Accessibility links

logo-print

კურტანიძის ოქროს შემოდგომა, რუსული ბომბების თანხლებით


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი გიორგი კანდელაკის, გიორგი ასანიძისა და მუხრან ვახტანგაძის

შემდეგ, ელდარ კურტანიძე მეოთხე ქართველი სპორტსმენია, ვინც, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მოგითხრობთ ქართველთა საფალავნო ამბებსა და საქართველო-რუსეთის მომავალ საფეხბურთო მატჩზე.

ობლის კვერი, მოგეხსენებათ, გვიან ცხვება. ელდარ კურტანიძის საქმეც ამგვარად იყო: აფხაზეთიდან ლტოლვილსა და ომში მშობელდაკარგულს, სპორტში უამრავი ტიტულისა და ჯილდოს მფლობელს, მაგრამ მაინც უიღბლო სპორტსმენად მონათლულს, ყველაზე დიდი სპორტული სიმაღლე კარიერის მიწურულს დაემორჩილა. რამდენიმე დღის წინ ელდარ კურტანიძე ქვემძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ფინალამდე ისე მივიდა, მეტოქეთათვის ქულაც არ დაუთმია, ფინალში კი მასპინძელთა კერპსა და იმედს, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს ალირეზა ჰეიდარის მოუგო. და ეს ყველაფერი მოხდა ირანში, ფალავნებით განთქმულ ქვეყანაში, 20 ათასი ეგზალტირებული მაყურებლის თანდასწრებით. კურტანიძის ამ გამარჯვებას, მართლაც, სხვა წონა აქვს და სხვა ფასი ადევს: შეჯიბრება - ყველაზე მნიშვნელოვანი, წონითი კატეგორია - ყველაზე პრესტიჟული, მეტოქე - ყველაზე ღირსეული, გულშემატკივარი - ყველაზე აგრესიული. თუ დაინტერესდებით და ამ თემაზე ვეტერან მოჭიდავეებს დაეკითხებით, დაახლოებით ამგვარ პასუხს მიიღებთ: ირანში ირანელის დამმარცხებელს, გარდა ჩემპიონის მედლისა, საბრძოლო მამაცობისათვის ორდენიც ეკუთვნის. ადგილობრივი, ანუ ქართული მნიშვნელობის, ორდენები კურტანიძეს ისედაც არ აკლდა და ამ დღეებში, ალბათ, შეპირებულ პრემიას - 10 ათას დოლარსაც მიიღებს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სწორედ ამდენი “ღირს” მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი, რომელსაც კურტანიძე სრულიად საქართველოს და აფხაზეთის ომში დაღუპულ მეგობართა ხსოვნას უძღვნის. 30 წლის ფალავანმა პირველი სპორტული ნაბიჯები აფხაზეთში გადადგა, მთავარ გამარჯვებას კი მოგვიანებით, ლტოლვილობაში მიაღწია: ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ორ-ორჯერ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, მოგებული აქვს მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი. ელდარ კურტანიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ბავშვობიდან მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობდა და, ამდენი დაბრკოლებისა თუ უიღბლობის მიუხედავად, იმედი არასოდეს დაუკარგავს.
(ელდარ კურტანიძის ხმა) “ფინალში რომ გავედი, უკვე გასახურებელ დარბაზში. როდესაც ვემზადებოდი შეხვედრისათვის, ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა მოვიგო აქ, სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება დასანანი მექნებოდა, ამ ტიტულს თუ ვერ მოვიპოვებდი. მთელი ჩემი ახალგაზრდობა, ბავშვობა შევწირე ამ მიზანს, რასაც ჰქვია სპორტში დიდი შედეგების მიღწევა”.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თავისუფალი ჭიდაობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველში, ელდარ კურტანიძის ოქროს მედალი - მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული რიგით 21-ე უმაღლესი ჯილდო. პირველი იყო ჭიდაობის “პროფესორად” აღიარებული ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც 1954 წელს ტოკიოში გაიმარჯვა, სამი წლის შემდეგ კი სტამბოლში მეორე ჩემპიონატიც მოიგო. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ლერი ხაბელოვი, ოთხგზის _ ლევან თედიაშვილი, ორ-ორი ოქროს მედალი აქვთ გურამ საღარაძეს, შოთა ლომიძეს და დავით გობეჯიშვილს, თითო მედალი _ გიორგი სხირტლაძეს, ვლადიმერ რუბაშვილს და ზორბეგ ბერიაშვილს. 1991 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის წლებში, თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი, კურტანიძის გარდა, არავის მოუგია, თანაც ისე მოიგო, რომ თეირანის სპორტის სასახლეში დაუჯერებელი ამბავი მოხდა - ირანელის დამმარცხებელს ტაში დაუკრეს.

