Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა, რომლითაც ჩვენს გადაცემას დავასრულებთ, დღეს უმთავრესად, გასაგები


უცხოეთის პრესის მიმოხილვა, რომლითაც ჩვენს გადაცემას დავასრულებთ, დღეს უმთავრესად, გასაგები მიზეზით, ვლადიმირ პუტინის 11 სექტემბრის განცხადებაზე საზღვარგარეთის

ჟურნალ-გაზეთების რეაქციას დაეთმობა. თუმცა, მოკლედ შევეხებით სხვა საკითხებსაც. კერძოდ, 11 სექტემბრის ტერაქტების პირველ წლისთავსა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გამოსვლას.

ამ დღეებში მსოფლიო პრესაში უხვად შეხვდებით რეპორტაჟებს, კომენტარებსა თუ ანალიტიკური ხასიათის წერილებს რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის თემაზე; კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლისა და პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების შესახებ. ამ კონტექსტში სულ უფრო ხშირად გაისმის შეკითხვა: მოხდა თუ არა გარიგება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის? მოილაპარაკა თუ არა ორმა მძლავრმა სახელმწიფომ, ერთმანეთის ქმედებაზე თვალი დახუჭოს: რუსეთმა ვაშინგტონის იერიშზე ერაყის წინააღმდეგ, ხოლო შეერთებულმა შტატებმა – მოსკოვის სამხედრო ოპერაციაზე საქართველოში? რუსეთის ყოველდღიური გაზეთი ”კომერსანტი” დარწმუნებულია, რომ საქმე მართლაც გარიგებასთან გვაქვს:

დიქტორი: ”რუსეთი შეერთებულ შტატებს გარიგებას სთავაზობს: ერაყი საქართველოს სანაცვლოდ. კრემლი ხელს არ უშლის თეთრ სახლს ერაყის წინააღმდეგ ამოქმედებაში, ხოლო თეთრი სახლი თვალს ხუჭავს კრემლის გეგმებზე საქართველოსთან მიმართებით. მით უმეტეს, რომ ამ გეგმების მართებულობა ისევე საბუთდება, როგორც ამერიკის წინადადებები ერაყის პრობლემის მოგვარების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოში იმალებიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტული თავდასხმებში არა მარტო მოსკოვში, არამედ შეერთებულ შტატებშიც. ამ ლოგიკას წინ ვერ აღუდგები. ჯორჯ ბუშს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტერორისტები ყველგან უნდა იდევნებოდნენ, სულ ერთია, სად იმყოფებიან ისინი.”

წამყვანი: გარიგების ვერსიას ეხება რუსეთში გამომავალი კიდევ ერთი გაზეთი, ეკონომიკური პროფილის ”ვედომოსტი”. გაზეთის პარასკევის ნომერში გამოქვეყნებული წერილის ავტორი ელენა ევსტიგნეევა თავს იკავებს დასკვნებისგან და კომენტარს კრემლის წარმომადგენლებს სთხოვს. სტატიაში ვკითხულობთ:

დიქტორი: ”რუსი მოხელეები გვთხოვენ, ნუ შევუდგებით ანალოგიების ძებნას რუსეთ-საქართველოსა და ამერიკა-ერაყის ურთიერთობებში. მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი ვოლგინმა ”ვედომოსტის” უთხრა: ”ერაყის საკითხში უნდა მოიძებნოს მტკიცებულება, რომელიც პანკისის შემთხვევაში უკვე არსებობს. და მერე რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, პანკისის ხეობის პრობლემა საქართველოსთან ერთად მოაგვაროს, შეერთებული შტატები კი ჯერჯერობით ნამდვილად არ ამჟღავნებს სწრაფვას, პრობლემები ერაყთან ერთად გადაჭრას.”

წამყვანი: ერაყსა და საქართველოს ერთ კონტექსტში მხოლოდ რუსეთის გაზეთები როდი მოიხსენიებენ. გერმანიის დედაქალაქში გამომავალ “ბერლინერ ცაიტუნგში” გამოქვეყნებულ კომენტარს არაორაზროვანი სათაური აქვს: “პუტინმაც მოძებნა თავისი სადამი”. წერილის ავტორის, ფრანკ ჰეროლდის აზრით, პუტინის სადამ ჰუსეინი ედუარდ შევარდნაძეა.

