამორიცხული არ არის, რომ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ხუთშაბათს უნდა გაიმართოს, სწორედ ამ საკითხმა წამოიწიოს წინა პლანზე.
XS
SM
MD
LG