(ელდარ კურტანიძის ხმა) “როცა უკვე დამაჯერებლად მოვიგე შეხვედრა, აი ეს 20 ათასი მაყურებელი 180 გრადუსით შემობრუნდა. ბევრმა აპლოდისმენტებიც მომიძღვნა. ფერეიდნელი ქართველებიც იყვნენ დიდი პლაკატებით: “ჩვენ, ქართველები, თქვენს გვერდით ვართ”. ქართული დროშებით იყვნენ და იმათ მივეცი იმის საშუალება, რომ ქართული დროშა ამაყად აეწიათ.”
თეირანში საქართველოს ნაკრების კიდევ 6 მოჭიდავე გამოვიდა, მაგრამ პრიზიორებში ვერავინ მოხვდა. მეოთხე ადგილი დაიკავა მძიმეწონოსანმა დავით ოთიაშვილმა, მეექვსეზე გავიდა რევაზ მინდორაშვილი, მეცხრეზე - გურამ მჭედლიძე, ოთარ თუშიშვილი და დავით პოღოსიანი, მეთერთმეტეზე - ბესიკ გოჩაშვილი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე მიიჩნევს, რომ, მოსამზადებელი პირობების კვალობაზე, მაქსიმუმი გაკეთდა, ელდარ კურტანიძემ კი შეუძლებელი შეძლო, როცა ასეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუმკლავდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.
ჩემპიონი მოსკოვშიც გვეყოლება, – აცხადებს სახელოვანი ფალავანი დავით გობეჯიშვილი, რომელიც ორიოდე დღის წინ საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. 19-22 სექტემბერს მოსკოვში ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და ქართულ დელეგაციას სწორედ გობეჯიშვილი უხელმძღვანელებს.
(დავით გობეჯიშვილის ხმა) “ძალიან კარგ შედეგებს უნდა ველოდოთ. გუნდი არის ძალიან სერიოზული და, მე ვიტყოდი, რომ საქართველოში დღეს, როგორიც არის ბერძნულ-რომაული მოჭიდავეების გუნდი, არა მგონია, სხვა რომელიმე იყოს ასეთი. იმდენად, რამდენადაც ძალიან ბევრი ლიდერია თითქმის ყველა წონაში, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ წონას. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, ვიბრძოლოთ მედლისათვის და არა მარტო მედლისათვის, უმაღლესი სინჯის მედლისათვის - ოქროსთვის.”

ვიდრე ქართველი მოჭიდავეები სამოსკოვოდ გაემზადებიან, იქიდან თითს გვიქნევენ და გვემუქრებიან, თუ ჭკუით არ იქნებით და ანტირუსულ კამპანიას არ შეეშვებით, ბომბები და საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩის გადატანა არ აგცდებათო. 12 ოქტომბერს, როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ჩვენმა ნაკრებმა რუსეთისას უნდა უმასპინძლოს, მაგრამ, დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, ეს შეხვედრა, შესაძლოა, ჩაიშალოს. ამ თემაზე საუბარი რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ წამოიწყო, მოგვიანებით კი რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ტუკმანოვმა გააგრძელა: “ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით ქართველებს წერილი ვაახლეთ, მაგრამ ვერაფერი გავარკვიეთ, ჩვენ მათი პასუხი არ გვაკმაყოფილებს და ამიტომაც იძულებულნი ვართ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართოთ. ჩვენ არა ვართ დარწმუნებულნი, რომ თბილისში ჩასული რუსეთის ნაკრები უკან მშვიდობით დაბრუნდება.”
ჩვენ, ქართველებს, სამწუხაროდ, სხვა რამ გვაეჭვებს და გვაფიქრებს: ბაზელში სირცხვილნაჭამი და სახელგატეხილი ქართული გუნდი რუსებმა თბილისში ეროვნულ სტადიონზე არ “დაგვბომბონ” და მერე პანკისიც ზედ არ მიაყოლონ.
მატჩი კი, ალბათ, მაინც შედგება: დანიშნულ დროსა და დანიშნულ ადგილას.
XS
SM
MD
LG