Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი


რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი ღერძი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უუნარობა და კორუფციის წინააღმდეგ ხელისუფლების უძლურების მტკიცება იყო.

ამით მოსკოვს უნდოდა ეჩვენებინა, რომ საქართველო თავისი კორუმპირებული სახელმწიფო სტრუქტურითა და მწირი ფინანსური რესურსებით თავს ვერასდროს გაართმევს პანკისის პრობლემას. კორუფციას, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს და, პირიქით, ოფიციალური თბილისი კარგა ხანია ებრძვის, თუმცა არცთუ ეფექტურად.

რუსეთში გამომავალ გაზეთ „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა:„ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი და ეჭვი არ გვეპარება, რომ ქართველ ხალხსაც უყვარს რუსეთი.” ივანოვის თქმით, სხვაგვარად რომ იყოს, მილიონობით ქართველი რუსეთში რეგულარულად არ იცხოვრებდა, არ იმუშავებდა და აქედან საქართველოში დარჩენილ მოსახლეობას რუსეთის ხარჯზე არ შეინახავდაო.

ივანოვის ეს სიტყვებიც კი ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის იმ სისუსტეს, რომლის დაძლევის გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოველთვის რუსი მოხელეების ამდაგვარი შეფასებების საბაბი იქნება. ლაპარაკია ეკონომიკურ სიძლიერეზე, რაც მიუღწეველი ხდება საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებული კორუფციის გამო.

კორუფციასთან ბრძოლისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების მცდელობათა არაეფექტურობის მთავარ მიზეზს კი ის წარმოადგენს, რომ ბოლო დრომდე ხელისუფლებას არ ჰქონდა ნათელი სურათი იმისა, თუ ეკონომიკის რომელ სფეროში ჭარბობდა ფარული ოპერაციები და იგი მთლიანი შიდა პროდუქტის რა ხვედრით წილს შეადგენდა. ამიერიდან ამ ვაკუუმს საქართველოს სტატისტისკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეავსებს. დეპარტამენტის თავმჯდომარის თემურ ბერიძის განცხადებით:

[ბერიძის ხმა] „არსებობს ორი მეთოდი მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებისა: წარმოებითი მეთოდი და მოხმარების მიხედვით მეთოდი. სხვაობა ამ მეთოდებს შორის, წარმოების მიხედვით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი და მოხმარების მიხედვით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი გვაძლევს ჩვენ ზუსტად იმ წილს ჩრდილოვანი ეკონომიკისა, რომელიც არსებობს მაკროეკონომიკურ დონეზე.” [სტილი დაცულია]

ამ მეთოდით გამოანგარიშებამ მთლიან შიდა ეროვნულ პროდუქტში ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი გამოააშკარავა და აღმოჩნდა, რომ ის შიდა პროდუქტის 35%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში - ამერიკის შეერთებულ შტატებსა ან დიდ ბრიტანეთში - ეს მონაცემი 7%-ს არ სცილდება. რუსეთში კი - 25%-ს.

ჩრდილოვანი ეკონომიკის 10%-იანი სხვაობა მოსკოვს თბილისზე იმ უპირატესობას ანიჭებს, რითაც არაეკონომისტი თავდაცვის მინისტრიც კი ამაყობს. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა, კვლევის შედეგად, კონკრეტულად განსაზღვრა ეკონომიკის ის სფეროები, რომელთა ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩრდილიდან მზეზე გამოყვანა რუსეთსა და საქართველოს შორის 10%-იანი სხვაობის დაძლევის ტოლფასი მაინც იქნება, მეტის თუ არა.

მიკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზმა და შერჩევითმა სტატისტიკურმა გამოკვლევამ მეტად შთამბეჭდავი შედეგები გამოიღო. მაგალითად, ყველაზე მზარდი ბიზნესის, კვების მრეწველობის, უფრო კონკრეტულად კი, რესტორნების მიერ დეკლარირებული მაჩვენებლები 3,7-ჯერ არის ხელოვნურად შემცირებული; რეალიზებული ბენზინის მოცულობა - 3,1-ჯერ; მშენებლობის მოცულობა - 2-ჯერ; პურის ცხობა კი - 3-ჯერ; სამედიცინო მომსახურება - 4-ჯერ და ასე შემდეგ. ამ ციფრების შემცირება საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების საქმეა, ანტიკორუფციულ ბიუროსთან ერთად. თემურ ბერიძის თქმით:

[ბერიძის ხმა] „ჩვენი მხრიდან, შეგვიძლია მხოლოდ მივაწოდოთ მათ ის ადგილები სექტორების მიხედვით, ქვესექტორები ეკონომიკისა, მივანიშნოთ, სადაც ჩრდილოვან ეკონომიკას აქვს საკმაოდ მყარად ფესვები გადგმული, ხოლო მათი ფუნქციაა კანონმდებლობის ფარგლებში ეს პრობლემა დაძლიონ. ხშირ შემთხვევაში თვითონ საქართველოს კანონმდებლობა უწყობს ხელს ამ ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობას და საკანონმდებლო ბაზა, ამ თვალსაზრისით, უნდა დაიხვეწოს.“

ის, თუ რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციის შესაბამის ადეკვატურ ქმედებას, მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებას, შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სათანადო დაფინანსებას და ქვეყნის წინაშე მდგარი სამხედრო პრობლემების მოგვარებასაც კი.
XS
SM
MD
LG