Accessibility links

logo-print

რუსული პრესა პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის “სოჭის განცხადებასთან” დაკავშირებით


როგორ განვითარდება რუსულ-ქართული ურთიერთობა და რას მოიტანს გამწვავება, რომელიც, პრეზიდენტ პუტინის “სოჭის განცხადების” მიხედვით, კარგად გააზრებული სახელმძღვანელო გეგმა ჩანს რუსეთში.

“მედია ინტერნეშენალ გრუპის” სოციოლოგიური გამოკითხვა ხუთი შესაძლო მიმართულებით ჩატარდა: ახალი კავკასიური ომის პროვოცირება, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაშლა, უშუალოდ საქართველოს დაშლა, საქართველოს შესვლა ნატოში და, ბოლოს, ძალზე ზოგადი და, ამასთანავე, მრავლისმომცველი ფორმულირება - ცუდი დასასრული, რომელსაც გამოკითხულთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შეიძლება ითქვას, რომ, პუტინის განცხადების ფონზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობათა პერსპექტივის განმსაზღვრელი რეზიუმე რუსულ პრესაში სწორედ ამ ძირითად ვერსიებში იყრის თავს და თანდათანობითი შერბილების ტენდენციით ხასიათდება.

14 სექტემბრის რუსული პრესა, სავარაუდოდ, საქართველოს, გნებავთ, პანკისის პრობლემის შეფასებაში უფრო კონსტრუქციული იქნება, ვიდრე ის 13 სექტემბერს იყო. ასეთია აშკარა ტენდენცია. პოლიტიკური რადიკალიზმის შერბილება, 12 სექტემბერთან შედარებით, 13 სექტემბერსაც იგრძნობოდა და იგი უეჭველად გამოიკვეთება მას შემდეგ, რაც რუსი ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები იძულებულები გახდებიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და პრეზიდენტ ბუშის მიერ პუტინის გაფთხილების ფონზე გააკეთონ სათანადო დასკვნები. თუმცაღა ერთდღიანი დიპლომატიური ვაკუუმი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათ ჭირვეული მეზობლის მოთვინიერების პუტინისეული გეგმის ავკარგიანობაზე უკვე კონფლიქტის სადავეების სრულად ფლობის პრეტენზიით ემსჯელათ. გაზეთ “იზვესტიას” ერთ-ერთი მიმოხილვის მიხედვით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში სერიოზული მოვლენების მომწიფების ხანა დადგა და ეს მოვლენები “ერაყის კრიზისის” მოგვარებამდე უნდა განვითარდეს, რადგან საერთაშორისო ვითარება სწორედ ახლა იძლევა ამის საშუალებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ანალიტიკოსები ცალსახად მიესალმებიან პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას, რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მაინც არ ეწევიან ომის პროპაგანდას. ეს განწყობა კარგად ჩანს რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, არმიის გენერალ მახმუდ გარეევის იმ განცხადებაში, რომელსაც “ვრემიას” ელექტრონული გამოშვება ავრცელებს, ანუ რატომ იქნებოდა რუსეთისათვის არახელსაყრელი საქართველოსთან ომი: “ამერიკაში არიან ძალები, რომლებიც რუსეთის საქართველოსთან ომში ჩაბმას ისურვებდნენ. ჩვენი შერიგების მიზნით, ისინი კონფლიქტის ზონაში ნატოს სამშვიდობო ძალების ეგიდით შემოვლენ. მთლიანობაში კი, მსოფლიოს კიდევ ერთ რეგიონში მივიღებთ მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. შიდაპოლიტიკური ბრძოლები გამწვავდება მეზობელ ქვეყნებში. ქართველები ჩეჩნებს უკვე აშკარად დაეხმარებიან და ამ პროცესს დასასრული აღარ ექნება.”
კავკასიაში ომის პროვოცირების შიშით, რუსეთ-საქართველოს ომის პერსპექტივას უფრთხის “ნეზავისიმაია გაზეტა”, რომლის კორესპონდენციის მიხედვით, სახიფათოა როგორც საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის სამკუთხედის გაძლიერება, ისე ალიევ-შევარდნაძის ტანდემიდან რომელიმე მათგანის ძალით ამოგდება. ამავე გაზეთის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების განადგურებით რუსეთი მცირედაც კი ვერ დაძლევს ჩეჩნეთის დაუმორჩილებლობის პრობლემას, რაც, სხვა სიტყვებით, საქართველოსთან მის კონფრონტაციას, პრაქტიკულად, უაზროს გახდის.

დაბოლოს, რუსული მედია ქართულ პრობლემაზე საუბარს, ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ღვარძლიანი ეპითეტებით შემკობის გარეშე ვერ ახერხებს, რაშიც მას ნამდვილად ჩამორჩებიან ქართველი კოლეგები, რომლებიც ნაკლებად ეძებენ პრეზიდენტ პუტინის პროტოტიპს ცხოველთა სამყაროში.
XS
SM
MD
LG