Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო, დასავლეთის პრესა და ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის განცხადების შესახებ


გამოქვეყნდა ეუთოს განცხადება. ეს ორგანიზაცია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, გამძაფრებული სიტუაცია სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

პრაღიდან ტელეფონით დავუკავშირდით ეუთოს პრესმდივანს რიჩარდ მერფის, რომელმაც არაფერი დაამატა თავისი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებას და მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა მორიგი თავმჯდომარის მოსაზრება:
[მერფის ხმა]:
“როგორც ვთქვი, ეუთო ცდილობს, თავის მხრივ ყველა ღონე იხმაროს ამ საკითხის მოსაგვარებლად. მიმდინარეობს მოლაპარაკება და თავმჯდომარის ოფისი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია. რამე კონკრეტულის თქმა დღეს არ შემიძლია. განცხადება ორივე მხარეს მიმართავს, არ დაუშვან შემდგომი ესკალაცია და ამისათვის ეუთოს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ”.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ეუთო მეთვალყურეობის გაფართოებას საზღვარზე, როგორც ეს განცხადებაში წერია, და არის თუ არა გაფათროების სურვილი უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებული, რიჩარდ მერფიმ შემდეგი განაცხადა:
[მერფის ხმა]:
“ეს წინადადებები უკვე რამდენიმე თვეა არსებობს. არ არის გადაწყვეტილი, მოხდება თუ არა გაფართოება მეთვალყურეობისა. არის წინადადებები. ისინი უკვე რამდენიმე თვეა არსებობს”.
ეს რაც შეეხება ეუთოს.
მსოფლიოს პრესაში უხვადაა ინფორმაცია რუსეთ- საქართველოს დაძაბული ურთიერთობის თაობაზე, პუტინის გამოსვლისა და პანკისის სიტუაციის შესახებ. სანამ დასავლეთის პრესის ერთ-ორ მოსაზრებას გაგაცნობდეთ, საქართველოს უშუალო მეზობლების - სომხეთისა და იმავე ჩეჩნეთის - ხელისუფალთა აზრს მოგასმენინებთ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა თქვა, რომ სომხეთი არ იტოვებს უფლებას იშუამდგომლოს რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ გამოხატა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ითამაშოს ამგვარი როლი, რადგან, მისივე თქმით, სომხეთისთვის საქართველოც და რუსეთიც მნივშნელოვანი ქვეყნებია, მეზობელი ქვეყნები.
ჩვენი რადიოს ჩრდილოეთ კავკასიის რედაქციის თანმშრომლების დახმარებით, საშუალება მოგვეცა პრაღიდანვე გავსაუბრებოდით ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ აჰმედ ზაკაევს, რომელსაც, გარდა იმისა, რომ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს პუტინის მუქარის გამო, მიაჩნია, რომ პუტინის განცხადება საქართველოს მისამართით არ ყოფილა გაკეთებული:
[ზაკაევის ხმა]:
“მგონია, ეს განცხადება უფრო შეერთებული შტატებისკენაა მიმართული, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტისა თუ ხალხისადმი. ვიცით, რომ რუსეთს ყოველთვის ჰქონდა ამბიცია კონკურენცია გაეწია შეერთებული შტატებისთვის. ერაყის საკითხშიც, ჰუსეინის ჩამოგდების პრობლემასთან დაკავშირებით, რუსეთს განზე ყოფნა არ შეუძლია. მაგრამ მან აირჩია საქართველოს საშუალებით ამერიკაზე ზეწოლის გზა, რადგან მხედველობაში აქვს ამერიკის მთავრობის არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის, ამერიკისათვის, ეს ქვეყანა ეკონომიკური ინტერესის ზონაა და რომ იგი არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ნეგატიურ მოქმედებას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს. რუსეთის ბოლო განცხადებამ დაადასტურა, რომ ის არავის უწევს ანგარიშს - არც იმ რესპუბლიკებს, არც იმ ქვეყნებს, საბჭოთა კავშირის დაშლამ რომ წარმოშვა. იმპერიული ამბიციები შენარჩუნებულია და რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელყოს ამ ქვეყნების სუვერენიტეტი. მგონია, რომ ამ განცხადებას რეალური მოქმედება არ მოჰყვება, რადგან საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ის პროვოკაცია, რომელსაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმართავენ, გააქტიურდება, მაგრამ რაიმე ღია ჩარევას, ღია აგრესიას ან გადატრიალების მცდელობას გამოვრიცხავ”.
ეს იყო ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე- პრეზიდენტი აჰმად ზაკაევი, რომელსაც სულ მალე კიდევ მოუსმენთ ჩვენს პროგრამაში.