დიქტორი: “მოსკოვმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოაცხადა, შეერთებულ შტატებში განხორციელებულ თავდასხმათა მონაწილენი პანკისში იმალებიანო. ვლადიმირ პუტინი ცდილობს, გაეროს რეზოლუციები თავისი შემდგომი მოქმედების საფუძვლად გამოიყენოს. არადა, ეს რეზოლუციები არ შეიცავს პასაჟს, რომელიც მხოლოდ საკუთარი შეხედულების შესაბამისად ან ყურით მოთრეული საბაბით მოქმედების უფლებას იძლეოდეს. დასავლეთმა ზეწოლა უნდა მოახდინოს პუტინზე, რათა მან შეწყვიტოს კავკასიაში თავისი ავანტურისტული კურსის გატარება.”

წამყვანი: მსგავსი ტენდენციაა გამოხატული ავსტრიის გაზეთ “პრესეში”. სტატიის სათაურია: “პუტინმა საქართველოს ყელზე დანა მიაბჯინა –გარიგების ნიშანი ერაყის საკითხში”. გაზეთი პანკისის გარშემო შექმნილ ვითარებას აღწერს და ბოლო აბზაცში ერაყზე ვაშინგტონის თავდასხმასთან დაკავშირებით შენიშნავს:

დიქტორი: “საამისოდ ბუშს გაეროს მანდატი სჭირდება. მაშინ შეიძლება, შეერთებულმა შტატებმა საქართველო გაწიროს, როგორც ავღანეთის ოპერაციის გამო გაწირა ჩეჩნეთი; ვაშინგტონი ხელს არ შეუშლიდა საქართველოში რუსეთის შეჭრას, ხოლო რუსეთი, საპასუხოდ, წინ აღარ აღუდგებოდა ერაყთან ამერიკელთა ომს.”

წამყვანი: ამავე საკითხზე მსჯელობისას, “ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნის” კორესპონდენტი პიტერ ბეიკერი შეერთებული შტატების სახელწიფო მდივნის თანაშემწის ჯონ ბოლტონის სიტყვებს იშველიებს:

დიქტორი: “მე ვერ ვხედავ რაიმე კავშირს ამ ორ საკითხს შორის; გარიგება არ მომხდარა არც რუსეთთან და არც სხვა ვინმესთან. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია უაღრესად ძლიერია და მყარ საფუძველზე დგას”, განაცხადა მოსკოვში სტუმრობისას ჯონ ბოლტონმა. მაგრამ აშშ-ის ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის, მოისმინოს რუსეთის არგუმენტები იმაზე, თუ რატომ სჭირდება ასე ძლიერ საქართველოში ერთპიროვნულად მოქმედება. მანვე დასძინა, რომ ორმა მძლავრმა სახელმწიფომ, შესაძლოა, გამოძებნოს “საერთო ინტერესი” ტერორისტებზე იერიშის მიტანის საკითხში.”

წამყვანი: საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის თემაზე საინტერესო სტატიებს აქვეყნებენ ამერიკისა თუ ევროპის სხვა ავტორიტეტიანი გაზეთებიც: ”ბოსტონ გლოუბი”, ”ლოს ანჯელეს ტაიმსი”, ”ფრანკფურტერ ალგემაინე”, ”ტაიმსი” და სხვები. ცხადია, ერთ მიმოხილვაში ყველა მათგანზე ვერ შევჩერდებით. მომდევნო გადაცემებში ვეცდებით, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს ამ საკითხთან დაკავშირებული არც ერთი საყურადღებო კომენტარი თუ მოსაზრება. დღევანდელი მიმოხილვის დასასრულს კი სულ მოკლედ შევეხებით კიდევ ორ თემას: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოხსენებას ერაყის შესახებ და 11 სექტემბრის ტერაქტების პირველ წლისთავს. ჯორჯ ბუშის მოხსენებას ასე გამოეხმაურა ნიდერლანდის სოციალ-დემოკრატიული ორიენტაციის გაზეთი ”ფოლკსკრანტი”:

დიქტორი: ”ბუშმა რომ საქმეში გაერო ჩართო, სასიხარულო ცნობაა. სამწუხარო ცნობა კი ის გახლავთ, რომ ეს მისი გულწრფელი ნაბიჯი არ ყოფილა. უშიშროების საბჭოსადმი ბუშის მოწოდებას ულტიმატუმის ტონი ჰქონდა: შეეცადეთ საქმის თქვენებურად მოგვარებას, მაგრამ თუ არაფერი გამოგივიდათ, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები მარტო იმოქმედებს.(...) საჭიროა, შეერთებულ შტატებს უშიშროების საბჭოში მოსთხოვონ იმის განმარტება, რატომ მიიჩნევს იგი სადამ ჰუსეინიდან მომდინარე საფრთხეს იმდენად მწვავედ, რომ ომიც კი გამართლებულად ჩაითვალოს. ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა: ხუთშაბათს ეს ვერც ბუშისგან შევიტყეთ.”

წამყვანი: საფრანგეთის მემარცხენე ლიბერალური გაზეთი ”ლიბერასიონი” გამოთქვამს ვარაუდს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერაყის საკითხში მხარდაჭერის მოსაპოვებლად დათმობებზე წავიდა გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრთან:

დიქტორი: ”აშკარაა, რომ ჯორჯ ბუშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სამ მუდმივ წევრს საპასუხო დათმობები შესთავაზა, თუ ისინი ვეტოს უფლებით არ ისარგებლებენ. ეს არის, ერთი მხრივ, გარანტიები ერაყის ნავთობთან დაკავშირებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ საკითხით არიან დაინტერესებული (მოსკოვი და პარიზი). მეორე მხრივ, მწვანე შუქი აენთო ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით სამხედრო ინტერვენციების განხორციელებას – ეს ეხება რუსეთს ჩეჩნეთსა და საქართველოში, აგრეთვე ჩინეთს მაჰმადიანი სეპარატისტების წინააღმდეგ. ამასთან, ერთი რამ ცხადია: ულტიმატუმი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ძალაში რჩება, ოღონდ მისმა ვადამ გადაიწია, რადგან ულტიმატუმი ახლა თვით გაერომ წამოაყენა”.

წამყვანი: ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების პირველ წლისთავზე სასაუბროდ დრო თითქმის აღარ გვრჩება. ამიტომ მხოლოდ ერთი ციტატით დავკმაყოფილდებით. აი, რას წერს ამ თემაზე ჩეხეთის მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის გაზეთი ”პრავო”:

დიქტორი: ”2001 წლის 11 სექტემბერმა მსოფლიო, სამწუხაროდ, ვერ შეცვალა. ერთი წლის წინანდელი ტერაქტები მხოლოდ იმით განსხვავდებოდა ამ სახის სხვა აქციებისგან, რომ ყველაზე სისხლიანი გამოდგა. მსოფლიო და, უწინარესად, შეერთებული შტატები, იმან შეძრა, რაოდენ იოლად განხორციელდა ეს აქტები და იმანაც, რომ მათი გამეორება, როგორც ჩანს, ყველგან შესაძლებელია. სულ ცოტა ხნის წინათ იოჰანესბურგში, გაეროს ”დედამიწის სამიტზე”, მკაფიო კრიტიკა გაისმა: ვიდრე არაფერს ვიღონებთ იმისთვის, რათა მესამე სამყაროს ქვეყნებმა თავი დააღწიონ სიღატაკეს, ასეთი ტერაქტებისთვის მუდამ იარსებებს ნოყიერი ნიადაგი.”

წამყვანი: უცხოეთის პრესის მიმოხილვას კითხულობდნენ დავით კაკაბაძე და ბიძინა რამიშვილი. რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქცია და დღევანდელი გადაცემის წამყვანი, დავით კაკაბაძე, ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
XS
SM
MD
LG