Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ ჩეჩენმა ბოევიკებმა კოდორის ხეობაში გადაინაცვლეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს რუსეთის ინტერნეტულმა გამოცემებმა, სოხუმის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, გაავრცელეს ცნობები კოდორის ხეობაში ჩეჩენი ტერორისტების მცირერიცხოვანი ჯგუფების გამოჩენის შესახებ.

სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა არ გამორიცხავს 2001 წლის ოქტომბრის მოვლენების გამეორებას, როცა ჩეჩენი მებრძოლები აფხაზეთის ტერიტორიის გავლით შეეცადნენ რუსეთში გადასვლას.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინის “სექტემბრის თეზისებმა” საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ ისევ ნაცნობი და მეტად მტკივნეული კოზირი, აფხაზეთის ფაქტორი, ამუშავდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მინიშნებები უკვე გაკეთდა მაშინ, როცა რუსეთის დუმამ საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვაზე წამოიწყო საუბარი. რუსეთმა კი, დღეს აფხაზეთში მაცხოვრებელთა სახით, საკუთარი მოქალაქეების “მძლავრი” შევსება მიიღო, როცა ამ აჯანყებული რეგიონის მოსახლეობას, ყოფილ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებთან ერთად, უშურველად მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა.
მეორე მხრივ, სოხუმის ხელისუფლება არც აქამდე ყოფილა დაჩაგრული მოსკოველი პოლიტიკოსების უყურადღებობით. სხვა საკითხია, რომ ახლა რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება აფხაზეთში როგორც თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერებას, ისე ლეგიტიმურობის უვადოდ გაგრძელებას. მართალია, მუქარის მიუხედავად, ოფიციალურ თბილისს ჯერაც არ მოუთხოვია რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან, მაგრამ უკვე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი 19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას დააყენებს რუსეთის მხარის პასუხსიმგებლობის საკითს, რუსეთისა, რომელმაც ბოლო დროს გაააქტიურა კონტაქტები სოხუმის ხელისუფლებასთან. შესაბამისად, დღეს რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება აფხაზეთში თავისი სამხედრო პლაცდარმის შენარჩუნება-გაძლიერებას.
ამ მოსაზრებას ადასტურებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მორიგი კონცეფცია საქართველოში ჩეჩენ ბოევიკებთან ბრძოლის შესახებ. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, პანკისში ბოევიკების განადგურების გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნება აშშ-ის რეაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინიტრო პანკისის ოპერაციაში საერთაშორისო ძალების ჩართვის შესაძლებლობაზე ფიქრობს. დასახელებულია კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები – შეგახსენებთ, ეს ხელშეკრულება დსთ-ს წევრი სახელმწიფოების რიგ ქვეყნებს აერთიანებს. ამავე გეგმით, კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი სწრაფი მოქმედების ძალები, შესაძლოა, გუდაუთის ყოფილ სამხედრო ბაზაზე განლაგდნენ.
რუსეთის გენშტაბის განცხადებით, ეს გეგმა საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებული იქნება დსთ-ს მომავალ სამიტზე. ასე რომ, ყველაფერთან ერთად, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას გეოგრაფიული რუკების მოშველიებაც დასჭირდება იმის ასახსნელად, რატომ ჰგავს 1001 ღამის რიგით ზღაპარს რუსი სამხედროების გეგმა, პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად სამხედროების გუდაუთაში შეყვანას რომ გულისხმობს.
XS
SM
MD
LG