ახლა მცირე მიმოხილვა დასავლეთის პრესისა, რომელიც პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. “ბერლინერ ცაიტუნგის” სტატიას ამ თემაზე ასეთი სათაური აქვს: “პუტინმაც მოძებნა თავისი სადამი”. გაზეთის აზრით, ეს ედუარდ შევარდნაძეა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოაცხადა, პანკისში იმალებიან შეერთებულ შტატებში განხორციელებულ თავდასხმათა მონაწილენიო. გაზეთი ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებს აგრეთვე იმის გამო, რომ ის ცდილობს გაეროს რეზოლუციები თავისი შემდგომი მოქმედების საფუძვლად გამოიყენოს, მაშინ, როდესაც ეს რეზოლუციები არ შეიცავს პასაჟს, რომელიც მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და ყურით მოთრეული საბაბით მოქმედების უფლებას იძლეოდეს. “ბერლინერ ცაიტუნგი” წერს, რომ დასავლეთმა ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა კავკასიაში ავანტიურისტული კურსი შეწყდეს. მსგავსი ტენდენციაა გამოხატული ავსტრიის “დი პრესეში”. სტატიას ჰქვია: “პუტინმა საქართველოს ყელზე დანა მიაბჯინა - ერაყის თაობაზე გარიგების ნიშანი”. გაზეთი აღწერს ვითარებას და ბოლო აბზაცში ერაყზე თავდასხმასთან დაკავშირებით შენიშნავს: ამისთვის ბუშს გაეროს მანდატი სჭირდება. მაშინ შეიძლებოდა შეერთებულ შტატებს საქართველო გაეწირა, როგორც ავღანეთის ოპერაციის გამო გაწირა ჩეჩნეთი; ვაშინგტონი ხელს არ შეუშლიდა რუსეთის საქართველოში შეჭრას, ხოლო რუსეთი, საპასუხოდ, ერაყთან მის ომს წინ აღარ აღუდგებოდა. სხვათა შორის, ამავე აზრს უზიარებს მკითხველს გერმანიის გაზეთი “ფრანკფურტერ ალგემანე”. აქვე გეტყვით, რომ შეერთებული შტატების სახელწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა ამგვარი გარიგების შესაძლებლობა უარყო. ბოლტონმა მოსკოვში განაცხადა, რომ ერაყი და საქართველო ორი სხვადასხვა თემაა.
“ფრანკფურტერ ალგემანე” არცთუ ისე მცირე სტატიას უძღვნის ამ თემას. სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინის მუქარამ საქართველო შოკში ჩააგდო და, როცა “ომის სუნი”დატრიალდა, ოპოზიციამ თანადგომა გამოუცხადა შევარდნაძეს. გერმანული გაზეთისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდხანს უარყოფდა პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნის ფაქტს, მაგრამ შემდგომ აღიარა ეს. დაიწყო რა სპეცოპერაცია პანკისში, განაგრძობს გაზეთი, იქ ტერორისტები ვეღარ იპოვეს და, ალბათ, ამიტომაც პუტინი ამ ოპერაციას “თეატრს” უწოდებს. მას საქართველოს ხელისუფლების გულწრფელობისა არ სჯერა.
დასავლეთის პრესაში სხვა არაერთი წერილია მოსკოვსა და საქართველოს შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობის თაობაზე. ამ პრობლემის გარშემო ჩემი კოლეგები უფრო ფართო ინფორმაციას მოგაწვდიან შაბათს და კვირას სპეციალურ გადაცემაში “უცხოეთის პრესა საქართველოზე”.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG